ეს არ არის სტრუქტურა, რომელიც კლასიკურად, ბანკის ფუნქციას ასრულებს და რაიმე ფორმით, ეროვნული ბანკის ზედამხედველობის ქვეშ იქნება - ეს იქნება კლასიკური განვითარების ინსტიტუტი, რომელიც შეასრულებს მნიშვნელოვან ფუნქციებს, - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა „საქართველოს ეკონომიკის განვითარების ბანკთან“ დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მისივე თქმით, ბანკთან დაკავშირებით იქნება „ახალი ელემენტები, რომლებიც შესაძლებელია, საკმაოდ საინტერესო იყოს ბიზნესის ხელშეწყობისთვის და განვითარებისთვის საქართველოში“.
„ეს არ არის სტრუქტურა, რომელიც კლასიკურად ბანკის ფუნქციას ასრულებს და რაიმე ფორმით, იქნება ეროვნული ბანკის ზედამხედველობის ქვეშ იქიდან გამომდინარე, რომ მას არ ექნება ის ფუნქციები, რაც ეროვნული ბანკის ზედამხედველობას საჭიროებს. ეს არის კლასიკური განვითარების ინსტიტუტის მოდელი, რომელიც ძალიან ბევრ ქვეყანას აქვს, განვითარებად ქვეყნებს და განვითარებულ ქვეყნებსაც, მათ შორის, ძირითადად, საგარეო მიმართულებით. ბუნებრივია, ჩვენი ეკონომიკის დონიდან გამომდინარე, სრულად, 100%-ით იქნება კონცენტრირებული შიდა პროექტებზე და საქართველოს ეკონომიკის განვითარებაზე. უფრო დეტალურად, როცა პრეზენტაცია იქნება, მაშინ იქნება შესაძლებელი [საუბარი] განვითარების ინსტიტუტის მანდატზე და მის გეგმებთან დაკავშირებით.
რაც შეგვიძლია ცალსახად ვთქვათ, ეს არ იქნება სახელმწიფო ბანკი კლასიკური გაგებით, მას არ ექნება ის ფუნქციები, რაც საჭიროებს ეროვნული ბანკის მხრიდან ზედამხედველობას. ეს იქნება კლასიკური განვითარების ინსტიტუტი, რომელიც შეასრულებს მნიშვნელოვან ფუნქციებს. მათ შორის, არსებული ფუნქციების სხვადასხვა მიმართულებით მოხდება კონსოლიდირება და ასევე, იქნება ახალი ელემენტებიც. ეს ელემენტები შესაძლებელია, საკმაოდ საინტერესო იყოს ბიზნესის ხელშეწყობისთვის და განვითარებისთვის საქართველოში”, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.