დღევანდელი პროცესი არა მხოლოდ სამართლებრივად, არამედ ემოციურადაც ძალიან რთული იყო, რადგან განიხილებოდა ახალგაზრდა მასწავლებლის სიცოცხლის მოსპობასთან დაკავშირებული საქმე და წარმოდგენილი იყვნენ არასრულწლოვანი ბრალდებულები, რომლებმაც დღეს სასამართლოს საბოლოო სიტყვით მიმართეს, - ამის შესახებ მასწავლებლის, გიგა ავალიანის საქმის პროკურორმა, ქეთევან სონიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.
მისი განმარტებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ დაასრულა საქმის არსებითი განხილვა ბრალდებულების ალექსანდრე გაბაშვილის, გიორგი რიკაძისა და დემეტრე ჩიქოვანის მიმართ და 8 აპრილს გახდება ცნობილი, რა სასჯელს დააკისრებს მათ მოსამართლე.
„თბილისის საქალაქო სასამართლომ დაასრულა საქმის არსებითი განხილვა ბრალდებულების: ალექსანდრე გაბაშვილის, გიორგი რიკაძისა და დემეტრე ჩიქოვანის მიმართ, რომელთაგან ორ ბრალდებულს ალექსანდრე გაბაშვილსა და გიორგი რიკაძეს ბრალად ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მეოთხე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რაც გამოიხატა გიგა ავალიანის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში ჯგუფურად.
სამივე ბრალდებულს, ასევე ბრალად ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის 1-ელი და მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რაც გულისხმობს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობას. ამ კუთხით მათ ბრალდება ედავებოდა დიდ დიღომში ჩადენილ მრავალეპიზოდიან ძალადობას.
რაც შეეხება დემეტრე ჩიქოვანს, მისი საკითხი გიგა ავალიანის ჯანმრთელობის დაზიანების მომზადებასთან დაკავშირებით ცალკე იხილება თბილისის საქალაქო სასამართლოში და ამ ნაწილში დღევანდელ სხდომაზე საბოლოო გადაწყვეტილება არ მიღებულა.
დღევანდელი პროცესი არა მხოლოდ სამართლებრივად, არამედ ემოციურადაც ძალიან რთული იყო, რადგან განიხილებოდა ახალგაზრდა მასწავლებლის სიცოცხლის მოსპობასთან დაკავშირებული საქმე და წარმოდგენილი იყვნენ არასრულწლოვანი ბრალდებულები, რომლებმაც დღეს სასამართლოს საბოლოო სიტყვით მიმართეს. უნდა გავითვალისწინოთ, რომ დანიშნული სასჯელი უპირველეს ყოვლისა, ასრულებს სამართლიანობის აღდგენის ფუნქციას, რაც ნიშნავს იმას, რომ დაზარალებული მხარისთვის ეს არის მიყენებული მორალური ზიანის საპირწონე. მეორე მხრივ, ასრულებს დამნაშავის რესოციალიზაციის ფუნქციას, რაც ნიშნავს მის სწორ ადამიანად დაბრუნებას საზოგადოებაში. დღეს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე სასამართლოს სასჯელი არ გამოუცხადებია, ვინაიდან სასჯელის დანიშვნის სხდომა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით ცალკეა გათვალისწინებული და ჩანიშნულია 8 აპრილს. ვიმედოვნოთ, რომ დანიშნული სასჯელი იქნება მათ მიერ ჩადენილი ქმედების ადეკვატური და უზრუნველყოფს სასჯელის ყველა მიზანს, რომელიც სისხლის სიმართლის კოდექსით არის გათვალისწინებული“,- განაცხადა სონიძემ.
დღეს მოსამართლე, რომეო ტყეშელაშვილმა მასწავლებლის გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული სამი არასრულწლოვანი ალექსანდრე გაბაშვილი, გიორგი რიკაძე და დემეტრე ჩიქოვანი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. რაც შეეხება სასჯელს, აღნიშნულის განსაზღვრის სხდომა 8 აპრილს გაიმართება. სწორედ ამ დღეს გახდება ცნობილი, რამდენი წლის გატარება მოუწევთ არასრულწლოვანებს პენიტენციურ დაწესებულებაში.
ცნობისთვის, ალექსანდრე გაბაშვილს, გიორგი რიკაძესა და დემეტრე ჩიქოვანს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მეოთხე ნაწილით ჰქონდათ წარდგენილი, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს ჯგუფურად, რასაც გარდაცვალება მოჰყვა. მათ ასევე ბრალდება წარდგენილი ჰქონდათ სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის 1-ელი და მეორე ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და მასში მონაწილეობას გულისხმობს.