„თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ ხელმძღვანელის, გიორგი ბახტურიძის ინფორმაციით, კვლევის თანახმად, საღეჭი ნიკოტინის ბალიშებს, რომელიც გასულ წელს შემოვიდა ქვეყანაში, 15-18 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში ძალიან მაღალი მოხმარების მაჩვენებელი აქვს.
როგორც გიორგი ბახტურიძე „ინტერპრესნიუსთან“ აღნიშნავს, ბოლო კვლევების თანახმად, ასევე გაზრდილია ელექტრონული სიგარეტის მოხმარების მაჩვენებელი 15-16 წლის მოზარდებში. მისივე თქმით, ნიკოტინის ბალიშების და ელექტრონული სიგარეტის წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია უნდა აიკრძალოს იქიდან გამომდინარე, რომ მონაცემები „საგანგაშოა და ეპიდემიის მანიშნებელია“.
„ჩვენ, 15-16 წლის მოზარდებში, თამბაქოს მოხმარება 2019 წელს გვქონდა 18% და ბოლო კვლევის თანახმად, რომელიც 2024 წელს ჩატარდა 11%-ს შეადგენდა. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი კლება გვაქვს, მაგრამ რაც შეეხება ელექტრონულ სიგარეტს, მართალია ბაზარზე ახალი შემოსულია, მაგრამ ბავშვებში და ახალგაზრდები ფეხი ძალიან მოიკიდა, საგანგაშო სტატისტიკა გვაქვს - 15-16 წლის მოზარდებში, „ალკოჰოლის და სხვა ნარკოტიკული ნივთიერებების შესახებ ევროპული კვლევის“ თანახმად, 2019 წელს გვქონდა ელექტრონული სიგარეტის მოხმარების 7 %-იანი მაჩვენებელი და 2024 წლის მონაცემებით 14 %-ზე მეტი არის მოხმარების მაჩვენებელი.
რაც შეეხება საღეჭი ნიკოტინის ბალიშებს, გასულ წელს პირველად ჩატარდა თამბაქოს მოხმარების შესახებ ეროვნული კვლევა და 15-18 წლამდე ასაკის მონაცემები ამოიღეს, შედეგად ნახეს, რომ დაახლოებით 2%-ზე მეტია საღეჭი ნიკოტინის ბალიშების მოხმარება. გასულ წელს შემოვიდა ბაზარზე საღეჭი ნიკოტინის ბალიშები და სასტარტო პირობები შემაშფოთებელია. ახლა რომ შემოვიდა ბაზარზე და ასეთი მაღალია მოხმარება, აქაც მნიშვნელოვანი შეშფოთების საგანი გვაქვს.
რა შეიძლება იყოს აღნიშნულის მიზეზი? თამბაქოს და ნიკოტინის ინდუსტრია ერთი და იგივე ინდუსტრიაა. ერთი კომპანია ფლობს როგორც ჩვეულებრივ თამბაქოს, ასევე გასახურებელ თამბაქოს, საღეჭი ბალიშები და ელექტრონული სიგარეტიც შემოაქვთ ბაზარზე. დამოუკიდებლად ელექტრონული სიგარეტი შემოდის ჩინეთიდანაც. 2018 წლიდან, ჩვენ როგორც ჩვეულებრივ, ისე გასახურებელ თამბაქოზე, ელექტრონულ სიგარეტზე რეკლამა - პოპულარიზაციის სპონსორობის ყველა ფორმა აკრძალული გვაქვს. სამწუხაროდ, სოციალურ ქსელში, სოციალურ მედიაში გვაქვს ძალიან დიდი პრობლემა. გარდა იმისა, რომ ინტერნეტ სივრცეში რეკლამა აკრძალული გვაქვს, სამწუხაროდ, ხშირია დარღვევის შემთხვევები. მაგალითად, „იუთუბ“ გადაცემაზე, „ინსტაგრამზე“, „ფეისბუქ“ გვერდზე ცნობილი სახეები ახდენენ კონკრეტული ბრენდების, ელექტრონული ბრენდების დემონსტრირებას, როგორც მოწევის, ისე ლოგოსი, სახეობის... ეს უკანონოა, ხშირად ჩვენ ვაფიქსირებთ ამ დარღვევებს და ინფორმაციის მიწოდება ხდება შემოსავლების სამსახურისთვის, რათა სანქცირება მოახდინონ. 5000-ლარიანი საჯარიმო სანქციაა, თუ მოხდება ინტერნეტით უკანონო რეკლამა-პოპულარიზაცია. იმდენად ხშირია უკანონო ქმედებები, რომ რთულია ამ პროცესის ბოლომდე მიდევნება.
ჩვენი წინადადებაა, რომ ნიკოტინის ბალიშების და ელექტრონული სიგარეტის წარმოება, იმპორტი, რეალიზაცია აიკრძალოს.
იქიდან გამომდინარე, რომ მონაცემები საგანგაშოა და ეპიდემიის მანიშნებელია, ჩვენც მოვითხოვთ გადამჭრელი ზომების მიღებას, საერთოდ იყოს აკრძალული. ყველა პროდუქტში უნდა მოხდეს არომატიზატორების და დანამატების აკრძალვაც, არ იყოს მიმზიდველი ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის“,- აღნიშნავს ბახტურიძე.