აფგან მუხთარლი - ივანიშვილის მთავრობამ და "ღამური ბუნების მქონე მოსამართლეებმა" უდანაშაულო ჟურნალისტის მკვლელობას ფაქტობრივად ხელი მოაწერეს - ბაქოში აფგან სადიგოვს სიკვდილი ელოდება

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი აცხადებს, რომ მის კოლეგას აფგან სადიგოვს, რომელიც საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოდან გააძევეს, ბაქოში „სიკვდილი ელოდება“.

ჟურნალისტის შეფასებით, წინასწარ იყო "შემუშავებული ეშმაკური" გეგმა და „ივანიშვილის მთავრობამ“ და თბილისის სასამართლოს „ღამური ბუნების მქონე მოსამართლეებმა“ უდანაშაულო ჟურნალისტის მკვლელობას ფაქტობრივად ხელი მოაწერეს.

„გურჯი კოლეგებს, საქართველოს დემოკრატიულ ძალებსა და იმ მებრძოლ ადამიანებს, რომლებიც ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში აფგან სადიგოვთან ერთად თავისუფლების მოედანზე მხარდამხარ იბრძოდნენ ივანიშვილის დიქტატურის წინააღმდეგ, ვთხოვ აფგან სადიგოვის დაცვას.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ღამის საათებში, საათის ისრის 02:00 საათზე, ღამურების მსგავსად სხდომა ჩაატარა და გადაწყვიტა აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში დეპორტაცია. საქართველოს ისტორიაში რამდენჯერ ჩატარდა სასამართლო პროცესი კვირა დღეს, ღამის 2 საათზე? აფგან სადიგოვის აზერბაიჯანისათვის გადაცემაში საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა პირდაპირი როლი შეასრულა. უსაფრთხოების სამსახურის მოთხოვნით აფგანი აზერბაიჯანს გადაეცემა. შეგახსენებთ, რომ მეც საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა გამიტაცა.

წინასწარ იყო შემუშავებული ეშმაკური გეგმა. აფგან სადიგოვის პასპორტი დეაქტივირებულია, რათა მან მესამე ქვეყანაში გადასვლა ვერ შეძლოს. ბაქოში მას სიკვდილი ელოდება. ივანიშვილის მთავრობამ და თბილისის სასამართლოს ღამური ბუნების მქონე მოსამართლეებმა უდანაშაულო ჟურნალისტის მკვლელობას ფაქტობრივად ხელი მოაწერეს“, - წერს აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი სოციალურ ქსელში.

ინფორმაციისთვის, აფგან მუხთარლი არის ჟურნალისტი, რომელიც თბილისში 2017 წლის 29 მაისს გაუჩინარდა. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ის აზერბაიჯანში იმყოფება. მას ბრალი სამი მუხლით - აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის, კონტრაბანდის და ხელისუფლების წარმომადგენლისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლებით ჰქონდა წაყენებული. 2018 წლის 12 იანვარს აზერბაიჯანულმა სასამართლომ აფგან მუხთარლის 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა აზერბაიჯანის ციხიდან ერთი წლის წინ გაათავისუფლეს. დარჩენილი წლები მას პირობითად ჩაეთვალა.

საქმეზე - „აფგან მუხთარლი საქართველოს და აზერბაიჯანის წინააღმდეგ” ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველოს მთავრობამ აფგან მუხთარლის უნდა გადაუხადოს ჯამში 12 500 ევრო, აზერბაიჯანის მთავრობამ - 8.500 ევრო.

შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი ადმინისტრაციული წესით დააკავა. შსს-ს ცნობით, ის სოციალურ ქსელში პოლიციელის მიმართ შეურაცხყოფისთვის იქნა დაკავებული. სახდელის სახით მას შეეფარდა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით, საქართველოდან გაძევება და ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა 3 წლის ვადით. ადვოკატის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში გაძევების გადაწყვეტილება ღამის 4:00 საათზე მიიღო.

თავის მხრივ, საგამოძიებო უწყება განმარტავს, რომ ქართული მხარისთვის, რამდენიმე დღის წინ, ოფიციალური წყაროებით ცნობილი გახდა, რომ აზერბაიჯანის პროკურატურამ საქმეზე, რომელზეც სტრასბურგის სასამართლოს გაცემული ჰქონდა დროებითი ღონისძიება, სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყვიტა, შესაბამისად, საქართველოშიც შეწყვეტილია ყოველგვარი საექსტრადიციო პროცედურები, თუმცა შსს-ს დასძენს, რომ სადიგოვის მიერ ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, სახდელის სახით, ჯარიმასთან ერთად, ითვალისწინებს საქართველოდან გაძევებას და ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვას, შესაბამისად, აფგან სადიგოვი გაძევებულ იქნა თავის წარმოშობის ქვეყანაში და მას დაუწესდა საქართველოში შემოსვლის სამწლიანი აკრძალვა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა