2008 წელს მშობლები ახალშობილებს ყველაზე ხშირად გიორგის და მარიამს არქმევდნენ.
იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს საინფორმაციო-ანალიტიკური სამმართველოს ინფორმაციით, მიმდინარე წელს 2941 გიორგის და 3573 მარიამის დაბადება დარეგისტრირდა.
გიორგისთან ერთად, ახალშობილ ვაჟებს შორის პოპულარული სახელების ხუთეულში შედის: ნიკოლოზი (2835), ლუკა (2096), საბა (1578), დავითი (1211).
გარდა ამისა, ვაჟებს შორის 2008 წელს გავრცელებული სახელებია: ცოტნე, მათე, ილია, ანრი, დიმიტრი, გაბრიელი, ლაზარე, ერეკლე, ტატო, ბაჩანა და სხვა.
რაც შეეხება გოგონების სახელებს, მარიამთან ერთად, სახელების ხუთეულში შედის: ანა (2908), ნინო (2046), ლიზი (1490), ელენე (995). გოგონებს შორის პოპულარობით სარგებლობს, ასევე: ანასტასია, ალექსანდრა, ანამარია, ელიზა, მილენა, მონიკა, სანდრა, სოფია და სხვა.
შედარებისთვის, საქართველოში ყველა ასაკის ადამიანებში პოპულარული სახელების ხუთეული: ვაჟებში ყველაზე გავრცელებული ხუთი სახელია: გიორგი (123 831), დავითი (75 278), ზურაბი (49 801), ლევანი (38 153), ალექსანდრე (32 120).
ქალბატონების პოპულარული სახელების ხუთეული კი ასეთია: თამარი (82 863), ნინო (82 430), ნათელა (ასევე, ნათია - 63 584), ნანა (48 275), მაია (ასევე, მაიკო - 44 953).