ჩვენი გუნდი საქართველოში რაც შეიძლება მეტი მეგობრის სტუმრობას მიესალმება - ქვეყანაში რაც შეიძლება მეტი დელეგაცია უნდა ჩამოდიოდეს, განსაკუთრებით იმ ქვეყნებიდან, რომლებიც ყოველთვის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორები იყვნენ, - ამის შესახებ “გახარია საქართველოსთვის” დეპუტატმა, სოფიო ხორგუანმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ლევან მახაშვილის განცხადებას, რომ აპრილში ამერიკის შეერთებული შტატებიდან ჩამოვა ჯგუფი, რომელიც საქართველოში მიმდინარე პროცესებს შეისწავლის.
ხორგუანის თქმით, “მათი ინტერესია, რომ სტრატეგიულ პარტნიორებთან, იმ ქვეყნებთან, ვისთანაც დამოუკიდებლობის მანძილზე, კარგი და მეგობრული ურთიერთობა გვქონდა, უნდა აღდგეს.”
“ჩვენი გუნდი საქართველოში რაც შეიძლება მეტი მეგობრის სტუმრობას მიესალმება. ქვეყანაში რაც შეიძლება მეტი დელეგაცია უნდა ჩამოდიოდეს, განსაკუთრებით იმ ქვეყნებიდან, რომლებიც ყოველთვის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორები იყვნენ. რა რეალობაცაა საქართველო-ამერიკას შორის, ამაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება. სამწუხაროა, რაც გვჭირს - ის, რომ ჩვენს მეგობრებთან ურთიერთობა გაგვიფუჭდა და გაგვიფუჭდა სწორედ ხელისუფლების დამსახურებით და არა, სხვა მიზეზით. რაც არ უნდა თქვან პროპაგანდით, რეალობა ესაა. ჩვენი ინტერესია, რომ სტრატეგიულ პარტნიორებთან, იმ ქვეყნებთან, ვისთანაც დამოუკიდებლობის მანძილზე, კარგი და მეგობრული ურთიერთობა გვქონდა, უნდა აღდგეს. ის, რაც გერმანიასთან დაკავშირებით ხდება, არასწორია, როცა ელჩს ლანძღავენ - ელჩი სახელმწიფოს სახელით ლაპარაკობს. თუ რაიმე კანონმდებლობაა საქართველოში, კონსტიტუცია თუ „ადმინისტრაციული კოდექსი“, სწორედ მათი დახმარებით დაიწერა. რაც დამოუკიდებელი ქვეყანა გავხდით, ეს ხალხი გვეხმარებოდა, რომ საკანონმდებლო ჩარჩო შეგვექმნა. ეს ირაკლი კობახიძემ კი უნდა იცოდეს. სხვებმაც, ვინც განათლება გერმანიაში მიიღეს. დიახ, პარტნიორებთან კარგი ურთიერთობა გვჭირდება”, - განაცხადა ხორგუანმა.
ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ლევან მახაშვილის განცხადებით, აპრილში ამერიკის შეერთებული შტატებიდან საქართველოში ჩამოვა ჯგუფი, რომელიც საქართველოში მიმდინარე პროცესებს შეისწავლის.როგორც მახაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ამერიკულ მხარესთან თითოეული შეხვედრით საქართველოს ხელისუფლება ურთიერთობის აღდგენას ცდილობს.