მამუკა მდინარაძე - აშშ-ის FARA-ს შემთხვევაში, რეესტრში მოხვედრა უცხოური ქვეყნის მითითებით, კონტროლით, დირექტივით განისაზღვრება - ჩვენ ეს იმიტომ არ გავაკეთეთ, რომ არაგანჭვრეტადი რეგულაციაა

აშშ-ის FARA-ს კანონმდებლობით არც ერთი ცენტი არ არის საჭირო იმისთვის, რომ ორგანიზაცია უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში მოხვდეს - აშშ-ის FARA-ს შემთხვევაში, რეესტრში მოხვედრა განისაზღვრება უცხოური ქვეყნის გავლენით, მითითებით, კონტროლით, დირექტივით, - ეს არის განმარტება, რომელიც ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გააკეთა.

როგორც მდინარაძემ ამ კონტექსტში განაცხადა, უცხოური ძალის გამტარებლის სტატუსის მინიჭების კრიტერიუმი მათ მიერ ინიცირებული კანონპროექტით უფრო მსუბუქია, “რადგან დისკრეციაში არ შედის“.

“თუ აშშ-ს შესაბამისმა ორგანომ მიიჩნია, რომ ეს თუ ის ორგანიზაცია უცხოური ქვეყნის გავლენით, დირექტივით, კონტროლით მოქმედებს, ის დისკრეციის შესაბამისად FARA-ს რეესტრში მოხვდება. ჩვენ ეს იმიტომ არ გავაკეთეთ, რომ გაცილებით მკაცრი და არაგანჭვრეტადი რეგულაციაა.

თუ გინდათ, ჩავწეროთ ანალოგიური დისკრეცია, რაც FARA-ში წერია და რასაც “ჩამკეტს“ ეძახით“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მეორე მოსმენით - მუხლობრივად განხილვა მიმდინარეობს.

ფრაქცია “ქართული ოცნების“ მიერ უკვე მეორედ ინიცირებული კანონპროექტი “გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით“, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მედიასაშუალებების რეგისტრაციას ითვალისწინებს, რომელთა შემოსავლის გარკვეული მოცულობა - 20%-ზე მეტი - უცხოეთიდან არის მიღებული.

პროექტის მიხედვით, ყველა, ვინც “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ მოიაზრება, საჯარო რეესტრში სავალდებულო წესით ამავე სახელწოდების ბაზაში უნდა დარეგისტრირდეს.

გია ხუხაშვილი - ახლა რაც ხდება არის ბრძოლა მომავალსა და წარსულს შორის, ფრონტის ხაზი გავლებულია და დარწმუნებული ვარ, ის მომავლის გამარჯვებით დასრულდება
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
სტივენ ბლოკმანსი - თუ საქართველო ევროკავშირთან დაახლოების შესაძლებლობას ხელიდან გაუშვებს, საკმაოდ ბევრი დრო დასჭირდება ავტოკრატიული რეჟიმის მიერ მიყენებული ზიანის გამოსწორებას
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს