მსაჯულებმა სწორად შეაფასეს ფაქტები და დაადგინეს, რომ როდესაც ადამიანი იარაღად ირჩევს დანას, სამიზნედ გულს, ის სწორედ განზრახ და გაცნობიერებულად ირჩევს სასიკვდილო შედეგს, - ასე გამოეხმაურა პროკურორი ნათია გურული ნაფიც მსაჯულთა მიერ „ტიკტოკერის“, თეკლა გერსამიას ქმრის მკვლელობაში დამნაშავედ ცნობას.
როგორც ,,ინტერპრესნიუსთან" გურული აცხადებს, ნაფიცმა მსაჯულებმა სამართლიანი პასუხი გასცეს ქმრის მკვლელობისთვის დაკავებულ ქალს.
,,ნაფიცმა მსაჯულებმა სრულად გაიზიარეს ბრალდების მხარის მტკიცებულებები და თეკლა გერსამია დამნაშავედ ცნეს მეუღლის განზრახ მკვლელობისთვის, ნაფიცმა მსაჯულებმა დეტალურად შეისწავლეს სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებები, პირნათლად და ჯეროვნად შეასრულეს მათი მოქალაქეობრივი ვალდებულება საზოგადოების წინაშე და სამართლიანი პასუხი გასცეს ქმრის მკვლელობაში ბრალდებულ ქალს, რომელიც ცდილობდა დაედასტურებინა, რომ ლუკა დარასელიამ თითქოს თვითმკვლელობა ჩაიდინა. მსაჯულებმა სწორად შეაფასეს ფაქტები და დაადგინეს, რომ როდესაც ადამიანი იარაღად ირჩევს დანას, სამიზნედ გულს, ის სწორედ განზრახ და გაცნობიერებულად ირჩევს სასიკვდილო შედეგს",- განაცხადა გურულმა.
ცნობისთვის, ქმრის - ლუკა დარასელიას მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ „ტიკტოკერს“, 25 წლის თეკლა გერსამიას ნაფიცმა მსაჯულებმა ერთხმად გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოუტანეს.
მოსამართლე ნინო ნაჭყებიამ კი, მას შემდეგ, რაც ნაფიცმა მსაჯულებმა გერსამია ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს, მას 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
12-მა ნაფიცმა მსაჯულმა გამამტყუნებელი ვერდიქტი ერთხმად, პირველ 4 საათში მიიღო.