სანდრო თვალჭრელიძე - “პატრიარქის არჩევნები ეკლესიის შიდა საქმეა და ჩარევა არავინ არ უნდა სცადოს...”
რა მიზნით და როგორი შემადგენლობით ჩამოდის აშშ-ის დელეგაცია საქართველოში
ვახტანგ ძაბირაძე - "რა საფრთხის წინაშე შეიძლება დადგეს საქართველო ირანში სახმელეთო ოპერაციების დაწყების შემთხვევაში”
შიდა დაპირისპირება, თუ კორუფციასთან ბრძოლა - ოპოზიცია “კალაძეზე გასვლას” ელოდება
გია ხუხაშვილი - “ფორმალური ერთიანობა შედეგს ვერ მოიტანს”
* * *
სანდრო თვალჭრელიძე - “პატრიარქის არჩევნები ეკლესიის შიდა საქმეა და ჩარევა არავინ არ უნდა სცადოს...”
“სწორად მიმაჩნია, რომ ირანის ელჩის განცხადებას ჩვენი მთავრობა არ გამოეხმაურა. ფაქტია, ტრამპმა ამერიკა სერიოზულ კრიზისში შეიყვანა. ამერიკა და ისრაელი რთულ ვითარებაში გაებნენ. მე ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ირანს ძალიან უნდა ჩაითრიოს ამერიკა სახმელეთო ომში, იმედია, ახლა მაინც ეყოფა ტრამპს ჭკუა და ამ პროვოკაციაზე არ წამოეგება. ცოტა აკლია და, ტრამპმა ამერიკა შეიძლება მეორე ვიეტნამში გახვიოს და დიდი ხნის შემდეგ შედეგიც იგივე დადგეს, რაც ვიეტნამში მიიღო ამერიკამ. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ამ სამხედრო ოპერაციით ამერიკამ მოახერხა, რომ ძალიან დანაწევრებული და რეჟიმის მიმართ საკმაოდ აგრესიულად განწყობილი ირანელი საზოგადოება გააერთიანა. აბსოლუტურად წინდაუხედავი ნაბიჯები გადადგა, ტრამპი აჰყვა ნეთანიაჰუს პროვოკაციას, რაც, ჩემი აზრით, გაუაზრებელი იყო. უკვე ვშიშობ, ეს კონფლიქტი შესაძლოა ძალიან ხანგრძლივიც გამოდგეს. ტრამპი კი აცხადებს, რომ მალე დაასრულებს ომს, მაგრამ ამის პირობებს ჯერ ვერ ვხედავ”, - აცხადებს ანალიტიკოსი სანდრო თვალჭრელიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში სათაურით “პატრიარქის არჩევნები ეკლესიის შიდა საქმეა და ჩარევა არავინ არ უნდა სცადოს...”
“ამ ეტაპზე მიზანს, რაც დასახული ჰქონდა ამერიკას ამ ომით, ვერ მიაღწია. გაიძახიან, თითქოს ირანს იარაღის მნიშვნელოვანი ნაწილი გაუნადგურეს, მაგრამ ფაქტია, ირანი მაინც ყოველდღიურად არაერთ რაკეტას ესვრის ისრაელს თუ სხვა ქვეყნებს, ახლახან კი ირანის თავზე ამერიკული თვითმფრინავები ჩამოყარეს. თან ტრამპის წამოწყებულ ომს არა აქვს მხარდაჭერა ამერიკაში - ძალიან გაძლიერდა უკმაყოფილება. ტრამპი უკვე რესპუბლიკელების მხარდაჭერასაც კარგავს. ყველგან, სადაც ბოლო ხანს არჩევნები ჩატარდა, დემოკრატებმა მოიგეს, ისეთ შტატებშიც კი, სადაც აქამდე გუბერნატორი არასდროს ყოფილა დემოკრატი. ის პოლიტიკა, რასაც ტრამპი ატარებს, ამერიკისთვის დამღუპველია. არ შეიძლება ასე ლერწამივით ირყეოდეს პოლიტიკოსი, მით უფრო ასეთი ძლიერი სახელმწიფოს პრეზიდენტი. ამერიკას სჭირდება გააზრებული და თანმიმდევრული პოლიტიკა. ამის გარდა, აბსოლუტურად უსაფუძვლოა ტრამპის პრეტენზიები ნატოსთან დაკავშირებით. ნატო ჩრდილოატლანტიკური ალიანსია, რომელიც ძირითადად შექმნილია ევროპის დასაცავად. ეს კარგად ესმოდათ შტატების უწინდელ ადმინისტრაციებს. არც კორეის და არც ვიეტნამის ომებში ნატო არ ჩარეულა”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სანდრო თვალჭრელიძე.
“ვერ ვიგებ, რატომ არის ასე უკმაყოფილო ტრამპი ნატოს ქვეყნებით, მან მათთან შეთანხმების გარეშე დაიწყო ეს ომი და ახლა სთხოვს პარტნიორებს დახმარებას. ეს არ არის ნატოს ოპერაცია, ეს არის ამერიკულ-ისრაელური პროვოკაცია და კეთილინებონ და, თვითონ გაართვან თავი. მე დიდად არ მჯერა ტრამპის მუქარის, რომ ამერიკა ნატოდან გავა. თქმა მარტივია, მაგრამ მუქარის შესრულება ასევე მარტივი არ იქნება - ღმერთს მადლობა, რომ ამერიკაში ძალიან ძლიერი ინსტიტუტებია, მას აქამდეც არაერთი ამგვარი ხუშტური დაუბლოკეს და ამასაც დაუბლოკავენ. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ტრამპი შექმნილი ვითარების გაანალიზებით კი არ მიდის გარკვეულ ლოგიკამდე, არამედ საკუთარ საკმაოდ მატივ ლოგიკაში ცდილობს არსებული რეალობის ჩატენას, რაც არ გამოსდის...” - განაგრძობს რესპონდენტი.
“არასწორად მიმაჩნია პატრიარქის არჩევნებსა და კანდიდატებზე ლაპარაკი, ვიდრე ილია II-ის გარდაცვალებიდან ორმოცი დღე არ გავა. ვფიქრობ, პატრიარქის არჩევნები ეკლესიის შიდა საქმეა და ჩარევა არავინ არ უნდა სცადოს. დიდი იმედი მაქვს, რომ ვინც ეცდება, მხოლოდ უკუეფექტს მიიღებს. რაც შეეხება რუსეთის დაზვერვის განცხადებას, ესეც კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ რუსეთი ყველაფერში ცდილობს ჩარევას და დარწმუნებული ვარ, ამ განცხადების გარდა, სხვა მცდელობებიც აქვს. ეს განცხადება იმდენად არაპროფესიონალური და არაადეკვატურია, რომ ბევრს გაუჭირდა კიდეც იმის დაჯერება, რომ რეალური იყო. განსაკუთრებით არასწორი და უსუსური იყო მსოფლიო პატრიარქთან დაკავშირებული ბრალდებები. სიმართლე გითხრათ, მე დიდად არ გამკვირვებია, რაც დრო გადის, რუსეთის საგარეო დაზვერვა სულ უფრო და უფრო სუსტდება. არ მინდა გვარების დასახელება, მაგრამ ჩემი შეფასებით, პატრიარქობის ერთ-ერთ სავარაუდო კანდიდატს საკმაოდ დიდი გავლენა ჰქონდა, მაგრამ სწორედ რუსეთის ჩარევამ შესაძლოა ძალიან დაასუსტოს მისი პოზიციები”, - მიიჩნევს ანალიტიკოსი.
“არა მგონია, ჩვენი ეკლესია ასეთ ანკესზე წამოეგოს და ყურადღება მიაქციოს ამ პროცესში ჩარევის ცდებს, ვისი მხრიდანაც არ უნდა იყოს, რუსეთი იქნება, ჩვენი მთავრობა თუ კიდევ ვინმე სხვა. ერთსაც ვიტყვი - ძალიან ბევრი ექსპერტის მოსაზრება წავიკითხე, გამოითქმის შიშები, ნეგატიური ვარაუდები... ჩემი აზრით, ზედაპირული შეფასებებია, ისინი ვერ აანალიზებენ, რა პროცესები მიმდინარეობს. მე თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ეკლესია გაუძლებს მასზე ზემოქმედების შესაძლო ცდებს და დამოუკიდებლად მიიღებს გადაწყვეტილებას”, - დაასკვნის სანდრო თვალჭრელიძე და შეკითხვაზე - “ოპოზიციურმა ალიანსმა 31 მარტიდან “ეროვნული მობილიზაციის კამპანიის” დაწყება გამოაცხადა, რომელიც ორ თვეს გასტანს და 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, თბილისში, თსუ-ს პირველ კორპუსთან მასშტაბური აქციითა და მსვლელობით დასრულდება..” - პასუხობს:
“მოკლედ რომ შევაფასო, ასე მგონია, ათჯერ ნანახ ფილმს ვუყურებ... მინდა ძალიან დავიჯერო ოპოზიციის წარმატების, მაგრამ რა ვქნა, “ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს...” რაც დაანონსებულია, იმის შედეგებზე, მოდი, 27 მაისს ვილაპარაკოთ... ახლა კი გეტყვით, რომ ყველაფერს ძალიან სკეპტიკურად ვუყურებ - რეიტინგდაკარგული ძალების გაერთიანებისა და მათ მიერ გავლენის მოპოვების, მომკალით და, არ მჯერა. უკაცრავად, მაგრამ ხისტად და ცინიკურად ვიტყვი, ნულს თუ ნულს მიუმატებთ, ისევ ნულს მიიღებთ. ამასთანავე, ჩემთვის სრულიად მიუღებელია საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის ქვეყნის დამოუკიდებლობის დღის გამოყენება... 26 მაისი დამოუკიდებლობის დღე და ეროვნული დღესასწაულია, ეს უნდა იყოს ქვეყნის გაერთიანების დღე და არა დაპირისპირების. აუხსენი მაგათ, რამდენიც გინდა, არ ესმით... 26 მაისს აქციის გამოცხადება ცინიზმია. ჩაეტარებინათ 27-ში, 28-ში ან როცა უნდოდათ მაშინ. ეს მე ტაქტიკურ და სტრატეგიულ შეცდომად მიმაჩნია. მერე უკვირთ, რატომ არა აქვთ რეიტინგი. სწორედ იმიტომ არა აქვთ, რომ შეცდომას შეცდომაზე უშვებენ”.
რა მიზნით და როგორი შემადგენლობით ჩამოდის აშშ-ის დელეგაცია საქართველოში
“მმართველი პარტია აპრილში აშშ-დან დელეგაციის ვიზიტს აანონსებს. განცხადება დაგეგმილი ვიზიტის შესახებ იმ ფონზე გაკეთდა, როდესაც ოპოზიციური ალიანსის ლიდერები თავად ემზადებიან აშშ-ში ვიზიტისათვის. ჯერჯერობით უცნობია და არც “ქართულ ოცნებაში” არ აკონკრეტებენ, თუ რა ჯგუფზეა საუბარი და ვისგან იქნება ის დაკომპლექტებული. თუმცა, ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ, სავარაუდოდ, ეს იქნება სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებისგან შემდგარი დელეგაცია და რეგიონში შექმნილი ვითარების ფონზე, შესაძლოა მასში პენტაგონის წარმომადგენლებიც ვიხილოთ. ვიზიტზე ინფორმაცია 4 აპრილს ევროინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა გააჟღერა. თუმცა, მანამდე, სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსა და პემიერ ირაკლი კობახიძის სატელეფონო საუბრის შემდეგ, დედაქალაქის მერმა კახი კალაძემაც განაცხადა, რომ “სხვადასხვა ტიპის შეხვედრებისთვის აპრილის თვე დასახელდა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით რა მიზნით და როგორი შემადგენლობით ჩამოდის აშშ-ის დელეგაცია საქართველოში / სანამ ოპოზიციური ალიანსი ვაშინგტონში ვიზიტს გეგმავს, “ოცნება” თბილისში ამერიკელი მაღალჩინოსნების ჩამოსვლას აანონსებს.
“ამერიკის მხარის პოზიციაა, რომ, როგორც აქამდე განხორციელდა რამდენიმე ვიზიტი, აპრილშიც აპირებენ ცალკე ჯგუფის გამოგზავნას, რომელსაც ექნება შესაძლებლობა, კიდევ უფრო სიღრმისეულად შეისწავლოს საქართველოში მიმდინარე პროცესები და გადავდგათ შემდგომი ნაბიჯები, სადაც გამოიკვეთება საერთო ინტერესები. საზოგადოება ხედავს, რომ თითოეული ვიზიტით და შეხვედრით ეტაპობრივად, კონკრეტული დღის წესრიგით ვცდილობთ ურთიერთობების თავიდან, ნულიდან აღდგენას. საზოგადოებაში იყო გარკვეული წუხილებიც, ხომ არ არსებობს რაიმე ფარული დღის წესრიგი, თუმცა მინდა დავარწმუნო საზოგადოება, რომ ჩვენი თითოეული ნაბიჯი ყოველთვის ნაკარნახევი იყო საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე”, - განაცხადა ლევან მახაშვილმა. კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი თვლის, რომ შესაძლოა ჯგუფი სახელმწიფო დეპარტამენტიდან გამოგზავნონ, თუმცა მთავარია ვისგან იქნება დაკომპლექტებული. ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე კი აცხადებს, რომ დიდი ალბათობით, დელეგაცია სახელმწიფო დეპარტამენტიდან იქნება და მასში პენტაგონის წარმომადგენლობაც ჩაერთვება”, - აღნიშნავს გამოცემა.
“ალბათ მახაშვილს რაღაც ინფორმაცია აქვს და ვიზიტი იქნება, თორემ რომ არ ჩამოვიდნენ, მაშინ უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდებიან. საინტერესოა, აშშ საქართველოს როგორ უყურებს - როგორც პარტნიორ სახელმწიფოს, რომელიც სტრატეგიული თანამშრომლობის იმ პრინციპებს ასრულებს, რაც დიდი ხანია მოწერილი აქვს, თუ როგორც ტერიტორიას. ჯერჯერობით მხოლოდ ტერიტორიაზეა საუბარი - ანაკლიაზე, ფოთის პორტზე, გზებზე, მილსადენებზე და ა.შ. ტრამპი აზერბაიჯანის პრეზიდენტს და სომხეთის პრემიერს ორჯერ შეხვდა ძალიან მაღალ დონეზე, ჩახუტებებით, ხელმოწერებით და მთელი ამბებით. ასე იშვიათად მიუღია ვინმე, არც ერთხელ არ ჩასულან საქართველოდან პოლიტიკური პირველი პირები, პირველ რიგში კობახიძე. ვიდრე კობახიძე ტრამპს ოვალურ კაბინეტში არ შეხვდება, მანამდე აშშ საქართველოს უყურებს, როგორც ტერიტორიას და არა როგორც სახელმწიფოს”, - ამტკიცებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.
