ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში (EJOI) ეროვნული ნაკრების დასაკომპლექტებლად საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბში რეგისტრაცია დაიწყო

საქართველოს ტექოლიმპიადების ჰაბში ინფორმატიკის ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიადის (EJOI) ეროვნული ნაკრების დასაკომპლექტებლად მოსწავლეთა რეგისტრაცია დაიწყო. პირველი საკვალიფიკაციო ტურის საფუძველზე გამოვლინდებიან საუკეთესო კანდიდატები, რომლებიც შემდგომ ეროვნულ ნაკრებს დააკომპლექტებენ.

ოლიმპიადაში მონაწილეობა შეუძლიათ 16 წლამდე ასაკის მოსწავლეებს, რომლებიც დაბადებული არიან 2010 წლის 31 დეკემბრის შემდეგ.

ოლიმპიადა მონაწილეებს ეხმარება ადრეული ასაკიდანვე დაეუფლონ რთულ ალგორითმებთან მუშაობას, რაც მოითხოვს:

  • ოპტიმალური გადაწყვეტილებების ძიებას;
  • ალგორითმების შემუშავებასა და პროგრამულ რეალიზაციას;
  • მონაცემთა საბაზო სტრუქტურების სიღრმისეულ ცოდნას;
  • პროგრამირების მაღალ დონეზე ფლობას.

EJOI განკუთვნილია ნიჭიერი ახალგაზრდა პროგრამისტებისთვის და წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს მოსამზადებელ ეტაპს საერთაშორისო ოლიმპიადებისკენ მიმავალ გზაზე. ის 2017 წლიდან ტარდება და მასში ყოველწლიურად 30-მდე ქვეყანა მონაწილეობს. საქართველომ ამ პრესტიჟულ ტურნირს ორჯერ, 2020 და 2023 წლებში უმასპინძლა. წლების განმავლობაში საქართველოს ნაკრებმა EJOI-ზე შთამბეჭდავი შედეგები აჩვენა. საერთო ჯამში მოპოვებული გვაქვს: 2 ოქრო, 4 ვერცხლი და 20 ბრინჯაოს მედალი. საქართველოს ნაკრების წევრი ნიკოლოზ ბირკაძე კი ევროპის აბსოლუტური ჩემპიონი გახდა.

საბა გოდუაძე EJOI 2025-ის ბრინჯაოს მედლის მფლობელია. ის აღნიშნავს, რომ ეს არის პლატფორმა, სადაც მსოფლიოს საუკეთესო ახალგაზრდა პროგრამისტები ხვდებიან.

„საერთაშორისო ოლიმპიადა მხოლოდ შეჯიბრი არ არის – ეს არის პლატფორმა, სადაც მსოფლიოს საუკეთესო ახალგაზრდა პროგრამისტები ხვდებიან. წარმატება ერთ დიდ გამარჯვებაში კი არა, ყოველდღიურ შრომასა და უწყვეტ განვითარებაშია,“ - ამბობს საბა გოდუაძე.

„მზადების პროცესი არ არის მარტივი, ის დიდ დროს, დისციპლინასა და გამძლეობას მოითხოვს. ამ გზაზე მთავარია ემოციების მართვა, რადგან ზედმეტი ნერვიულობა ხშირად დამაზიანებელია,“ - აღნიშნავს EJOI 2024-ის ბრინჯაოს პრიზიორი ვლადიმერ ფრანგიშვილი.

აღსანიშნავია, რომ ქართველი ოლიმპიელები სწავლას ისეთ წამყვან უნივერსიტეტებში აგრძელებენ, როგორებიცაა: MIT, Carnegie Mellon, Vanderbilt, NYU Abu Dhabi, NUS და სხვა.

წელს საქართველოს ეროვნული ნაკრების შერჩევასა და გადამზადებას ტექ ოლიმპიადების ჰაბი უზრუნველყოფს. ეს პროცესი რამდენიმე საფეხურს მოიცავს. I საკვალიფიკაციო ტურზე რეგისტრაციის შემდეგ ნაკრების შესარჩევი ეტაპია, რომლის შედეგადაც დაკომპლექტდება საქართველოს ეროვნული ნაკრები. ჰაბის ფარგლებში ნაკრების გუნდისთვის გაივლის გადამზადებას და შემდეგ ევროპის EJOI ოლიმპიადაში, ლიეტუვაში იასპარეზებს.

საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში თიბისი ბანკის მხარდაჭერით დაფუძნდა. ჰაბის მთავარი მიზანია ნიჭიერი მოსწავლეების შერჩევა და მათი საერთაშორისო ასპარეზისთვის მომზადება, მათ შორის საქართველოს სრულიად საქართველოს მოსწავლეთა ოლიმპიადის ჩატარება. პლატფორმა უზრუნველყოფს ეროვნული ნაკრებების ფორმირებას, წვრთნასა და მხარდაჭერას ევროპის, მსოფლიოსა და საქართველოს ინფორმატიკის ოლიმპიადებზე, რათა საქართველო ტექნოლოგიურ სფეროში ღირსეულად წარმოჩინდეს და საუკეთესო საოლიმპიადო შედეგები დააფიქსიროს. პროექტის პარტნიორები არიან: გაეროს ქალთა ორგანიზაცია, საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაცია (GAIA), ICT ასოციაცია, ლინეიტი, ეპამი და დეველოპერული კომპანია ბლოქსი.

EJOI-ზე I საკვალიფიკაციო ტურის რეგისტრაცია აპრილის ბოლომდე გაგრძელდება. რეგისტრაცია შესაძლებელია შემდეგ ბმულზე.

(R)

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს