[მიხეილ სააკაშვილი] ის ახლა სასამართლოში ცდილობს, რომ ბრუტალურად დაიცვას თავი, მათ შორის თავდასხმები მოახდინოს სხვადასხვა მოწმეზე და ალბათ, ამ სურათს ვუყურებთ დღეს ჩვენ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და ყოფილ პრემიერ-მინისტრ ზურაბ ნოღაიდელს შორის სასამართლო პროცესზე მომხდარ დაპირისპირებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, სააკაშვილს თავის ხელისუფლებაში ყოფნის დროს „მთელი რიგი უმძიმესი სხვადასხვა სახის დანაშაულებები აქვს ჩადენილი“.
„სააკაშვილთან დაკავშირებით საზოგადოებას უამრავი ინფორმაცია აქვს, რომელიც არის როგორც სასამართლო პროცესებიდან და გამოძიების შედეგებიდან მიღებული, მათ შორის სხვადასხვა იმ ავთენტური ვიდეო და აუდიო ჩანაწერებიდან, სადაც მათ შორის, ბადრი პატარკაციშვილთან დამოკიდებულება ჩანს.
აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, რომ სააკაშვილს თავის ხელისუფლებაში ყოფნის დროს აქვს მთელი რიგი უმძიმესი სხვადასხვა სახის დანაშაულებები ჩადენილი. რა თქმა უნდა, ის ახლა სასამართლოში ცდილობს, რომ ბრუტალურად დაიცვას თავი, მათ შორის თავდასხმები მოახდინოს სხვადასხვა მოწმეზე და ალბათ ამ სურათს ვუყურებთ დღეს ჩვენ.
არსებობს სასამართლო, რომელიც ყოველთვის ხელმძღვანელობს, რა თქმა უნდა, მოწმეთა ჩვენებით და ფაქტებით. მხოლოდ ამ მონაცემებზე დაყრდნობით ხდება საბოლოო ჯამში სასამართლო გადაწყვეტილების მიღება“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი სასამართლო პროცესზე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.
სხდომაზე სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც სააკაშვილმა მოწმეს კითხვებით მიმართა და მოღალატე უწოდა. სიტუაცია ისე დაიძაბა, რომ ბრალდებული ყოფილი პრეზიდენტისა და ნოღაიდელის გაშველება მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებსა და მხარეებს მოუწიათ. ორივე მათგანი ერთმანეთისკენ „გაიწია". ასევე, ნოღაიდელმა სააკაშვილს რამდენჯერმე მიმართა: "დაეგდე მანდ!"