დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანში ჩამოგდებული ამერიკული თვითმფრინავის ეკიპაჟის დაკარგული წევრი უსაფრთხოდ და უვნებლადაა

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანის მიერ ჩამოგდებული F-15E ტიპის ამერიკული თვითმფრინავის ეკიპაჟის გადარჩენილი წევრი უსაფრთხოდ და უვნებლად არის.

„ჩვენ ის ვნახეთ! ჩემო თანამემამულე ამერიკელებო, ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში, შეერთებული შტატების სამხედროებმა აშშ-ის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გაბედული სამძებრო-სამაშველო ოპერაცია განახორციელეს“, - დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე.

მისი ინფორმაციით, ეკიპაჟის დაკარგული წევრი, „ძალიან პატივცემული პოლკოვნიკია“, რომელიც ირანის მთებში იმყოფებოდა და „მტერი მას ყოველ საათში უფრო და უფრო უახლოვდებოდა“.

„თუმცა ის არასოდეს ყოფილა სრულად მარტო, რადგან მისი უმაღლესი მთავარსარდალი, ომის მინისტრი, გაერთიანებული შტაბების მეთაურთა ხელმძღვანელი და თანამებრძოლები მისი მდებარეობის მონიტორინგს 24 საათის განმავლობაში ახორციელებდნენ და გულმოდგინედ გეგმავდნენ მის გადარჩენას“, - დაწერა ტრამპმა.

მისი თქმით, ეს პირველი შემთხვევაა სამხედრო ისტორიაში, როდესაც ორი ამერიკელი პილოტი, ცალ-ცალკე, მტრის ტერიტორიის სიღრმეში გადაარჩინეს.

„ჩემი მითითებით, აშშ-ის სამხედრო ძალებმა მის გამოსაყვანად გაგზავნეს ათობით თვითმფრინავი, რომლებიც აღჭურვილი იყო მსოფლიოში ყველაზე ძლიერი და ლეტალური იარაღით. მან მიიღო დაზიანებები, თუმცა კარგად იქნება. ეს სასწაულებრივი სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ემატება გუშინ წარმატებით განხორციელებულ კიდევ ერთი მამაცი პილოტის გადარჩენას, რომლის შესახებაც ინფორმაცია არ დაგვიდასტურებია, რათა საფრთხე არ შეგვექმნა მეორე სამაშველო ოპერაციისთვის. სამხედრო ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ორი ამერიკელი პილოტი, ცალ-ცალკე, მტრის ტერიტორიის სიღრმეში გადაარჩინეს“, - დაწერა ტრამპმა.

მისი მტკიცებით, ორივე ოპერაცია ისე ჩატარდა, რომ არცერთი ამერიკელი სამხედრო არ დაშავებულა.

"ჩვენ არასდროს დავტოვებთ არცერთ ამერიკელ მებრძოლს! ის ფაქტი, რომ შევძელით ორივე ოპერაციის განხორციელება ერთი ამერიკელის დაღუპვის ან თუნდაც დაჭრის გარეშე, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მივაღწიეთ ირანის ცაზე საჰაერო უპირატესობას. ეს არის მომენტი, რომლითაც ყველა ამერიკელმა, „რესპუბლიკელმა“, „დემოკრატმა“ და ყველა დანარჩენმა, უნდა იამაყოს და მის გარშემო უნდა გაერთიანდეს. ჩვენ ნამდვილად გვყავს საუკეთესო, ყველაზე პროფესიონალი არმია მსოფლიო ისტორიაში. ღმერთმა დალოცოს ამერიკა, ღმერთმა დალოცოს ჩვენი ჯარები და ყველას გილოცავთ აღდგომას!“- დაწერა ტრამპმა.

ცნობისთვის, ამერიკული F-15E ტიპის სამხედრო თვითმფრინავი ირანში 3 აპრილს ჩამოაგდეს. თვითმფრინავის ეკიპაჟის ერთი წევრი აშშ-ის სამხედრო ძალებმა გადაარჩინეს, მეორე კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლებოდა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა