მინისტრის მოადგილე - კანონპროექტში არ წერია, რომ საზღვარგარეთ წასული წვევამდელი ვალდებული იქნება ჯარში გაწვევის შეტყობინებისთანავე სამშობლოში დაბრუნდეს - მას მიეცემა გონივრული ვადა, რომ საქმე დაასრულოს

თავდაცვის მინისტრის მოადგილის, გრიგოლ გიორგაძის განცხადებით, “თავდაცვის კოდექსში“ ცვლილებები მხოლოდ პროცედურულ დაზუსტებებს ისახავს მიზნად და ცვლილებების ფარგლებში რაიმე არსებითი სიახლე არ შემოდის.

როგორც გიორგაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, კანონპროექტში არ წერია, რომ საზღვარგარეთ დროებით წასული წვევამდელი ვალდებული იქნება ჯარში გაწვევის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე საქართველოში დაბრუნდეს. მისი თქმით, ამ თვალსაზრისით გათვალისწინებულია გონივრული ვადა იმისთვის, რომ პირმა საქმე დაასრულოს და ამის შემდეგ ვალდებულების მოხდა დაგეგმოს.

მინისტრის მოადგილის თქმით, ვინც საზღვარგარეთ სასწავლებლად იქნება წასული, როდესაც ცნობას წარადგენს, რომ საზღვარგარეთ სწავლობს, ეს მიზეზი გადავადებას დაექვემდებარება.

”როგორც აქ სტუდენტის სტატუსი არის გადავადების საფუძველი, როდესაც წარმოადგენენ ცნობას, რომ საზღვარგარეთ სწავლობს, ბუნებრივია, ეს გადავადებას ექვემდებარება.

გარდა იმისა, რომ კანონში რაც არის საფუძვლები გადავადების, თუ ადამიანს აქვს ინდივიდუალური შემთხვევა ისეთი, რომ გამოუსწორებელი ზიანი შეიძლება მიადგეს, მაგალითად, მისი ჯარში წასვლას, ამ შემთხვევაში ჩვენთან არსებობს კომისია, რომელიც იხილავს ინდივიდუალურ “ქეისებს” და იღებს გადაწყვეტილებას გადავადებასთან დაკავშირებით. რამდენიმე წელია უკვე ეს მექანიზმი არსებობს. ამ შემთხვევაში არცერთი „ქეისი“ არ გვაქვს, რომ რაიმე პრობლემური „ქეისი“ ყოფილიყო”, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

გრიგოლ გიორგაძის თქმით, თუ წვევამდელის სავალდებულო გამოცხადება გარკვეულ პრობლემებს უქმნის მის კარიერას, ცხოვრებას, სწავლას, ინდივიდუალური შესწავლა მოხდება.

“რაც შეეხება გამოცხადებას, ინდივიდუალურად შეფასდება: თუ ის გარკვეულ პრობლემებს უქმნის მის კარიერას, ცხოვრებას, სწავლასთან დაკავშირებით, ამ შემთხვევაში ინდივიდუალურად შევისწავლით. "დაუყოვნებლივ ჩამოსვლა" არსად წერია, ეს არის გონივრული ვადა. გონივრული ვადა ფასდება ინდივიდუალურად იმისათვის, რომ დაასრულოს რაიმე საქმე თუ აქვს - როცა დაასრულებს ამ შემთხვევაში დაგეგმოს თავისი ვალდებულების მოხდა”, - განმარტა გრიგოლ გიორგაძემ.

კითხვაზე, თუ საზღვარგარეთ წასული წვევამდელი ვალდებული საზღვარგარეთიდან არ დაბრუნდება, როგორი იქნება რეაგირება, გიორგაძემ უპასუხა, რომ “ისე როგორც საქართველოში ხდება”.

“ჩვეულებრივ, როგორც საქართველოში ხდება. საქართველოშიც არის რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ხდება თავის არიდება და ბუნებრივია, რაც არის შემდეგ რეაგირების მექანიზმი. ჯარიმა არის გათვალისწინებული 1000 ლარი”, - განაცხადა გრიგოლ გიორგაძემ.

რაც შეეხება ჯარში გაწვევის შეტყობინებასთან დაკავშირებულ, წესს გიორგაძის თქმით, სიახლე არც შეტყობინების კუთხით ინერგება, რადგან ის აპრობირებულია სასამართლოში და ადმინისტრაციულ ორგანოებში.

მისივე თქმით, დღეს კომუნიკაციის უამრავი საშუალება არსებობს, საიტი კი ბოლო პროცედურაა. გიორგაძის განცხადებით, შეუძლებელია ადამიანი ვერ იპოვო და ვერ დაუკავშირდე.

“ჩვენ საიტზე ატვირთვის რაიმე სიახლე არ შემოგვაქვს. წლებია უკვე ეს მექანიზმი არსებობს როგორც სხვა სახელმწიფო უწყებებში, ასევე თავდაცვის სამინისტროშიც.

[თუ წვევამდელი შეტყობინებას ვერ ნახავს, მაშინ გასაჩივრებას ექვემდებარება. შესაძლებელია მართლაც იყოს ობიექტური მიზეზი, რომლის გამოც ეს ცნობილი არ გახდა და მაშინ ამაზე უნდა იმსჯელოს შემდეგ სასამართლომ ინდივიდუალურად.

დღეს არსებობს უამრავი კომუნიკაციის საშუალებები, საიტი არის ბოლო პროცედურა და პრაქტიკულად შეუძლებელია ადამიანი ვერ იპოვო და ვერ დაუკავშირდე იმდენი კომუნიკაციის საშუალება არსებობს. თუ უკვე შეგნებულად თავის არიდებას ემსახურება, სწორედ ამიტომაა ეს მექანიზმი შემოღებული, რომ ვალდებულება უნდა შესრულდეს.

ჯერ პირდაპირი კომუნიკაციის მცდელობა არის უშუალოდ წვევამდელთან ან ოჯახის წევრებთან, ეს როგორც სატელეფონო, ასევე SMS შეტყობინებით, ასევე შეიძლება იყოს ფოსტის საშუალებით, მისამართზე ვიზიტი - ძალიან ბევრი საშუალებაა, ვიდრე საიტზე აიტვირთება”, - განაცხადა გრიგოლ გიორგაძემ.

პარლამენტის თავდაცვის კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა „თავდაცვის კოდექსში“ დაგეგმილ ცვლილებებს, რომლის ერთ-ერთი სიახლეა ის, რომ წვევამდელის გამოძახება როგორც უწყების ჩაბარებით, ასევე კომუნიკაციის სხვა საშუალებებით - მათ შორის მოკლე ტექსტური შეტყობინებით განხორციელდება.

პროექტის მიხედვით, წვევამდელთა სამხედრო სამსახურში გაწვევა შემდეგი თანმიმდევრობით მოხდება: - პირისათვის შეტყობინების/უწყების ჩაბარებით, რაც პირის ხელმოწერილი დოკუმენტით, ხოლო თუ იგი დოკუმენტის ხელმოწერაზე უარს ამბობს შეტყობინების/უწყების ჩაბარების უფლებამოსილების მქონე პირის ხელმოწერით უნდა დასტურდებოდეს; ტექნიკური ან კომუნიკაციის სხვა საშუალებით, რაც უკუკავშირით და შესაბამისი ორგანოს მიერ შედგენილი აქტით დადასტურდება.

კანონის პროექტის თანახმად, თუ წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის და სამხედრო სამსახურში გაწვევის მიზნით შეტყობინების/უწყების ჩაბარება ვერ ხერხდება ან მოკლე ტექსტური შეტყობინებით ან ელექტრონული ფოსტით უკუკავშირი არ განხორციელდა 2 სამუშაო დღის ვადაში ან ფოსტის მეშვეობით გაგზავნა შეუძლებელია, სამხედრო აღრიცხვის განმახორციელებელი ორგანო ოფიციალურ ვებ-გვერდზე, არაუგვიანეს მე-2 სამუშაო დღისა, გამოძახების შესახებ შეტყობინებას/უწყებას აქვეყნებს, რომელიც გამოქვეყნებიდან მე-7 კალენდარულ დღეს ჩაბარებულად მიიჩნევა. ამ შემთხვევაში პირი ვალდებული იქნება წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის შესახებ შეტყობინების/უწყების ოფიციალურად ჩაბარებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში, წვევამდელის სამხედრო აღრიცხვის განმახორციელებელ ორგანოში გამოცხადდეს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა