ბრალდების მხარე სასამართლოს წინაშე წარმოდგენილი არის სხვადასხვა სახეობის და კატეგორიის მტკიცებულებით და მტკიცებულებები არის ერთმანეთთან თანხვედრაში შინაარსობრივად. საბოლოოდ, მჯერა, რომ სასამართლო მიიღებს ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებას გამამტყუნებელი განაჩენის სახით - ამის შესახებ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული, სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის საქმის პროკურორმა მარიამ ბერძენიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, ბრალდებულ გრიგოლ ლილუაშვილს ოჯახის წევრებთან კონტაქტი, მის მიერ გამოტანილი დადგენილებით აქვს შეზღუდული.
„დღეს იყო წინასასამართლო სხდომა ბრალდებულ გრიგოლ ლილუაშვილთან მიმართებით. იცით, რომ მას ბრალად აქვს წარდგენილი ქრთამის აღების ოთხი ეპიზოდი.
ბრალდების მხარემ გამოძიების მიმდინარეობის პროცესში მოიპოვა საქმეში ასამდე პირის გამოკითხვის ოქმი, ასევე, ჩატარებულია სხვადასხვა სახის საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის, ჩხრეკა, ამოღება, გამოთხოვა, დამუშავებულია გამოთხოვილი ინფორმაცია შინაარსობრივად. ეს ყოველივე მოდის თანხვედრაში მოწმეთა მიერ მოწოდებული ინფორმაციის შინაარსთანაც. შესაბამისად, ამ საქმეში მოიპოვება ურთიერთშეჯერებული მტკიცებულებები პირდაპირი ხასიათის, რაც თითოეულ ბრალად წარდგენილ ეპიზოდთან მიმართებით ადასტურებს ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენის ფაქტს.
რაც შეეხება წინასასამართლო სხდომის ეტაპებს, დღეს ბრალდების მხარემ და დაცვის მხარემ იშუამდგომლეს სასამართლოს წინაშე, რომ წარდგენილი ინფორმაცია დასაშვებად ყოფილიყო ცნობილი როგორც მტკიცებულება. როგორც მე, ბრალდების მხარეს, ისე დაცვის მხარეს გვქონდა გარკვეული პოზიციები დაუშვებლობებთან დაკავშირებით. შესაბამისად, ჩვენ მიერ დაყენდა ეს შუამდგომლობები და სასამართლომ აღნიშნულ ეტაპზე გადადო პროცესი. შემდგომ პროცესზე ჩვენ გავაჟღერებთ დამატებით ჩვენს არგუმენტებს.
რაც შეეხება სხდომის დახურვის მოტივს, ყოფილი მაღალჩინოსნები არიან ამ შემთხვევაში გრიგოლ ლილუაშვილი, ოთარ ფარცხალაძე. თქვენ იცით, რომ ფარცხალაძესაც წარდგენილი აქვს ბრალი. ყოფილი მაღალი თანამდებობის პირებთან დაკავშირებით გარკვეული ინფორმაცია მოწმეებს აქვთ დაფიქსირებული. ჩემი მოტივაცია, როგორც სახელმწიფო ბრალმდებლის არის, რომ საქმეზე დადგეს ობიექტური შედეგი. სასამართლოს მიეცეს შესაძლებლობა, რომ მოწმეების ჩვენებები მოისმინოს თავისუფალი ნების ფარგლებში. ამ მოტივაციისა და მიზნის მისაღწევად ბრალდების მხარე კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაძლებლობის ფარგლებში აკეთებს ყველაფერს, რომ ამ პირებზე არ განხორციელდეს ზეწოლა. როდესაც მოწმე საუბრობს ამა თუ იმ ყოფილ თანამდებობის პირზე, არაერთ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენაში ამხელს, ბუნებრივია, მასზე, როგორც საქმისთვის მნიშვნელოვან მოწმეზე, დიდი არის საფრთხე, რომ მოხდეს ზეწოლა. რა თქმა უნდა, ბრალდების მხარე სასამართლოს წინაშე წარმოდგენილი არის სხვადასხვა სახეობის და კატეგორიის მტკიცებულებით და ეს მტკიცებულებები არის ერთმანეთთან თანხვედრაში შინაარსობრივად. საბოლოოდ მჯერა, რომ სასამართლო მიიღებს ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებას გამამტყუნებელი განაჩენის სახით.
რაც შეეხება შეზღუდვებს, პროკურორს აქვს უფლება მხოლოდ ბრალდებულთან დაკავშირებით გამოიტანოს დადგენილება სხვადასხვა უფლებების შეზღუდვასთან დაკავშირებით. ამ შემთხვევაში საუბარია კომუნიკაციის შესაძლებლობასთან დაკავშირებით. ვინაიდან როგორც უკვე აღვნიშნე, ამ საქმეზე არის საფრთხე, რომ მოწმეებზე განხორციელდეს ზეწოლა, ბრალდებულ გრიგოლ ლილუაშვილის მიმართაც ასეთი დადგენილება მაქვს გამოტანილი. შესაბამისად, როცა გამოტანილია დადგენილება შეზღუდვასთან დაკავშირებით, მას ერთმევა შესაძლებლობა, რომ დაუკავშირდეს ნებისმიერ პირს, მათ შორის, ოჯახის წევრებს. გამონაკლისია ადვოკატი. როცა მოწმე საკმაოდ ღირებულ ინფორმაციას იძლევა, შესაძლებლობა, რომ ამ მოწმეებზე სხვადასხვა ფორმით ზეწოლა განხორციელდეს, ყოველთვის არსებობს“,- განაცხადა პროკურორმა.
ცნობისთვის, პროკურატურაში გამოკითხვაზე მისული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი 23 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.