გიორგი ტუმასიანი - სამხედრო კომპონენტში აშშ-მა უპირობო გამარჯვება მოიპოვა, ირანის ლოგიკაა: თუ გადავრჩით, ე.ი. გავიმარჯვეთ - ომი არ არის დასრულებული, თუ მოლაპარაკებებს შედეგი არ ექნება, შესაძლოა, საომარი მოქმედებები ნებისმიერ მომენტში აღდგეს

ეს იყო ერთი კონკრეტული ბრძოლის ეტაპი ფართო ომში, რომელიც გრძელდება. ომი არ არის დასრულებული, როგორც შარშან, 12-დღიანი ბრძოლის შედეგად ეს ომი არ დასრულებულა, - ამის შესახებ ინიციატივა “ჯერ საქართველოს“ წევრმა, გიორგი ტუმასიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებასთან დაკავშირებით განაცხადა.

ტუმასიანის თქმით, თუ ისლამაბადში მოლაპარაკებებს შედეგი არ ექნება, საომარი მოქმედებები ნებისმიერ მომენტში ისევ გაგრძელდება.

„შეგვიძლია ვთქვათ, რომ სამხედრო კომპონენტიდან გამომდინარე, შეერთებულმა შტატებმა უპირობო გამარჯვება მოიპოვა, თუმცა, ირანის მხრიდან ამის აღნიშვნა, როგორც გამარჯვება, უკავშირდება არა სამხედრო გამარჯვებას, არამედ ასიმეტრიული ზიანის მიყენების სტრატეგიის გამარჯვებას და ამავდროულად, ირანის რეჟიმის გადარჩენის გამარჯვებად გასაღების მცდელობას.

ისრაელმა დარტყმები მიაყენა ნავთობისა და გაზის ინფრასტრუქტურას, რომელზეც ირანის ეკონომიკა დგას. ირანი ახლა შევა სერიოზულ ეკონომიკურ კრიზისში, რომელსაც თან ახლავს ძალიან დასუსტებული სამხედრო კომპონენტი. ახლა იტყვიან, ჩვენ ხომ გადავრჩითო, თუ გადავრჩით, ე.ი. გავიმარჯვეთო - ეს არის მათი გამარჯვების ლოგიკა.

რა თქმა უნდა, ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვასა და არაბული ქვეყნების დაბომბვას თავის საზოგადოებასა და საერთაშორისო ასპარეზზე გაყიდიან, როგორც ასიმეტრიული ბრძოლის მექანიზმსა და გამარჯვებას. ამაში არის სიმართლის მარცვალი ნამდვილად, რომ ეს იყო მტკივნეული დასავლეთისთვისა და მისი მოკავშირეებისთვის, თუმცა ჩვენ კიდევ ერთხელ ვნახეთ, სად არის სუსტი წერტილები და მე არ გამოვრიცხავ, რომ უახლოესი ორი კვირა გამოყენებული იყოს იმისთვის, რომ ეს სუსტი წერტილები, მათ შორის, საჰაერო თავდაცვის სისტემების გაუმჯობესება, მისი შევსება და ა.შ. იყოს ამ მიმართულებით დახარჯული. ველოდებით მესამე ავიამზიდს, რომელიც მოდის რეგიონში. ამერიკა აპირებს თავისი შეიარაღებული ძალების რაოდენობის გაზრდას. სავარაუდოდ, საუბარია იმაზე, რომ თუ ისლამაბადში მოლაპარაკებებს შედეგი არ ექნება, შესაძლოა, საომარი მოქმედებები ნებისმიერ მომენტში აღდგეს.

თუ ირანი დათმობებზე არ წავა, პირველ რიგში, ბირთვული პროგრამის მიმართულებით, არ ვფიქრობ, რომ ეს კონფლიქტი აქ დასრულდეს. ერთია, რომ ირანი, ნებისმიერ შემთხვევაში, თავს გამარჯვებულად გამოაცხადებს, სანამ რეჟიმი არსებობს, მაგრამ მეორეა, რომ თუ ბირთვული იარაღის პროგრამას დათმობენ, ეს იქნება გადამწყვეტი ომის დასრულებაში“, - განაცხადა ტუმასიანმა.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს