ის ადამიანები, რომლებიც მიზანმიმართულად და ჯგუფურად საზოგადოებასა და სამართალდამცველებზე ძალადობდნენ, სინამდვილეში არც პროტესტანტები არიან და არც ჰუგენოტები - რა შუაში პროტესტანტები?! - უნდა ვთქვათ ან პოლიტიკური ექსტრემისტები ან შიდა ტერორისტები! ეს უფრო სწორი დეფინიცია იქნება, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა გააკეთა.
კომიტეტში კამათის ფონზე მიმდინარეობს ფრაქცია „საქართველოსთვის“ კანონპროექტის განხილვა, რომელიც შეკრება-მანიფესტაციის ორგანიზების და ჩატარების წესის დარღვევისთვის დაჯარიმებული მოქალაქეების ჯარიმა-საურავებისგან გათავისუფლებას ითვალისწინებს.
იონათამიშვილმა მომხსენებელს, ფრაქცია „საქართველოსთვის“ დეპუტატ სოფიო ხორგუანს მიმართა კითხვით, იღებენ თუ არა პასუხისმგებლობას იმაზე, რომ აღნიშნული ინიციატივის მიღების შემთხვევაში, დაჯარიმებული მოქალაქეების ძალადობისკენ წახალისება არ მოხდება.
„ყველაფერს თავისი სახელი უნდა დავარქვათ. ის ადამიანები, რომლებიც მიზანმიმართულად და ჯგუფურად საზოგადოებასა და სამართალდამცველებზე ძალადობდნენ, სინამდვილეში არც პროტესტანტები არიან და არც ჰუგენოტები. მათ ძალიან კონკრეტული სახელი ჰქვიათ - ისინი არიან პოლიტიკური ექსტრემისტები. ასეთ ჯგუფებს აშშ-ში ძალიან კონკრეტული სახელი დაარქვეს - ეს სახელია შიდა ტერორისტები. რა შუაში პროტესტანტები?! - უნდა ვთქვათ ან პოლიტიკური ექსტრემისტები ან შიდა ტერორისტები. ეს უფრო სწორი დეფინიცია იქნება.
არიან ადამიანები, რომლებიც „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს“ ყველაზე ჯერზე მიზანმიმართულად არღვევდნენ. არღვევენ იმისთვის, რომ უკანონობა დათესონ და ძალადობა წაახალისონ. ძალადობამ დაუსჯელობის სინდრომით შეიძლება უფრო მეტ დანაშაულს შეუწყოს ხელი“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი პირველი მოსმენით ფრაქცია “საქართველოსთვის“ კანონის პროექტს იხილავს, რომელიც შეკრება-მანიფესტაციების წესის დარღვევისთვის დაჯარიმებული პირების ჯარიმა-საურავებისგან გათავისუფლებას ითვალისწინებს. ამავე პროექტით, აღნიშნული სამართალდარღვევის ჩადენისთვის შეფარდებული ჯარიმა, რომელიც აღსრულებულია, პირს უკან უნდა დაუბრუნდეს და კანონის ძალაში შესვლის მომენტისთვის სახელდაუდებლად ჩაითვალოს.
საკითხი დეპუტატმა სოფიო ხორგუანმა წარადგინა. როგორც ხორგუანმა განმარტა, დაახლოებით 7 810 საჯარიმო ოქმია გამოწერილია, რაც დაჯარიმებული პირებისთვის, მათი ოჯახებისთვის დიდი წნეხია და მათ ამ წნეხისგან თავის დაღწევის შესაძლებლობა უნდა მიეცეთ.
ხორგუანმა ხაზგასმით აღნიშნა ისიც, რომ ფრაქცია “საქართველოსთვის“ ინიციატივის მიღება შეიძლება იყოს პირველი ნაბიჯი იმისკენ, რომ არსებული პოლარიზაცია შემცირდეს. ხორგუანმა აქვე დასძინა, რომ აქეთკენ პირველი ნაბიჯი უნდა გადადგას მან, ვისაც მეტი ძალა გააჩნია.
“ქართული ოცნების“ წევრები მომხსენებლისგან ითხოვდნენ შეეფასებინა, იყო თუ არა აქციები ძალადობრივი და ვისგან მოდიოდა ეს ძალადობა.
ეს კითხვა ხორგუანის მისამართით რამდენჯერმე დაისვა, რაზეც ადრესატმა უპასუხა, რომ რიგ შემთხვევაში ძალადობრივი ფაქტები იყო და ეს ძალადობრივი ფაქტები ორივე მხრიდან მომდინარეობდა.