საქართველოში ვიზიტად მყოფი ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ერმეკ კოშერბაევი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს და მიხეილ ყაველაშვილს შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა არაერთი მიმართულებით ორი ქვეყნის წარმატებულ თანამშრომლობაზე, რაც კარგ საფუძველს წარმოადგენს სხვადასხვა სფეროში სტრატეგიული პარტნიორობისთვის.
„საუბარი შეეხო სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ზრდის დინამიკას. აღინიშნა, რომ ყაზახეთი ცენტრალურ აზიაში საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და სტაბილური სავაჭრო პარტნიორია. განიხილეს ყაზახეთიდან ინვესტიციების ზრდა საქართველოს ეკონომიკის საკვანძო სექტორებში, როგორებიცაა მათ შორის ლოგისტიკა, ენერგეტიკა, ტურიზმი და სოფლის მეურნეობა.
შეხვედრაზე ასევე ყურადღება დაეთმო შუა დერეფნის პოტენციალს და საქართველოსა და ყაზახეთის ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას სატრანზიტო დერეფნის შემდგომი განვითარებისა და რეგიონულ დაკავშირებადობაში მისი როლის გაძლიერებისთვის“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
ამასთან, საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოსა და ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის აქტუალური საკითხები. საუბარი შეეხო, ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავებასა და მაღალი დონის ვიზიტების განხორციელების მნიშვნელობას.
„განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაძლიერებას. მხარეებმა ხაზი გაუსვეს „შუა დერეფნის“ განვითარების პროცესში საქართველოსა და ყაზახეთის თანამშრომლობას.
შეხვედრის დასასრულს საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხელი მოაწერეს 2026-2027 წლებში საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის თანამშრომლობის პროგრამას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
რაც შეეხება მიხეილ ყაველაშვილისა და ერმეკ კოშერბაევის შეხვედრას, პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკას შორის არსებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები და ხაზი გაუსვეს სხვადასხვა სფეროში მიმდინარე წარმატებულ თანამშრომლობას. საუბარი შეეხო ურთიერთობების სტრატეგიულ დონეზე აყვანასთან დაკავშირებულ საკითხებს.
„როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ორ ქვეყანას შორის არსებული მტკიცე პარტნიორობა ეფუძნება ურთიერთპატივისცემას, ეროვნული ინტერესების დაცვასა და საერთო რეგიონული ინტერესების გათვალისწინებას.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მიმდინარე გლობალურ პოლიტიკურ პროცესებსა და აქტიურ კონფლიქტებს. აღინიშნა, რომ ამ გამოწვევების ფონზე, სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში სტაბილურობისა და მშვიდობის შენარჩუნება გლობალურ მნიშვნელობას იძენს. ამასთან, მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს კომპლექსურ და სწრაფად ცვალებად გეოპოლიტიკურ გარემოში შუა დერეფნის მზარდ როლსა და რეგიონული დაკავშირებადობის განვითარების მნიშვნელობაზე.
საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, ერმეკ კოშერბაევს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.
შეხვედრა პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა და მას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი, ყაზახეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ანტონ ობოლაშვილი, ყაზახეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლევან დიასამიძე და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.