“ის ამერიკელი ჩინოვნიკი, რომელიც ანაკლიაშიც იყო, ოპოზიციასაც შეხვდა, სადაც ითქვა, რომ ნუ გეშინიათ, სამხრეთ კავკასიაში სამ სახელმწიფოს ვხედავთ და არა ორსო. რადგან გვამშვიდებენ, რომ სახელმწიფო ვართ, ნიშნავს, რომ ჩვენთან არა სახელმწიფოს, არამედ ტერიტორიას ხედავენ. ირანი ახლოსაა, ომი რაც არ უნდა დღეს-ხვალ დასრულდეს, დიდი ხანი საკითხი მოუგვარებელი დარჩება და კავკასია ანგარიშგასაწევი იქნება. შესაძლოა ჯგუფი სახელმწიფო დეპარტამენტიდან იყოს, თუმცა, მთავარია როგორ იქნება დაკომპლექტებული - თუ ინფრასტრუქტურის სპეციალისტებისგან იქნება, მაშინ ჩამოვლენ ტერიტორიისთვის, თუ პოლიტიკური ფიგურებისგან, მაშინ სახელმწიფოს მიმართ ინტერესი იქნება. “ოცნებამ” ალბათ არ იცის ეს ჯგუფი რა მანდატით ჩამოვა. ეს ვიზიტი შეიძლება გამოიყენონ ლეგიტიმაციის ცნობისთვის, თუმცა მათთვის მთავარი ძალაუფლების შენარჩუნებაა და ლეგიტიმაცია მხოლოდ “სამკაულია”, მაგრამ ვაითუ ასე არ მოხდეს და მხოლოდ ტერიტორიისთვის ჩამოვიდნენ. ამიტომ წინასწარ თავს იზღვევენ და არ აკონკრეტებენ”, - დაასკვნის ზაქარეიშვილი.
“დიდი ალბათობით, ეს იქნება ჯგუფი სახელმწიფო დეპარტამენტიდან, შესაძლოა პენტაგონის წარმომადგენლებიც იყვნენ - ირანში მიმდინარე მოვლენების ფონზე, აშშ-ის მხრიდან საქართველოს მიმართ სამხედრო ინტერესი გაიზარდა. ალბათ იქნება სიტუაციის ყოვლისმომცველი შეფასება და ამის საფუძველზე ის ძირითადი მიდგომები ჩამოყალიბდება, რაც ჩვენთან მიმართებაში აშშ-ის ამჟამინდელ ადმინისტრაციას ექნება. საქართველოს ხელისუფლებაც ალბათ საკუთარ ინტერესებს და მოთხოვნებს წარუდგენს, რომ ცალმხრივ ინტერესებზე დაფუნებული ურთუერთობა არ იყოს. ფაქტიურად, ფაქტების დამდგენი მისია იქნება. სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნის, ანდრეოლის ჩამოსვლა საკმარისი არ იყო და ახლა ის თავისი დაკვირვების საფუძველზე, უფრო ფართო შემადგენლობის ჯგუფს აგზავნის, რომ ყველა საკითხი იყოს მოცული და შესწავლილი. ამის მერე ამ ვიზიტის შედეგებს უნდა ველოდოთ და ვნახოთ რა მიმართულებით წავა ურთიერთობები”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძე.
“რატომღაც ვიტოვებ იმედს, რომ აშშ, შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე (ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი და ევროპასთან დაძაბული ურთიერთობები), საქართველოს მაინცდამაინც არ მიაწვება იმ საკითხებზე, რაზედაც ევროკავშირი ინტენსიურად აწვება. შესაძლოა ვცდებოდე, მაგრამ ვფიქრობ, რომ მათ საქართველო სჭირდებათ და ალბათ მაინც “ქართული ოცნების” ხელისუფლებასთან აპირებენ საერთო ენის გამონახვას საკუთარი ინტერესების გათვალისწინებით... სავარაუდოდ, “ოცნებას” ალბათ უკვე ჰქონდა წინმსწრები ინფორმაცია, რომ ეს დელეგაცია საქართველოში ჩამოსვლას აპირებდა. შესაძლოა იმას გულისხმობდნენ, რომ ოპოზიციისთვის “ქართული ოცნების” ნებისმიერი საერთაშორისო კონტაქტი ძალიან უსიამოვნო სიურპრიზია. მათი მთავარი მიზანი საერთაშორისო არენაზე “ოცნების” დელეგიტიმაციაა, რომ მის იზოლაციას შეუწყოს ხელი და როცა “ოცნებას” მაინც ელაპარაკებიან აშშ-ში, ევროპაში და გარკვეულ დონზე კონტაქტი მაინც ნარჩუნდება, ეს არის დარტყმები ოპოზიციისთვის. ოპოზიციონერები ვაშინგტონში რომ მიდიან, ვვარაუდობ, რომ შეეცდებიან დაგეგმილი ვიზიტის საბოტაჟი მოახდინონ”, - დასძენს ზაალ ანჯაფარიძე.
ვახტანგ ძაბირაძე - "რა საფრთხის წინაშე შეიძლება დადგეს საქართველო ირანში სახმელეთო ოპერაციების დაწყების შემთხვევაში”
“მარკო რუბიოსა და ირაკლი კობახიძის სატელეფონო კონტაქტი, ჩემი აზრით, იყო ნიადაგის მოსინჯვა, რა პოზიციას დაიჭერს “ქართული ოცნება” იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი ტრამპი ირანში სახმელეთო ოპერაციას დაიწყებს. ვფიქრობ, საუბარი უფრო უსაფრთხოების საკითხებს შეეხებოდა და არა პოლიტიკურ დღის წესრიგს, მით უმეტეს “გადატვირთვას” ან ახალი ურთიერთობების ჩამოყალიბებას. თუ ამ კონტექსტს დავუკავშირებთ ირანის ელჩის განცხადებას, რომელიც მუქარის ელემენტებსაც შეიცავდა, ეს ვერსია უფრო სარწმუნო ხდება. “ქართული ოცნების” მცდელობა, შექმნას შთაბეჭდილება, თითქოს ამერიკასთან ნორმალური ურთიერთობის აღდგენა შესაძლებელია, ახალი ნარატივი არ არის. საპრეზიდენტო არჩევნებამდეც იგივე მესიჯი ისმოდა - “ტრამპი მოვა და ყველაფერი შეიცვლება”, შემდეგ იყო ინაუგურაციის მოლოდინი, შემდეგ სხვა ეტაპები და ეს ხაზი დღემდე გრძელდება”, - აცხადებს ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში სათაურით რა საფრთხის წინაშე შეიძლება დადგეს საქართველო ირანში სახმელეთო ოპერაციების დაწყების შემთხვევაში?!
“ფაქტობრივად, ხელისუფლების საგარეო პოლიტიკა დასავლეთთან ორმაგი მიდგომით ხასიათდება: ერთი მხრივ, ევროკავშირის მწვავე კრიტიკა, სადაც ბრიუსელი კრემლთან გათანაბრებულად არის წარმოჩენილი, რაც დასავლეთთან დაახლოების იდეას გამორიცხავს; მეორე მხრივ, ამერიკასა და ტრამპთან დაკავშირებული უფრო ფრთხილი და მოლოდინებზე დაფუძნებული რიტორიკა... რუბიოსა და კობახიძის საუბარი, ჩემი შეფასებით, შეეხო არა მხოლოდ შავი ზღვის, არამედ მთლიანად რეგიონულ უსაფრთხოებას. ამერიკისთვის ამ სივრცის მდგრადობა ბუნებრივად წარმოადგენს ინტერესის საგანს, განსაკუთრებით მაშინ, როცა რეგიონში პროცესები აქტიურდება: აზერბაიჯანისა და სომხეთის ურთიერთობა ნაწილობრივ გაუმჯობესებისკენ მიდის, ხოლო სომხეთი დასავლეთთან დაახლოებისთვის მუშაობს. ასეთ პირობებში რეგიონული დღის წესრიგი შესაძლოა მართლაც გახდეს უფრო ინტენსიური, მათ შორის მოლაპარაკებების დონეზეც”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.
“ამიტომაც დღეს უკვე შეინიშნება საზოგადოებრივი აზრის წინასწარი ფორმირების მცდელობა, თითქოს კონკრეტული შეხვედრები უკვე მზადდება და ამას აპრილში რეალური შედეგი მოჰყვება. შემდგომ ეტაპზე, სავარაუდოდ, ამას საინფორმაციო და პოლიტიკური პიარის გაძლიერება დაემატება. საბოლოოდ ეს პროცესი არსებით გარღვევამდე ვერ მივა. მეტიც, ირანის საკითხის გადაჭრის შემდეგ “ქართულ ოცნებასა” და ამერიკის ადმინისტრაციას შორის არსებული წინააღმდეგობები, დიდი ალბათობით, კიდევ უფრო გამწვავდება... თუმცა, პრობლემა ის არის, რომ საქართველოს საკითხი უფრო ფართო რეგიონულ პროცესებში განიხილება, მათ შორის უკრაინის ომსა და ევრაზიულ პოლიტიკურ დინამიკაში. დღევანდელი რეალობა ასეთია: რუსეთს განვითარების შესაძლებლობები მნიშვნელოვნად შეზღუდული აქვს, ხოლო ამერიკის გლობალური გავლენა შედარებით შესუსტებულია”, - განაგრძობს რესპონდენტი.
“პუტინმა რუსეთს განვითარების შესაძლებლობა მოუსპო, ტრამპმა კი ამერიკის ჰეგემონობა დასასრულს მიუახლოვა. ასეთ პირობებში საქართველო, ბელარუსისგან განსხვავებით, დასავლეთისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სივრცეა. აზიაში ვითარება მრავალფეროვანი და კონფლიქტებით დატვირთულია, მაშინ როცა ევროპაში, რუსეთის გარდა, ქვეყნების უმრავლესობა უკრაინის ომის საკითხში ერთიან პოზიციას ინარჩუნებს. სწორედ ამიტომ, საქართველო დასავლეთისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური წერტილია. შესაბამისად, დასავლეთი შესაძლოა ტაქტიკურ დათმობებზე წავიდეს, მაგრამ ეს “ქართულ ოცნებას” სტრატეგიულ პრობლემებს ვერ მოუგვარებს. საბოლოოდ ურთიერთობების ფუნდამენტური დარეგულირება ნაკლებად მოსალოდნელია. ისტორიულ პარალელს თუ გავავლებთ საბჭოთა კავშირისა და დასავლეთის ურთიერთობებთან, დავინახავთ, რომ პერიოდული “დათბობის” მიუხედავად, პროცესები საბოლოოდ მაინც მკაფიო გეოპოლიტიკური შედეგებით მთავრდებოდა”, - განმარტავს ანალიტიკოსი.
“მსგავს ტენდენციას შეიძლება ჰქონდეს გაგრძელება ახლაც. ამიტომ შესაძლოა გარკვეულ ეტაპზე ვიხილოთ ამერიკის უფრო რბილი ტაქტიკური ნაბიჯებიც, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში “ქართული ოცნებისადმი” დამოკიდებულება არსებითად არ შეიცვლება. იმ შემთხვევაში, თუ ამერიკა ირანში მართლაც დაიწყებს სახმელეთო ოპერაციას, საქართველო შესაძლოა განიხილებოდეს როგორც ლოჯისტიკური მნიშვნელობის სივრცე. საქართველო პირდაპირ სამხედრო კონფლიქტში ვერ და არ უნდა ჩაერთოს - ეს გამორიცხულია. თუმცა ირანის რიტორიკაში ჩანს მინიშნება იმაზე, რომ საქართველომ ინფრასტრუქტურული და ლოჯისტიკური მხარდაჭერა არ უნდა აღმოუჩინოს ამერიკას. ირანი პარალელურად ცდილობს რეგიონში ანტიამერიკული განწყობების გაძლიერებას, როგორც ახლო აღმოსავლეთში, ისე უფრო ფართო გეოპოლიტიკურ სივრცეში. მსგავსი რიტორიკა შეიძლება საქართველოზეც გავრცელდეს, როგორც ზეწოლისა და გავლენის ბერკეტი”, - დასძენს ვახტანგ ძაბირაძე და შეკითხვაზე - “არსებობს თუ არა ირანში სახმელეთო ოპერაციის დაწყების რეალური რისკი და ასეთ შემთხვევაში რისი იმედი უნდა გვქონდეს?” - პასუხობს:
“თუ ასეთი სცენარი გათამაშდა და საქართველო რაიმე ფორმით ჩაერთო პროცესში, თუნდაც მხოლოდ ლოჯისტიკური მხარდაჭერით, ირანის რეაგირება მკვეთრი იქნება. თუმცა ნაკლებად ვფიქრობ, რომ ამერიკა ამ მასშტაბის სახმელეთო ოპერაციაზე წავიდეს. უფრო რეალისტურად მეჩვენება დარტყმები ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე, მაგალითად, ენერგეტიკულ სისტემაზე ან სატრანსპორტო კვანძებზე. ამასთან, თუ მიზანი ირანში შიდაპოლიტიკური პროცესების გააქტიურებაა, შესაძლოა გარკვეულ ეტაპზე სამხედრო ზეწოლის ფორმაც შეიცვალოს, რათა ირანელ საზოგადოებაში პროტესტის მუხტი გაძლიერდეს. ეს უფრო რეალისტურ და მართვად ნაბიჯად ჩანს. მთავარი პრობლემა ის არის, რომ ასეთი ესკალაცია პოლიტიკურად სარისკოა თავად ტრამპისთვის. დღეს უკვე არსებობს ეკონომიკური ზეწოლის ფაქტორებიც, მათ შორის ენერგომატარებლების ფასების ზრდა, რაც დამატებით გლობალურ დაძაბულობას ქმნის. საბოლოოდ, სახმელეთო ოპერაციის ალბათობა მაინც დაბალია.
შიდა დაპირისპირება, თუ კორუფციასთან ბრძოლა - ოპოზიცია “კალაძეზე გასვლას” ელოდება
“უფასო სასადილოებისთვის განკუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლებაში დაკავებულმა პირებმა დანაშაული აღიარეს და სასამართლომ ისინი გირაოთი გაათავისუფლა. ოპოზიცია ფიქრობს, რომ ეს სკანდალი არა კორუფციასთან ბრძოლა, არამედ ხელისუფლებაში შიდა კლანური დაპირისპირებაა, რომლის მიზანიც თბილისის მერის, კახა კალაძეზე გასვლაა. თავად კალაძე ამბობს, რომ ამას მასთან კავშირი არ აქვს. სუს-ის ინფორმაციით, შპს “ალადაშვილი ანდ კო”-ს დირექტორი შპს “გიდს”, შპს “ბადეს” და შპს “ალიონთან” ერთად, 2024, 2025, 2026 წლებში, ყოველდღიურად, 14 451-მდე ბენეფიციარს არაკეთილსინდისიერად ემსახურებოდა და არაჯეროვნად ასრულებდა ნაკისრ ვალდებულებებს. კერძოდ, პროდუქციის მიღება-ჩაბარების აქტების გაყალბების გზით, გამგეობებიდან მიღებული 18 909 104 ლარიდან თაღლითურად დაეუფლნენ სახელმწიფოს კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას - 3 529 000 ლარს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით შიდა დაპირისპირება, თუ კორუფციასთან ბრძოლა - ოპოზიცია “კალაძეზე გასვლას” ელოდება.
“უფასო სასადილოების ბენეფიციარებისთვის არაკეთილსინდისიერად მომსახურებასა და დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლებაში ბრალდებულ 5 პირს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით საპატიმრო გირაო შეუფარდა. სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარე დაკავებულების მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა, თუმცა, მას შემდეგ, რაც ბრალდებულებმა ჩადენილი დანაშაული აღიარეს, მზადყოფნა გამოთქვეს, რომ ზიანი აანაზღაურონ და გამოძიებასთან ითანამშრომლონ, პროკურატურამ ეს გარემოებები გაითვალისწინა და საპატიმრო გირაოს დაეთანხმა. “ლელო - ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, თაზო დათუნაშვილი აცხადებს, რომ ეს საკითხი ყველა შემთხვევაში კახა კალაძემდე მიდის. მისი თქმით, ამ ქვეყანაში კორუფციასთან ბრძოლას არავინ დაიჯერებს, მანამ, სანამ “ეს ბრძოლა არ შეეხება კახა კალაძეს”, - აღნიშნავს გამოცემა.
“თბილისის უფასო სასადილოების საკითხი ყველა შემთხვევაში, 100%-ით დადასტურებულად, აუცილებლად მიდის კახა კალაძემდე. თუ ამჯერადაც, ისევე როგორც ეს ბაღების საკითხში იყო, გვერდს აუვლიან კახა კალაძეს, კიდევ ერთხელ დადასტურდება, რომ უბრალოდ “კლანური” დაპირისპირება გრძელდება და ერთი “კლანის” კადრების წმენდა მიმდინარეობს მეორე “კლანის” მიერ. ამ ქვეყანაში კორუფციასთან ბრძოლას არავინ დაიჯერებს, მანამ, სანამ ეს ბრძოლა არ შეეხება კახა კალაძეს, როგორც ყველაზე სამარცხვინო კორუფციონერს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში”, - განაცხადა დათუნაშვილმა. თავად კალაძე ამბობს, რომ ამ კორუფციულ სკანდალს მასთან კავშირი არ აქვს. “დედაქალაქში 64 უფასო სასადილო გვაქვს. დანაშაულში კონკრეტული კომპანიები გამოვლინდა. პროდუქციის მიღება-ჩაბარება, ბენეფიციართა აღრიცხვა და სხვა სწორედ კონტრაქტორ კომპანიას ევალება. ეს ხელშეკრულებაშია გაწერილი. თუ გამგეობის თანამშრომლები იყვნენ დანაშაულში შემჩნეულნი, ამას შესაბამისი რეაგირება მოჰყვებოდა - მათ დააკავებდნენ. თუ კონკრეტული კომპანია ან მისი ქვეკონტრაქტორია დამნაშავე, ამას გამოძიება დაადგენს”, - განაცხადა კახა კალაძემ. ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე ამბობს, რომ ოპოზიცია ხელისუფლებას ცილს სწამებს, ხოლო ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძეს თვლის, რომ ბრძოლა მიდის ძველი კადრების, ახლებით ჩანაცვლებით”, - დასძენს გამოცემა.
“მათ სხვანაირად ვერ წარმოუდგენიათ, ანუ ვიცით, სააკაშვილის დროს როგორი ელიტარული კორუფცია იყო ჰგონიათ, რომ ახლაც ასე ხდება. მათ ვერც კი წარმოუდგენიათ, რომ შეიძლება ვიღაც ასე არ მოიქცეს. კარგად იციან, რომ ცილს სწამებენ”, - დაასკვნის მამრაძე. ძაბირაძე კი ამბობს, რომ შეეხებიან თა არა კალაძეს. ივანიშვილი გადაწყვეტს. “ავტორიტარული რეჟიმი იმით გამოირჩევა, რომ კორუფციული სისტემაა ანუ სისტემა წარმოშობს კორუფციას... ეს ხომ არ არის დაბალ დონეზე დაწყებული რაღაც პროცესი? ვხედავთ, რომ მინისტრები, სუს-ის უფროსი და სხვები დააკავეს. “ოცნების” დღევანდელი ლიდერებისთვის არის ბრძოლა, რომ ძველი კადრები ახლებით ჩაანაცვლონ. მერე ყველაფერი ძველ ნიშნულს დაუბრუნდება. რამდენად შეეხებიან კალაძეს, რთული სათქმელია. თუ ივანიშვილი გადაწყვეტს - შეეხებიან, თუ არა და ალბათ მის კადრებს გამოაცლთქმით საჭიროების შემთხვევაში,“ხელისუფლება ყველაფერზე წავა - “თუ საჭიროა კალაძეს გადააყენებენ და დაიჭერენ კიდეც”, - წერს სტატიის ავტორი.
გია ხუხაშვილი - “ფორმალური ერთიანობა შედეგს ვერ მოიტანს”
“პრობლემა ის არის, რომ ლიდერები რეალურ შედეგზე ორიენტირებული ნაბიჯების გადადგმას ვერ ახერხებენ. პოლიტიკა მხოლოდ შიდა გადაადგილებებითა და საინფორმაციო აქტივობით არ ყალიბდება, მთავარი საყრდენი მაინც საზოგადოების მხარდაჭერაა. ოპოზიციური პარტიები კი მხარდაჭერის გაძლიერებაზე მუშაობის ნაცვლად საკუთარ საინფორმაციო სივრცეში იკეტებიან, რაც ნდობას ვერ ქმნის. ტელევიზიებიდან “სიბრძნეების ფრქვევის” ნაცვლად უშუალო კომუნიკაცია, კითხვებზე პასუხების გაცემა და რთული დიალოგის დაწყებაა საჭირო. ხშირად ჩანს პარადოქსიც: ოპოზიციური პარტიების მიერ დღის განმავლობაში ერთმანეთის მწვავე კრიტიკა და საღამოს ერთიანობაზე საუბარი. ასეთ პირობებში პოლიტიკური პროცესი ვერ გარდაიქმნება რეალურ პოლიტიკურ ძალად. ფორმალური ერთიანობა შედეგს ვერ მოიტანს”, - აცხადებს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში სათაურით “ფორმალური ერთიანობა შედეგს ვერ მოიტანს”.
“ერთჯერადი ვიზიტები, მხარდამჭერებთან შეხვედრები და შემდეგ ამის საჯაროდ წარმოჩენა შედეგს ვერ იძლევა. აუცილებელია მუშაობა მათთანაც, ვინც კრიტიკულად უყურებს როგორც ხელისუფლებას, ისე ოპოზიციას. ნდობის აღდგენა რთული და ხანგრძლივი პროცესია, რომელიც კომფორტულ გარემოს არ გულისხმობს. საზოგადოებას შეიძლება არ მოსწონდეს ხელისუფლება, მაგრამ ეს ავტომატურად არ ნიშნავს ოპოზიციის მხარდაჭერას. კვლევებიც აჩვენებს, რომ ორივე მხარის ნდობა პრობლემურია. ამიტომ ნებისმიერი ფორმალური გაერთიანება ან ცალკე მოქმედება უშედეგო იქნება, თუ ნდობა არ აღდგა. რეგიონებში გასვლა მხოლოდ “დასტუკებით” არ უნდა შემოიფარგლოს, ხალხმა უნდა დაინახოს, რომ ოპოზიცია არა მხოლოდ აკრიტიკებს, არამედ რეალურ ალტერნატივასაც სთავაზობს და ქვეყნის მართვის უნარი აქვს... რაც შეეხება ოპოზიციის ლიდერების შეხედულება, რომ არჩევნები მოიგეს, ცალ-ცალკე არც ერთ პარტიას არა აქვს საკმარისი საფუძველი ასეთი კატეგორიული დასკვნებისთვის”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ხუხაშვილი.
“ოპოზიციურმა სპექტრმა არჩევნებზე ჯამურად შედეგი აჩვენა, მაგრამ როცა პარტიები ერთმანეთთან დაპირისპირებული არიან, რთულია ეს “ჯამური გამარჯვება” რეალურ შედეგად გადაიქცეს. გახარია მოღალატედ რომ გამოაცხადეს, როგორ უნდა ითქვას, რომ ერთიანად მოიგეს არჩევნები? თუ ამბობენ, რომ ოპოზიციამ მოიგო არჩევნები, მაშინ იქ ისინიც იგულისხმებიან, ვისაც თავად ლანძღავენ როგორც მოღალატეს, ეს კი არანაირ პოლიტიკურ არითმეტიკას არ ემთხვევა. მთავარი პრობლემა ის არის, რომ რეალური ალტერნატიული პოლუსი არ იკვეთება. საჭიროა ისეთი ძალა, რომელიც არა მხოლოდ უკმაყოფილებას, არამედ შესაძლებლობასაც აჩვენებს და შექმნის განცდას, რომ შეუძლია ხელისუფლებაში მოსვლა და ეფექტიანი მართვა”, - მიიჩნევს პოლიტოლოგი და შეკითხვაზე - “ოპოზიციურ ველზე სამი ძირითადი ძალაა: “ოპოზიციური ალიანსი”, გახარიას პარტია და “ლელო”. რომელი პოლიტიკური ძალის ტაქტიკა ჩანს უფრო შედეგიანი?” - პასუხობს:
“თითოეულ მათგანს აქვს არსებობის უფლება, მაგრამ მთავარი პრინციპი უცვლელია: ნებისმიერი ტაქტიკა უნდა ამართლებდეს შედეგით საკუთარ თავს. ტელევიზიებიდან ხმაურიან განცხადებებს აზრი მხოლოდ მაშინ აქვს, როცა ამას ხალხის დარწმუნება და რეალური მხარდაჭერის ზრდა მოსდევს. რაც შეეხება “ოპოზიციური ალიანსის” დაანონსებულ 26 მაისის აქციას, ადამიანებს ხალხმრავალი შეკრებები მოენატრათ, მაგრამ 26 მაისს სრული მობილიზაცია სახლებში წასვლით არ უნდა დასრულდეს. ოპოზიციის ნაბიჯები გამარჯვებაზე უნდა იყოს გათვლილი. თუ მთელი ენერგია მხოლოდ ერთ დღეზე დაიხარჯა და ეს პროცესის ნაწილად არ იქცა, რეალური შედეგი არ ექნება. ასეთი დღეები ხელისუფლებას არაერთხელ გადაუტანია და კიდევ ბევრს გადაიტანს. დღეს რთულია ზუსტად ითქვას, რას შეძლებს ოპოზიცია - ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული”...