მინიმალურზე მინიმალურია იმის შანსი, რომ ირანმა უკან დაიხიოს, ეს მის ეგზისტენციალურ ღერძს ეწინააღმდეგება, - ამის შესახებ „ჯეოქეისის“ მკვლევარმა გიორგი ანთაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ განაცხადა.
გიორგი ანთაძის თქმით, ირანი ფსონს ესკალაციაზე დებს, რადგან იცის, რომ ხანგრძლივ ომს აშშ-სთვის პოლიტიკური საფასური ექნება.
„იქიდან გამომდინარე, რასაც დონალდ ტრამპი და ამერიკული მხარე გვეუბნება, 24 საათში კონფლიქტი თვისობრივად ახალ ეტაპზე უნდა გადავიდეს. სხვა ვარიანტი არ არსებობს, რომ განვაზოგადოთ, ან პოლიტიკურად უკან უნდა დაიწყოს დახევა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, გამოსვლის გეგმა ეძებოს, უკანა კარი იპოვოს, ან ესკალაციის შემდეგ საფეხურზე უნდა გადავიდეს, რამაც შეიძლება ახსნას ტრამპის სიტყვები ცივილიზაციის განადგურებაზე. რა თქმა უნდა, ამ სიტყვების შეფასება სერიოზული ვერ იქნება, ირანული და სპარსული ცივილიზაცია ისეთივე ძველია, როგორც კაცობრიობა, აქედან გამომდინარე, როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები, ცივილიზაციურ დარტყმაზე საუბარი ცოტა გადამეტებულია, თუმცა რისკები, რაც ამ გადაწყვეტილებებს ახლავს, შეიძლება არასათანადო შეფასებას გულისხმობდეს ზუსტად იმ ცივილიზაციის, რომლის წინააღმდეგაც არის ჩართული დონალდ ტრამპი, რომელიც ღრმად რელიგიურ და იდეოლოგიურ საფუძველზე დევს”, - აცხადებს ანთაძე.
ექსპერტის შეფასებით, ირანის მხრიდან სისუსტის ჩვენებაც რისკის შემცველია, რადგან ფსონი დადებულია ესკალაციაზე.
„ძალიან დიდი რისკის შემცველი იქნება ირანის მხრიდან სისუსტის ჩვენება ამიტომ, თავიდანვე არაერთხელ მითქვამს, რომ ფსონი დადებულია ესკალაციაზე იმაზე, რომ ხანგრძლივი ომი აშშ-სთვის პოლიტიკურად სხვა საფასურია, ხოლო ირანისთვის მისაღებია. ირანი მოსახლეობის დანაკარგებს არაფრად აგდებს და ეს ჩვენ ამ საბრძოლო მოქმედებების დაწყებამდეც ვნახეთ. ათასობით ადამიანი შეეწირა რეჟიმის ხედვებს. ვფიქრობ, რომ ცალსახად ძალიან მნიშვნელოვან მომენტში ვართ, თუ დაიწყო ესკალაცია, რა პოლიტიკურ შედეგს მოიტანს, ძნელი სათქმელია. რისკები ძალიან მაღალია და არ ვარ დარწმუნებული, რომ, ყველაფერი სათანადოდაა აწონილ-დაწონილი აშშ-ს მიერ“, - განაცხადა გიორგი ანთაძემ.