გიორგი ვაშაძე - მართლა გჯერათ, რომ ანაკლიის პორტს ააშენებენ? - ვიცი „ქართული ოცნების“ დნმ-ი, ისინი მატყუარები არიან - ვერავისთან ვერაფერს გადატვირთავენ, ვერც ხალხთან, ვერც ამერიკასთან და ვერც ევროპასთან, ვერავინ შეეგუება რეჟიმს

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ანაკლიის პორტის მშენებლობის განახლების შესახებ ხელისუფლების განცხადებები „მორიგი ტყუილია“.

ვაშაძის თქმით, პროექტის განხორციელება წლების განმავლობაში დაპირებების მიუხედავად არ დაწყებულა და საზოგადოება შეცდომაში შეჰყავთ.

როგორც ვაშაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში “360 გრადუსი“ აღნიშნა, „ქართული ოცნება“ თავად გახდა პროექტის შეჩერების მიზეზი.

„დღეს მორიგი ტყუილი მოვისმინეთ. მართლა გჯერათ, რომ ანაკლიის პორტს ააშენებენ? 2 წლის წინაც უნდა აეშენებინათ, ვითომ კონტრაქტორიც მოიყვანეს, ვითომ ტენდერიც ჩაატარეს, მაგრამ არაფერია გაკეთებული. ხალხის მოსატყუებლად თქვეს, რომ განაახლებენ სამუშაო პროცესებს - ეს არის ტყუილი. როგორც აქამდე არაფერი გაუკეთებიათ, ისე არც ახლა გაკეთდება. ტყუილია, რომ არ იყო ამერიკული ინტერესები. „ოცნებამ“ გააჩერა. ანაკლიის კონსორციუმს ყველა პირობა შეუქმნეს, რომ გაჩერებულიყო. უფრო მეტიც, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე საპატიმრო დაწესებულებისთვის გაწირეს“, - აცხადებს ვაშაძე.

ვაშაძემ, ასევე, ისაუბრა საქართველო-შეერთებული შტატების ურთიერთობებზე, მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ვერ შეძლებს ურთიერთობების „გადატვირთვას“ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო პარტნიორებთან, მათ შორის ამერიკასა და ევროპასთან.

„ტყუილია, რომ ამერიკასთან ურთიერთობა რამენაირად დალაგდება. ამ ტყუილს რამდენიმე კვირა ყიდიან იმისთვის, რომ მათ მიმართ საზოგადოების ნეგატიური განწყობა იმატებს და ახლა რაღაცნაირად უნდათ შეატყუონ, თითქოს რაღაც ხდება. ზუსტად ვიცი „ქართული ოცნების“ დნმ-ი, ისინი არიან მატყუარები. მოგატყუეს, ხალხო, როგორც ყაველაშვილის ტრამპთან ხელის ჩამორთმევა გაყიდეს იმად, რომ დიდი რესტარტი დავიწყეთო. როგორც მათი პირველი ლედის ვიზიტი გაყიდეს, რაღაც საოცრებად - ვხედავთ, რომ ამ ყველაფერს არაფერი მოჰყვა. შესაბამისად, ვერაფერი ვერ მოჰყვება ტყუილებს. რაც შეეხება რუბიოს ზარს, დარწმუნებული ვარ, რომ იქაც საუბარი იყო იმაზე თუ რა უნდა გააკეთოს ქართულმა მხარემ იმისთვის, რომ ურთიერთობები აღდგეს. ამისთვის საჭიროა, რომ საქართველო დაუბრუნდეს დემოკრატიული განვითარების გზას - პატიმრები [გათავისუფლება] და არჩევნები [დანიშვნა] “, - განაცხადა ვაშაძემ.

ვაშაძე აცხადებს, რომ ქვეყნის განვითარება დამოკიდებულია საზოგადოების კონსოლიდაციაზე და არა გარე ფაქტორებზე.

„თუ შედეგი არ იქნება „ქართული ოცნება“ ვერავისთან ვერაფერს ვერ გადატვირთავს. ვერც ხალხთან და ვერც ამერიკასთან და ევროპასთან. ვერავინ ვერ შეეგუება იმ რეჟიმს, რომელიც დღეს საქართველოშია. გამოსავალს ამერიკაში და ევროპაში არ ვეძებ, გამოსავალი ჩვენშია. სანამ ერთ მუშტად არ შევიკრიბებით და იმ ადამიანებს, ვინც ხელოვნურად გვაპირისპირებს, არ ვეტყვით არას და ვიტყვით, რომ ქართველ ხალხს ერთი სამშობლო გვაქვს და გვინდა ავაშენოთ ძლიერი, წელგამართული სახელმწიფო, მანამდე არაფერი იქნება. ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული და არა ვინმე სხვაზე“,- განაცხადა ვაშაძემ.

ასევე, ვაშაძე ამბობს, რომ „ქართულ ოცნებას“ ალტერნატივის ეშინია და ცდილობს, ოპოზიციის წინააღმდეგ ნეგატიური კამპანია აწარმოოს.

„ალტერნატივის ეშინიათ. ეს რომ არა, ასე გიჟივით არ იქნებოდნენ. წარმოიდგინეთ, რამდენ ფულს ხარჯავენ იმისთვის, რომ ჩვენზე ათასი ტყუილი შეთხზან, მოიფიქრონ ნეგატივი - ეს ხომ შემთხვევით არ ხდება?! თუ შენში არ ხედავს ძალას და საკუთარი თავის ალტერნატივას, მაშინ საერთოდ არ მოგაქცევდა ყურადღებას და იქნებოდი ყურადღების მიღმა. დიახ, ნერვიულობენ იმაზე, რომ „ოპოზიციური ალიანსის“ მცდელობაა „ქართული ოცნების“ ალტერნატივა შექმნას“, - განაცხადა ვაშაძემ.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს