შესაძლოა აშშ-ში არსებობდა მოლოდინი, რომ ირანში რეჟიმი მალე ჩამოიშლებოდა, მაგრამ ირანი ძლიერი ქვეყანაა, რომელსაც სხვა ქვეყნებისგან განსხვავებული სახელმწიფოებრივი ტრადიციები აქვს - მხოლოდ საჰაერო დაბომბვით არ ხდება მსგავსი რეჟიმების ჩამოშლა, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა ზურაბ ბატიაშვილმა ირანის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას, „პალიტრანიუსის“ გადაცემა“ დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.
რაც შეეხება აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებას, რომელიც ირანს ვადას სამშაბათს, აღმოსავლეთის დროით 20:00 საათამდე აძლევს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ელექტროსადგურებისა და ხიდების განადგურებით ემუქრება, ზურაბ ბატიაშვილის თქმით, შესაძლოა ეს აშშ-ის ტაქტიკა იყოს, რომელიც სამხედრო ოპერაციით გაგრძელდეს.
„ეს ომი იმიტომ დაიწყო და იმიტომ გრძელდება, რომ მხარეებს ერთმანეთისგან განსხვავებული პოზიციები და ინტერესები აქვთ, რის გამოც პოზიციების შეჯერება ვერ ხერხდება. სურვილი ორივე მხარეს აქვს, მაგრამ შედეგი ნულია. ესკალაცია გარდაუვალია, სადღაც გზაგასაყარი უნდა იყოს, თუ საით წავა სიტუაცია. სტატუს-კვო არის შენარჩუნებული, რომელიც არცერთ მხარეს არ აწყობს, ამერიკას იმიტომ, რომ ნავთობზე ფასები იმატეს, ისრაელს იმიტომ არ აწყობს, რომ მიუხედავად ირანისთვის სამხედრო შესაძლებლობების განადგურებისა, ხელშესახები ცვლილება არ ყოფილა. დონალდ ტრამპის განცხადებიდან გამომდინარე, ხვალ უწევს გარდამტეხი დროის დადგომა, მისი განცხადება შესაძლოა ტაქტიკა იყოს, შეიძლება ელექტროსადგურები და ხიდები გაუნადგუროს, ან სახმელეთო ოპერაცია დაიწყოს. შესაძლოა აშშ-ში არსებობდა მოლოდინი, რომ ირანში რეჟიმი მალე ჩამოიშლებოდა, მაგრამ ირანი ადგილზე ძლიერი ქვეყანაა, რომელსაც სხვა ქვეყნებისგან განსხვავებული სახელმწიფოებრივი ტრადიციები აქვს. მისი სიძლიერე აქციების დროს გამოვლინდა, როცა ხელისუფლებას ძვრა ვერ უყვეს. მხოლოდ საჰაერო დაბომბვით არ ხდება მსგავსი რეჟიმების ჩამოშლა. არასწორი მოლოდინები დიდი ალბათობით, ანალიტიკებისა და სახელისუფლებო ეშელონებს ექნებოდათ, რომლებიც გადაწყვეტილებებს იღებენ“, - განაცხადა ზურაბ ბატიაშვილმა.
რაც შეეხება ირანის კონფლიქტიდან დისტანცირების შესახებ ევროპული ქვეყნების პოზიციას, ბატიაშვილის შეფასებით, ევროპული სახელმწიფოები სწორად პოზიციონირებენ, ვინაიდან. საომარი მოქმედებების დაწყების გეგმის შესახებ აშშ-ს ისინი საქმის კურსში არ ჩაუყენებია.
„ამ კონფლიქტში ევროპული ქვეყნები არანაირ როლს არ თამაშობენ, რადგან ისინი არავის ჩაუყენებია საქმის კურსში. ამის გამო, ტრამპის ადმინისტრაცია ნაწყენია, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმას, როგორ უყურებდა აშშ უკრაინის ომს, როდესაც ეს ომი [რუსეთ-უკრაინის ომი] ევროპის ომია და მის უსაფრთხოებას ეხება. ამიტომ თუ უკრაინის ომი ამერიკის ომი არ არის, ევროპელებსაც შეუძლიათ თქვან, რომ ირანის ომი მათი ომი არ არის, მით უმეტეს იმ გამოწვევების ფონზე, როდესაც ირანულ რაკეტებს შეუძლია, რომ ევროპას მიაღწიოს“, - განაცხადა ზურაბ ბატიაშვილმა.
რაც შეეხება NATO-ს გენერალური მდივნის მარკ რუტეს ვაშინგტონში დაგეგმილ ვიზიტს, ბატიაშვილი მიიჩნევს, რომ რუტესა და დონალდ ტრამპის დიალოგი ადვილი არ იქნება.
„რა თქმა უნდა, მათი დიალოგი ადვილი არ იქნება. მარკ რუტე შეეცდება დონალდ ტრამპი დაარწმუნოს, რომ ალიანსში ყოფნა საჭიროა და რომ დასავლეთი ერთიანი უნდა იყოს, მაგრამ მეორეა, თუ რამდენად მოხდება ამის შესაბამისად აღქმა. რეალური გამოსავალი არის ის, რომ დასავლეთი ერთიანი უნდა იყოს, რადგან უკეთ დაიცვას თავისი და მოკავშირეების ინტერესები, ეს კი ჩვენს ინტერესებშიც შედის, რომ დასავლეთი ერთიანი იყოს და არა აშშ-სა და ევროპას შორის გახლეჩილი“, - განაცხადა ზურაბ ბატიაშვილმა.
ანალიტიკოსის თქმით, აშშ-სა და ევროპული ქვეყნების ურთიერთობა უახლოეს მომავალში ვერ დალაგდება.
„შესაძლოა ურთიერთობების დალაგება რამდენიმე კვირასა თუ თვეში ვერ მოხდეს, მაგრამ აშშ ახლა შუალედურ არჩევნებს ელოდება, რომელზეც დიდი გავლენა ექნება ამ ომს. „რესპუბლიკელებს“ სურთ, რომ ამ არჩევნებს გამარჯვებულები შეხვდნენ და უმრავლესობა შეინარჩუნონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ტრამპს ბევრი უფლება შეეზღუდება და იმ დანაპირების შესრულება გაუჭირდება, რომლებიც წინასაარჩევნოდ გასცა. ევროპაშიც არსებობს მოლოდინი, რომ აშშ-ში ცვლილებები იქნება, ევროპაშიც ტარდება არჩევნები და შესაძლოა ორივეგან ისეთი ძალები მოვიდნენ, რომლებიც აშშ-სა და ევროპას შორის ურთიერთობებს აღადგენს.
რაც შეეხება აშშ-ს NATO-დან გამოსვლას, ამას კონგრესის ნებართვა სჭირდება და ამ იდეას კონგრესში დიდი მხარდაჭერა არ აქვს. აშშ თუ ალიანსიდან გავა, NATO აღარ იარსებებს და ევროპულ ქვეყნებს სხვა გაერთიანების შექმნა დასჭირდებათ“, - განაცხადა ზურა ბატიაშვილმა.
რაც შეეხება ჰორმუზის სრუტეს და მისი ჩაკეტვით მსოფლიოში გამოწვეულ პრობლემებს, ანალიტიკოსის აზრით, სრუტის გახსნა ადვილი არ იქნება.
„ეს სრუტე მარტო იმიტომ არ არის მნიშვნელოვანი, რომ მისი გავლით შეერთებულ შტატებში ნავთობი და გაზი მიდის, არამედ იმიტომ, რომ ამ სრუტის ჩაკეტვა, მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასზე გავლენას ახდენს, ეს კი შემდგომ ბენზინის ფასზე აისახება, ეს კი არჩევნების წინ, მომგებიანი არ არის ტრამპისთვის. ამიტომ, შესაძლებელია, რომ მეორე ეტაპი, უფრო სისხლიანი და აგრესიული გახდეს. სამხედრო თვალსაზრისითაც, ამ სრუტის გახსნა ადვილი არ არის. აშშ-მ შეიძლება ირანის კუნძულები დაიკავოს სპარსეთის ყურეში და ამით ირანული ნავთობის გადინებას შეუშალონ ხელი, მაგრამ ირანულ რაკეტებსა და დრონებს თავისუფლად შეუძლიათ მიაწიონ იმ გემებამდე, რომელსაც ნავთობი გადააქვთ, ამიტომ არის გაცხარებული ტრამპი და გადაწყვეტილების მისაღებად ბევრი დრო აღარ რჩება.
რაც შეეხება იმას, თუ ვინ მართავს ახლა ირანში სიტუაციას, ეს „რევოლუციურ გუშაგთა კორპუსია“. ახალი აიათოლას არც ვიდეო მიმართვა ყოფილა, არც ფოტო გავრცელებულა, ამიტომ არის ვარაუდი, რომ ის შესაძლოა დაჭრილი იყოს. მაგრამ რეალურად, სისტემა მუშაობს, რეჟიმი მუშაობს, „რევოლუციურ გუშაგთა კორპუსია“ ახლა წამყვანი და არა სასულიერო პირები. დროსთან ერთად რეჟიმი რადიკალური ხდება და მოლაპარაკებებზეც განსხვავებული პოზიციები აქვთ. რადიკალური ძალების ხელშია ახლა ეს ყველაფერი და სიტუაციის რადიკალიზაციის გამო, ვერ ხერხდება რომელიმე საკითხზე მოლაპარაკება“, - განაცხადა ზურაბ ბატიაშვილმა.
რაც შეეხება ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესების ფონზე რუსეთ-უკრაინის ომს, ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ ირანის კონფლიქტის დასრულების შემდეგ, ყურადღება კვლავ უკრაინაზე გადავა.
„როგორც კი ირანის კონფლიქტი დასრულდება, ყურადღება კვლავ უკრაინაზე გადავა. ირანის კონფლიქტი წლები ვერ გაგრძელდება, არცერთ მხარეს არ აქვს ამის არც რესურსი და არც სურვილი. უკრაინას კი სერიოზული წარმატება აქვს - უსაფრთხოების „პროვაიდერი“ გახდა და არაბულ ქვეყნებს მოთხოვნილება აქვთ უკრაინელი სპეციალისტების, რომ თანამედროვე ომის მეთოდები ასწავლონ. ასევე, ვხედავთ, თუ როგორი ინტენსივობით მიაქვს შეტევები უკრაინას რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე, რომელიც რუსეთს აიძულებს, რომ უარი თქვას ბენზინის ექსპორტზე. ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ შესაძლოა რუსეთში ბენზინის დეფიციტი შეიქმნას, რომელიც რუსეთის ეკონომიკასა და საომარ შესაძლებლობებზე უარყოფითად აისახება“, - განაცხადა ზურაბ ბატიაშვილმა.