კახა გოგოლაშვილი - ვფიქრობ, ტრამპს გადააფიქრებინებენ, შეიძლება მტკივნეული დარტყმები მიაყენოს, მაგრამ არ მგონია, ირანის მთელი ინფრასტრუქტურა გაანადგუროს

„ევროპული კვლევების ცენტრის“ დირექტორის, კახა გოგოლაშვილის შეფასებით, აშშ ირანში ინტერვენციისთვის არ ემზადებოდა, შესაბამისად, ნაკლებად მოსალოდნელია, რომ მხოლოდ საჰაერო დაბომბვებმა რეჟიმის ცვლილების კუთხით შედეგი გამოიღოს.

როგორც გოგოლაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ ირანში პოლიტიკური გარემო შესაძლოა უფრო მარტივი იყო, ვიდრე ერაყსა და ავღანეთში, ინტერვენცია მაინც გაუმართლებელი და მოუმზადებელი აღმოჩნდა.

„ამერიკას აფრთხილებდნენ, რომ ცივილიზაციის და დემოკრატიის ძალით შეცვლა შეუძლებელია. პოლიტიკურად ირანში შეიძლება უფრო მარტივი გარემო იყო, ვიდრე ერაყსა და ავღანეთში, მიუხედავად ამისა, ინტერვენცია გაუმართლებელი და მოუმზადებელი იყო. ამერიკა არ იყო მზად იმისთვის, რომ ირანში შეჭრილიყო. საუბარი იყო იმაზე, რომ ამერიკა დაეხმარება, თუ არა დემოკრატიულ ოპოზიციას და არა იმაზე, რომ დაბომბავდა და ატომურ იარაღებს გაუნადგურებდა. ინტერვენციისთვის არ ემზადებოდა, მობილიზებული არ ჰყავდა სახმელეთო ჯარი. უბრალოდ, ირანი მასიურად დაბომბეს, რომელიც შედეგის მომცემი არ არის, განსაკუთრებით, მას შემდეგ, რაც ელიტა გაანადგურეს. ის ელიტა, რაც არ უნდა ცუდი და რეპრესიული ყოფილიყო, ის იყო მათი კანონებით ლეგიტიმური. ის ელიტა აცნობიერებდა თავის მანდატს, რომელიც მისცა თავისმა საზოგადოებამ. ახლა ირანს მართავს ხალხი, რომელიც გაბრაზებულია, რომლებმაც ერთმანეთს უნდა დაუმტკიცონ, რომ არაფრის ეშინიათ.

მგონია, რომ მომლაპარაკებელიც არავინ არის. უბრალოდ არიან ადამიანები, რომლებიც მზად არიან იბრძოლო, მაგრამ არანაირ პასუხისმგებლობას არ ატარებენ იმიტომ, რომ არც ჩანან. არავინ იცის ვინ არიან ხელმძღვანელები. ნებისმიერი სახის პარტიზანული ომისთვის არიან მზად“,- განაცხადა გოგოლაშვილმა.

გოგოლაშვილი ასევე ეხმიანება დონალდ ტრამპის განცხადებებს და აღნიშნავს, რომ მკაცრმა რიტორიკამ შესაძლოა ირანული საზოგადოება უფრო მეტად გააერთიანოს გარე საფრთხის წინააღმდეგ.

მისი პროგნოზით, საბოლოოდ აშშ არ წავა ირანის სრული ინფრასტრუქტურის განადგურებაზე, თუმცა არ გამორიცხავს შეზღუდულ სამხედრო დარტყმებს.

„ტრამპის განცხადებამ, რომ ირანს ქვის ხანაში დავაბრუნებო, არ მგონია ამან დადებითი გავლენა იქონიოს. ირანელი ერი, რომელიც გაყოფილი იყო, ახლა შეიძლება შეიკრას, [ირანელი ერისთვის] ვინ არის უფრო დიდი მტერი, ვინც რეპრესიებს ატარებდა, თუ ვინც ცივილიზაციის განადგურებით იმუქრება?

მგონია, რომ საბოლოო ჯამში, ტრამპს გადააფიქრებინებენ. შეიძლება იმის გამო, რომ სიტყვა არ გატეხოს, მტკივნეული დარტყმები მიაყენოს, მაგრამ არ მგონია, ირანის მთელი ინფრასტრუქტურა გაანადგუროს“, - განაცხადა გოგოლაშვილმა.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს