საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მკვლევარი DAAD-ს საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, პროფესორი ლილი პეტრიაშვილი გერმანიის საერთაშორისო აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) საგრანტო კონკურსის - Research Stays for University Academics and Scientists - გამარჯვებულია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, პროფესორ ლილი პეტრიაშვილის კვლევა - „ბიზნესპროცესების მენეჯმენტის მონიტორინგი ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით“ - ქართველ მეცნიერთა მიერ საკონკურსოდ წარდგენილ თემებს შორის ერთ-ერთია, რომელიც DAAD-ის სტიპენდიატთა შესარჩევმა კომისიამ საუკეთესოდ მიიჩნია.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის განცხადებით, თითოეული წარმატება, რომელსაც სტუ-ის მეცნიერები და სტუდენტები საერთაშორისო კონკურსებში მოიპოვებენ, ზრდის უნივერსიტეტში მიმდინარე სამეცნიერო პროცესების საერთაშორისო სივრცეში ინტეგრირების შესაძლებლობებს.

„ვულოცავთ ჩვენს კოლეგასა და ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტს მორიგ წარმატებას! პროფესორი ლილი პეტრიაშვილი საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის, ასევე, ტექნიკისა და ტექნოლოგიის მსოფლიო აკადემიის სამეცნიერო-სარედაქციო კომიტეტის წევრია, Volkswagen-ის ფონდისა და DAAD-ის სტიპენდიატია. მისი კვლევითი სფერო საკმაოდ ფართოა და მოიცავს მონაცემთა დამუშავება-ანალიზს, CASE, Grid და Blockchain ტექნოლოგიებს, ინტელექტუალურ სისტემებს მიწოდების ჯაჭვში და ა.შ. დარწმუნებული ვართ, DAAD-ის საგრანტო კონკურსში გამარჯვება სასურველ შედეგებს მოუტანს როგორც მეცნიერს, ისე ჩვენს უნივერსიტეტსა და სტუდენტებს. თავის მხრივ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაცია მუდამ მზად არის, ხელი შეუწყოს საუნივერსიტეტო სივრცეში კვლევითი საქმიანობის გააქტიურებას და მხარდაჭერა აღმოუჩინოს მეცნიერებს კვლევების ინტერნაციონალიზაციის პროცესში“, - აღნიშნა დავით გურგენიძემ.

როგორც DAAD-ის საგრანტო კონკურსის გამარჯვებული, სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანის მოადგილე ლილი პეტრიაშვილი აღნიშნავს, სამეცნიერო გრანტი მას შესაძლებლობას მისცემს, მომდევნო სამი თვის განმავლობაში, გერმანელ მეცნიერებთან კოლაბორაციით, გეორგ ზიმონ ომის ნიურნბერგის ტექნიკურ უნივერსიტეტში (Technische Hochschule Nürnberg Georg Simon Ohm, გერმანია) საკვლევ თემაზე მუშაობა განაგრძოს, კვლევის შედეგები კი, როგორც ერთ-ერთი სიახლე, სამომავლოდ, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე, შესაბამის სასწავლო კურსში აისახოს.

გია ხუხაშვილი - ახლა რაც ხდება არის ბრძოლა მომავალსა და წარსულს შორის, ფრონტის ხაზი გავლებულია და დარწმუნებული ვარ, ის მომავლის გამარჯვებით დასრულდება
ქართული პრესის მიმოხილვა 13.05.2024
სტივენ ბლოკმანსი - თუ საქართველო ევროკავშირთან დაახლოების შესაძლებლობას ხელიდან გაუშვებს, საკმაოდ ბევრი დრო დასჭირდება ავტოკრატიული რეჟიმის მიერ მიყენებული ზიანის გამოსწორებას
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს