საქართველო - ამერიკას შორის ურთიერთობები გააქტიურებულია - ვიზიტს დაველოდებით, მზად ვართ, ამერიკასთან სტრატეგიული ურთიერთობა ახალი ფურცლიდან დავიწყოთ, რომელიც ურთიერთსასარგებლო იქნება, როგორც ამერიკისთვის, ასევე საქართველოსთვის, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ლევან მახაშვილის განცხადებას, რომ აპრილში ამერიკის შეერთებული შტატებიდან ჩამოვა ჯგუფი, რომელიც საქართველოში მიმდინარე პროცესებს შეისწავლის.
მისი თქმით, პოზიტიურია ის გზავნილები, რაც ქვეყნებს შორის არსებულ მოცემულობაზე ისმის.
„საქართველო-ამერიკას შორის ურთიერთობები გააქტიურებულია. ქართული მხარის მხრიდან არაერთი ვიზიტი იყო ამერიკაში, საქართველოში ჩამოსული იყო შეერთებული შტატების მაღალჩინოსანიც. პოზიტიურია ის გზავნილები, რაც ქვეყნებს შორის არსებულ მოცემულობაზე გვესმის. კარგად გვახსოვს, თუ რა დოზით დაზიანდა საქართველო-ამერიკის ურთიერთობა ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში. განსაკუთრებით იმ თვალსაზრისით, რომ საქართველოდან მეხუთე კოლონას ინფორმაციები წინა ადმინისტრაციაში მიჰქონდა, როცა ომის ქარცეცხლი იყო. მაშინ, როცა უკრაინაში ომი იყო, ბაიდენის ადმინისტრაცია იცლიდა და საქართველოს საკითხით დიდი დოზით ინტერესებოდა, ეს მაშინ, როცა საქართველო ყველაზე ნაკლებად იყო აქტუალური. ხელოვნურად შექმნილ აჟიოტაჟს ვხედავდით, რაც არაფორმალურ ძალებს სჭირდებოდათ, როგორც ამერიკის წინა ადმინისტრაციას, ასევე საქართველოში მოქმედ მეხუთე კოლონას, რომელიც ქვეყნის გარედან ჯამაგირს და კონკრეტულ დავალებებს იღებდა. რა თქმა უნდა, ეს სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა. ბუნებრივია, ვიზიტს დაველოდებით. მზად ვართ, ამერიკასთან სტრატეგიული ურთიერთობა ახალი ფურცლიდან დავიწყოთ, რომელიც ურთიერთსასარგებლო იქნება, როგორც ამერიკისთვის, ასევე საქართველოსთვის”, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
ცნობისთვის, ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ლევან მახაშვილის განცხადებით, აპრილში ამერიკის შეერთებული შტატებიდან საქართველოში ჩამოვა ჯგუფი, რომელიც საქართველოში მიმდინარე პროცესებს შეისწავლის. როგორც მახაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ამერიკულ მხარესთან თითოეული შეხვედრით საქართველოს ხელისუფლება ურთიერთობის აღდგენას ცდილობს.