ბათუმში, სტუდენტები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებენ

ბათუმში, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტთან სტუდენტები შეიკრიბნენ და “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს აპროტესტებენ.

როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, თბილისში რუსთაველის გამზირზე შეკრებილ თანამოაზრეებს სოლიდარობას უცხადებენ.

აქციის მონაწილეებს მიაჩნიათ, რომ ხელისუფლება რუსული მეთოდებით მშვიდობიან აქციის მონაწილეებს ფიზიკურად უსწორდება.

ბათუმის უნივერსიტეტთან შეკრებილები ძალოვან უწყებებს მოუწოდებენ, რომ „მშვიდობიანი აქციის მონაწილეები არ დაარბიონ“.

სტუდენტები ამბობენ, რომ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტი საქართველოს მხოლოდ რუსეთთან აახლოებს, რაც ქართველ სტუდენტებსა და ახალგაზრდებს ევროპას აშორებს.

“ჩვენი მთავარი მოთხოვნა ყველასათვის არის ცნობილი. აქ ვიმყოფებით ახალგაზრდები და ყველა ის ადამიანი, ვისაც ქვეყნის ბედი აღელვებს. არ გვინდა რუსეთი, სადაც “ქართული ოცნება” მიგვათრევს”, - აცხადებენ შეკრებილები.

სტუდენტებმა ილია ჭავჭავაძის ძეგლთან ფიცი დადეს, რომ ერთიანი ევროპული საქართველოსთვის ბრძოლას გააგრძელებენ. ასევე, მათ ჰიმნი შეასრულეს, ისმის შეძახილები “საქართველო”.

“ვინც დღეს თბილისში ვერ წავიდა დღეს აქ არის. უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ნაცვლად, პოზიცია ჩვენ დავაფიქსირეთ და შენობაზე ევროკავშირის დროშა გადმოვფინეთ. ილია ჭავჭავაძის ძეგლთან სიმბოლურად შევიკრიბეთ, რათა ენა მამული სარწმუნოება ყოველთვის დამპალი რუსეთის საფრთხის წინაშე იყო. ილიას ძეგლთან ფიცი დავდეთ, რომ არ გადავუხვევდით ილიას გზას, - აქ კიდევ ერთხელ დავიფიცებით ილიას ძეგლთან რომ საქართველოს ვუერთგულებთ”,- აცხადებენ შეკრებილები.

ამასთან, აქციის ორგანიზატორების თქმით, დედაქალაქში აქციაში მონაწილეობისთვის ორგანიზაცია “დაფიონი” ბათუმიდან თბილისში ტრანსპორტირებას და სხვა საჭირო პროცედურებს უზრუნველყოფს.

აქციის მონაწილეებმა სიმბოლურად საქართველოსა და ევროკავშირის დროშები გამოფინეს და საქართველოს ჰიმნი შეასრულეს.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს