პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. საკითხს პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს.
როგორც მომხსენებელმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ განაცხადა, საკანონმდებლო ცვლილებებით ზუსტდება, რომ თუ უცხო ქვეყნის საელჩო საკუთარი მიზნებისათვის საკუთარი სახელმწიფოსგან თანხებს მიიღებს, ეს გრანტად არ ჩაითვლება და შესაბამისად, არც საქართველოს მთავრობის თანხმობა იქნება საჭირო.
მისივე თქმით, თუ საელჩო დააპირებს გრანტი გასცეს საქართველოს მოქალაქეზე, ფიზიკურ ან იურიდიულ პირზე, ამისთვის კვლავაც საჭირო იქნება საქართველოს მთავრობასთან შეთანხმება.
„წარმოდგენილი კანონის პროექტით შინაარსობრივად არაფერი იცვლება. მოქმედი რედაქციის თანახმადაც, საელჩოებზე და დიპლომატიურ წარმომადგენლობებზე გაცემული თანხები, რომლებიც მათსავე სახელმწიფოსგან მომდინარეობს და საელჩოს ფუნქციონირებაზეა მიმართული, გრანტად არ ითვლებოდა, იქედან გამომდინარე, რომ ვენის კონვენცია მოქმედებს, რომელიც საერთაშორისო შეთანხმებაა და მას უფრო მაღალი იურიდიული ძალა აქვს, ვიდრე საქართველოს კანონს. იმისთვის, რომ ადგილი არ ჰქონდეს სპეკულაციებს და არ ითქვას, თითქოს საელჩოს მიერ საკუთარი სახელმწიფოსგან ოპერაციული ხარჯებისა და უფლებამოსილებების განსახორციელებლად თანხის მიღება საქართველოს მთავრობასთან სავალდებულოდ შესათანხმებელია, კანონში შესაბამისი ჩანაწერი კეთდება“, - განაცხადა გორდულაძემ პროექტის წარდგენისას.