უკრაინის დაზვერვის მონაცემებით, რუსეთმა ირანს ისრაელის ენერგოობიექტების სამიზნე სია გადასცა, - ინფორმაციას The Jerusalem Post-ი ავრცელებს.
გამოცემა უკრაინის დაზვერვასთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ რუსულმა დაზვერვამ ირანს ისრაელის კრიტიკული მნიშვნელობის 55 ენერგოობიექტის სია გადასცა.
გამოცემის თანახმად, რუსეთის მიერ გაზიარებული ინფორმაცია, ირანს საშუალებას აძლევს, რომ ისრაელის ენერგოობიექტებზე ზუსტი სარაკეტო დარტყმები მიიტანოს.
ინფორმაციის მიხედვით, სამიზნე ენერგოობიექტები მათი სტრატეგიული მნიშვნელობის მიხედვით სამ კატეგორიად იყოფა: კრიტიკული მნიშვნელობის წარმოების ობიექტები; მთავარი ურბანული და ინდუსტრიული ენერგეტიკული ჰაბები; ადგილობრივი ინფრასტრუქტურა.
რუსეთის დაზვერვის შეფასებით, „ისრაელის ენერგოსისტემა იზოლაციის მაღალი ხარისხით ხასიათდება“.
ასევე, იმის გამო, რომ ისრაელი „ენერგეტიკული კუნძულია“, რომელიც ელექტროენერგიის იმპორტს მეზობელი ქვეყნებიდან არ ახდენს, რუსეთის დაზვერვამ ირანს აცნობა, რომ რამდენიმე ცენტრალური კომპონენტის დაზიანებამაც კი შეიძლება ენერგოსისტემის სრული და ხანგრძლივი კოლაფსი გამოიწვიოს.