ფრაქციამ „საქართველოსთვის“ „მინიმალური შრომის ანაზღაურების დაწესების სოციალურ-ეკონომიკური შედეგების შემსწავლელი, საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის შექმნის შესახებ“ დადგენილების პროექტი დაარეგისტრირა.
როგორც ფრაქციის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი შარაშიძემ ჟურნალისტებთან განმარტა, ეს იქნება სამი თვის განმავლობაში მოქმედი კომისია, რომელსაც ექნება საშუალება გამჭვირვალედ აწარმოოს ამ საკითხის შესწავლა, მოიწვიოს შესაბამისი ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები და დამოუკიდებელი ექსპერტები.
„ოცნებამ“, სამწუხაროდ, ჩააგდო ჩვენი საკანონმდებლო ინიციატივა საქართველოში მინიმალური ხელფასის, 1050 ლარის დაწესების შესახებ, იმ არგუმენტით, რომ საკითხი არ არის სათანადოდ შესწავლილი. სწორედ ამიტომ, ჩვენ დავარეგისტრირეთ ახალი ინიციატივა - ეს არის პარლამენტის დადგენილების პროექტი საქართველოში მინიმალური შრომის ანაზღაურების შემსწავლელი დროებითი კომისიის შექმნის შესახებ. ეს იქნება სამი თვის განმავლობაში მოქმედი კომისია, რომელსაც ექნება საშუალება გამჭვირვალედ აწარმოოს ამ საკითხის შესწავლა, მოიწვიოს შესაბამისი ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები, დამოუკიდებელი ექსპერტები და ნებისმიერი პირი, ვისაც შეუძლია ამ საკითხს დამატებითი ღირებულება შესძინოს. ჩვენი აზრით, „ოცნებას“ არ ექნება არანაირი საფუძველი უარი თქვას ამ კომისიის შექმნაზე, რადგან მათ უკვე ის არგუმენტიც გაუქარწყლდებათ, რა არგუმენტითაც, სამწუხაროდ, საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი გასწირეს სიღარიბისთვის და სოციალური უთანასწორობისთვის მაშინ, როდესაც ჩააგდეს ჩვენი საკანონმდებლო ინიციატივა“, - განაცხადა შარაშიძემ.