შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა აბიტურიენტთა და მაგისტრანტობის კანდიდატთა რეგისტრაცია დაიწყო

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა აბიტურიენტთა და მაგისტრანტობის კანდიდატთა რეგისტრაცია დაიწყო.

როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, 2026 წლის ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდებისათვის რეგისტრაციის გავლა აპლიკანტებს ვებგვერდზე - online.naec.ge - 11 მაისის 18:00 საათამდე შეუძლიათ.

მათივე ცნობით, უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში, მიმდინარე წელს აბიტურიენტებს შესაძლებლობა აქვთ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებთან ერთად არჩევანი პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზეც გააკეთონ.

„აუცილებელია, აბიტურიენტებმა, 6 აპრილის 10:00 საათიდან 6 მაისის 18:00 საათამდე ჩასაბარებელი საგნების (არანაკლებ ერთი საგნის) საფასური გადაიხადონ, რათა მათ რეგისტრაცია 11 მაისის 18:00 საათამდე დაასრულონ.

მითითებულ ვადაში აპლიკანტებს, ასევე, აქვთ შესაძლებლობა გადაიხადონ დამატებითი საგნების საფასური, აირჩიონ ან შეცვალონ საგამოცდო ქალაქი და საგანმანათლებლო პროგრამები.

ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილე აბიტურიენტებისთვის თითოეული საგნის საფასური განსაზღვრულია 10 ლარით, ხოლო საერთო სამაგისტრო გამოცდაში მონაწილეობის საფასური მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის შეადგენს 50 ლარს.

საფასურის გადახდა ხორციელდება „საქართველოს ბანკის“ პლატფორმების მეშვეობით, კერძოდ, ონლაინ გადახდის სისტემით (bogpay.ge), ინტერნეტ ბანკით (ibank.ge), მობილური აპლიკაციით (mBank) და თვითმომსახურების ტერმინალებით.

უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში, მიმდინარე წელს აბიტურიენტებს შესაძლებლობა აქვთ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებთან ერთად არჩევანი პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზეც გააკეთონ.

ცვლილებების შესაბამისად, ცენტრის სარეგისტრაციო პორტალზე საგანმანათლებლო პროგრამები წარმოდგენილია სამ კატეგორიად: „საბაკალავრო“, „პროფესიული“ და „მოსამზადებელი ქართულ ენაში“ (ქართულ ენაში მომზადების ერთწლიანი საგანმანათლებლო პროგრამა). უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ასარჩევად აბიტურიენტებმა უნდა მონიშნონ ველი „საბაკალავრო“ და აირჩიონ სასურველი პროგრამა. სურვილის შემთხვევაში, მათ შეუძლიათ დამატებით აირჩიონ პროფესიული პროგრამებიც, რისთვისაც საჭიროა ველის -„პროფესიული“ მონიშვნა.

საგანმანათლებლო პროგრამების პრიორიტეტების მიხედვით დალაგება აბიტურიენტთათვის სავალდებულო მოთხოვნაა, რადგან საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის დროს უპირატესობა ენიჭება სარეგისტრაციო განაცხადში პირველ პოზიციაზე მითითებულ პროგრამას. პროგრამების არჩევა, შეცვლა ან წაშლა შესაძლებელია აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის 18:00 საათამდე. ასევე, სარეგისტრაციო გვერდზე შესაძლებელია არჩეულ პროგრამებზე კონკურსის მიმდინარეობის გაცნობა.

რეფორმის ფარგლებში, სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულებებში ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურზე, ასევე, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული სტუდენტების სწავლა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ. ამასთანავე, კერძო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში პრიორიტეტულ მიმართულებებზე დაფინანსებას სახელმწიფო უზრუნველყოფს.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მოუწოდებს აბიტურიენტებს, ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით ამომწურავი ინფორმაციის მისაღებად ყურადღებით გაეცნონ საინფორმაციო დოკუმენტს - „ცნობარი აბიტურიენტებისათვის“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა