პლასტმასის აკრძალვასთან დაკავშირებით სრული კომპრომისი მივიღეთ - ეს წაადგება ქართულ ეკონომიკასაც, ბიზნესსაც, მწარმოებლებსაც, დისტრიბუტორებსაც და რაც მთავარია, მძიმე ტვირთად არ აისახება საშუალო და დაბალი შემოსავლის მქონე მოქალაქეებზე, - ამის შესახებ „ხალხის ძალის" დეპუტატმა, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, რითაც პლასტმასის ბოთლებში სასმლის წარმოების იმპორტისა და ბაზარზე განთავსების რეგულაციის ამოქმედების 4 წლით გადავადებას გამოეხმაურა.
ხუნდაძემ პრემიერს ამ გადაწყვეტილებისთვის მადლობა გადაუხადა.
„ორი დღის წინ, „ხალხის ძალის" მიერ დაყენებულ პრინციპულ, არგუმენტირებულ საკითხთან დაკავშირებით, რაც პლასტმასის აკრძალვასთან დაკავშირებით მთავრობის დადგენილებას ეხებოდა, მთავრობისგან და უშუალოდ პრემიერისგან იყო კომპრომისული გადაწყვეტილება. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია. კარგია, რომ არის სრული კომპრომისი. ვფიქრობ, ეს წაადგება ქართულ ეკონომიკასაც, რომ ის არ იქნება შოკური ეფექტის მოლოდინში. ეს წაადგება ბიზნესსაც, მწარმოებლებსაც, დისტრიბუტორებსაც. მათ ექნებათ ადაპტაციისთვის დრო. რაც მთავარია, ეს მძიმე ტვირთად არ აისახება საშუალო და განსაკუთრებით, დაბალი შემოსავლის მქონე მოქალაქეებზე, რამეთუ ეს გადაწყვეტილება, რომელიც მთავრობამ მიიღო, რომ ასე ხელაღებით კრძალავდა პლასტმასს წარმოებაში და კვების სექტორში, პროდუქტს გააძვირებდა. ეს, ასევე, რა თქმა უნდა, არ არის სახარბიელო ისედაც ეკოლოგიურად საკმაოდ მაღალი რისკის შემცველ მსოფლიოში. ავტომობილებთან დაკავშირებით ნაწილობრივი კომპრომისი მივიღეთ, მაგრამ ეს კომპრომისიც მაღალმა ფასმა გადაფარა. პლასტმასის აკრძალვასთან დაკავშირებით კი ჩვენ მივიღეთ სრული კომპრომისი. რა თქმა უნდა, გონივრული კომპრომისისთვის პრემიერს მადლობას ვუხდით“, - განაცხადა ხუნდაძემ.
ცნობისთვის, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, პლასტმასის ბოთლებში სასმლის წარმოების იმპორტისა და ბაზარზე განთავსების რეგულაციის ამოქმედება 4 წლით, 2031 წლის 1-ელ თებერვლამდე გადავადდა. როგორც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილება ბიზნეს სექტორთან კონსულტაციების შედეგად მიიღეს.