პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე გრიგოლ ლილუაშვილის სასამართლო პროცესი დაიხურა

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებულ, სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის სასამართლო პროცესი დაიხურა.

შესაბამისი შუამდგომლობა სახელმწიფო ბრალდებამ დააყენა.

პროკურორ მარიამ ბერძენიშვილის განმარტებით, პროცესზე ისეთი ინფორმაციები გაჟღერდება, რაც ეხება უკანონო „ქოლცენტრების" როგორც მფარველობის საკითხს, ასევე სხვადასხვა კორუფციულ დანაშაულს. პროკურორის შუამდგომლობით, შესაძლებელია, მოწმეებზე ზემოქმედება განხორციელდეს.

ბერძენიშვილის თქმით, საქმეში არსებულ მოწმეთა სახელებისა და გვარების გაჟღერებით, შესაძლოა, საფრთხე შეექმნათ მათ და მათი ოჯახის წევრებს.

აღნიშნულ შუამდგომლობას არ დაეთანხმა დაცვის მხარე. ადვოკატ ლანა ცერცვაძის თქმით, სხდომის დახურვით ბრალდებულის კანონიერი უფლებები ირღვევა.

ცერცვაძის თქმითვე, პროკურატურა სხდომის დახურვით ცდილობს, სოციუმისთვის მაქსიმალურად შეიზღუდოს ინფორმაციის მიწოდება. ადვოკატის განმარტებით, მათ ბრალდების მხარე დომინანტ მხარედ ევლინება, რადგან ისინი სოციუმს ინფორმაციას ცალმხრივად აწვდიან, ბრიფინგებს მართავენ, ადვოკატებს კი გაუთქმელობაზე აწერინებენ ხელს და ჟურნალისტებთანაც კომენტარს ვერ აკეთებენ.

მოსამართლე ნატო ხუჯაძემ ბრალდებულ გრიგოლ ლილუაშვილს ჰკითხა, ეთანხმებოდა თუ არა ის მისი ადვოკატების პოზიციას, რაზეც მან დადებითი პასუხი გასცა. მოსამართლის კითხვაზე დაამატებდა თუ არა რამეს, ლილუაშვილმა უარყოფითი პასუხი გასცა.

ცერცვაძის თქმით, პროკურატურა მათ არათანაბარ პირობებში აყენებს. ამასთან, მისი განმარტებით, პროკურატურას გრიგოლ ლილუაშვილისთვის აკრძალული აქვს მის არასრულწლოვან შვილებთან და ოჯახთან კომუნიკაცია.

ნატო ხუჯაძემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და სხდომა დახურა.

ცნობისთვის, პროკურატურაში გამოკითხვაზე მისული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი 23 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს