პროკურორი ქეთევან სონიძე აცხადებს, რომ გიგა ავალიანის გარდაცვალების საქმეში ბრალდებული არასრულწლოვნების მიმართ სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება „სამაგალითოდ იქცევა ქართული მართლმსაჯულების“ სისტემაში.
როგორც პროკურორი აღნიშნავს, გადაწყვეტილება სასჯელის დასაბუთების კუთხით არის სამაგალითო, მნიშვნელოვანი და ღრმააზროვანი.
პროკურორი მადლობას უხდის მოსამართლეს.
„მოსამართლის გადაწყვეტილება მხოლოდ ციფრების გამოცხადება არ იყო. ეს იყო მისი არამხოლოდ ღირსეული გადაწყვეტილება, არამედ ღრმა სამართლებრივი, სოციალური და მორალური შეფასებები რიგ საკითხებთან დაკავშირებით. ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც ფართომასშტაბიანი, სიღრმისეული და გულში ჩამწვდომი იყო, რომ უემოციოდ არ დატოვა არცერთი მსმენელი, რომელიც პროცესს ესწრებოდა. ეს არის სამაგალითო გადაწყვეტილება, რომელიც სასჯელის დასაბუთების კუთხით იმდენად მნიშვნელოვანი და ღრმა აზროვანია, რომ სამაგალითოდ იქცევა ქართული მართლმსაჯულების სისტემაში. მადლობა გადაწყვეტილებისთვის ამ კონკრეტულ მოსამართლეს.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის მორალური საკითხები, რაზეც მოსამართლემ ისაუბრა. ეს არის მოსამართლე, რომელმაც კარგად გაიგო, კარგად ჩასწვდა და გააანალიზა ის თუ ვინ იყო სინამდვილეში გიგა ავალიანი“, - განაცხადა პროკურორმა.
პროკურორის თქმით, გიგა ავალიანი იყო საზოგადოების სამაგალითო წევრი, თავდადებული მასწავლებელი და ღირსეული მოქალაქე, რომლის დაკარგვაც მნიშვნელოვანი დანაკლისია ქვეყნისთვის.
„დაცვის მხარე სპეკულირებდა იმ საკითხით, თითქოს ვინმეს ავიწროებდა გიგა ავალიანი და ამით ცდილობდნენ დაზარალებულის რეპუტაციის შელახვას, რაც საბედნიეროდ არ გამოუვიდათ.
გიგა ავალიანი იყო საზოგადოების სამაგალითო წევრი, თავდადებული მასწავლებელი, პერსპექტიული ექიმი და ერთი ღირსეული ქართველი, რომლის დაკარგვითაც ბევრი დაკარგა ქართულმა საზოგადოებამ“,- განაცხადა პროკურორმა.