ლადო პაპავა - ეკონომიკის რეალური სექტორის განვითარების გარეშე ლარის გაუფასურებას ყოველთვის ექნება “ფუნდამენტური ეკონომიკური მიზეზები”

საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე ”ინტერპრესნიუსი” თსუ-ს პროფესორს, ლადო პაპავას ესაუბრა.

- ბატონო ლადო, გასული კვირის ბოლოს ხმაური იყო თბილისის საკრებულოში. ელოდნენ ახლად არჩეულ მერს კახა კალაძეს, რომელსაც თბილისის მთავრობის წევრები უნდა წარედგინა. მაგრამ, იგი საკრებულოში არ მისულა, ხოლო ვიცე-მერებმა განაცხადეს, რომ მისი მისვლა იმის გამო არ იყო აუცილებელი, რომ კალაძისაგან განსხვავებით მათ სჭირდებოდათ საკრებულოსგან უფლებამოსილების მიღება. ოპოზიციამ კალაძის საკრებულოში არმისვლის მიზეზად მწვავე კითხვებზე თავის არიდება დაასახელა. მათ შორის ისეთ საკითხზე, რომელიც მერიის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის დანიშვნას ეხებოდა.

თბილისის ახლად არჩეულ მერს წარმატებებს ვუსურვებთ, მაგრამ საკრებულოში მიუსვლელობა რომ მთლად კარგად არ გამოიყურება, ფაქტია. თქვენ როგორ შეაფასებდით მომხდარს და როგორ შეფასებდით თბილისის მთავრობის ახალ შემადგენლობას, თქვენი დაკვირვებით, რამდენად წარმატებული შეიძლება იყოს კალაძის მერობა?

- ბატონი კახი კალაძე რომ ამბიციური პოლიტიკოსია, ეს ყველამ კარგად დავინახეთ. ეს თვისება კი პოლიტიკოსისათვის აუცილებელია. ცუდია, თუ რომელიმე პოლიტიკოსის ამბიციურობას რეალური საფუძველი არ აქვს. ამ ეტაპზე კახი კალაძეს ამბიციურობას რეალური საფუძველი ნამდვილად აქვს, რადგანაც მან არჩევნებში არა უბრალოდ პირველივე ტურში გაიმარჯვა, არამედ გაიმარჯვა მის უკან მდგომი პარტიის არაფორმალური ლიდერის ღია და ფორმალური მხარდაჭერის გარეშე, რაც მას განასხვავებს მისი წინამორბედებისაგან. ვგულისხმობ არა მარტო თბილისის წინა მერს, არამედ ქვეყნის პრეზიდენტსაც.

კალაძეს თუ უნდა, რომ იყოს წარმატებული და მომავლის მქონე პოლიტიკოსი, სხვა გზა არ დარჩენია, რომ ქალაქის მერიის მუშაობა არსებითად გააუმჯობესოს. მისი პირველი განცხადებებიც იმედისმომცემია

ჩემი აზრით ჯობდა, რომ საკრებულოში მისულიყო, რაც მისი მხრიდან პოლიტიკურად უფრო გამართლებული, გამარჯვებული კაცის ნაბიჯი იქნებოდა. გულწრფელად გეტყვით, თავიდან გარკვეულწილად სკეპტიკურად ვუყურებდი ბატონი კალაძის თბილისის მერობას. თუმცა, მისმა პირველმა ნაბიჯებმა იმედი გამიჩინა: მას თუ უნდა, რომ იყოს წარმატებული და მომავლის მქონე პოლიტიკოსი, სხვა გზა არ დარჩენია, რომ ქალაქის მერიის მუშაობა არსებითად გააუმჯობესოს. მისი პირველი განცხადებებიც იმედისმომცემია. მე მას წარმატებას ვუსურვებ.

- ლარის გაუფასურების თემა აქტუალურ თემად რჩება. ახლა როცა მსოფლიო ეკონომიკაში განსაკუთრებული არაფერი ხდება, ჩვენს სამეზობლოშიც ეკონომიკური თვალსაზრისით მეტ-ნაკლებად სტაბილური ვითარებაა, ამავე ქვეყნებიდან გაზრდილია გზავნილების ოდენობა, არც ტურისტები დაკლებია ქვეყანას. რა ემართება ლარს?

ოპოზიციის მტკიცებით, ლარის კურსის ვარდნაში მთავრობა და ეროვნული ბანკია დამნაშავე, მთავრობა - დაუბალანსებელი ბიუჯეტის, მთავრობა და ეროვნული ბანკი - ბანკებზე ნახევარი მილიარდი ლარის ოდენობის კრედიტის მიცემის ავანტურისტული ინიციატივის გამო.

თქვენი აზრით, რამდენად საფუძვლიანია ლარის დევალვაციის მორიგ ტალღასთან დაკავშირებით ოპოზიციის ბრალდებები?

- მთავარია არა ოპოზიციის ბრალდებები, რაც ძირითადად პოლიტიკური ინტერესებითაა მოტივირებული, არამედ იმის გარკვევა თუ სინამდვილეში რა სჭირს ლარს.

ხშირად გვესმის, ”ლარის გაუფასურებას ფუნდამენტური ეკონომიკური მიზეზები არ გააჩნიაო”. ეს ფრაზა მცდარია. ლარის არასტაბილურობის მიზეზი ეკონომიკის რეალური სექტორის, მატერიალური დოვლათის მწარმოებელი დარგების განუვითარებლობაა, რის გამოც ექსპორტი რამდენჯერმე ჩამორჩება იმპორტს. შედეგად, ჩვენ, სამწუხაროდ, მომხმარებელი და არა მწარმოებელი ერი გავხდით.

”ნაცების” მმართველობის დროს დიდძალი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შემოდიოდა, თუმცა ისინი ძირითადად უძრავ ქონებაში იდებოდა და არა ეკონომიკის რეალურ სექტორში. ”ნაცების” ეკონომიკური პოლიტიკის ქვაკუთხედი ტურიზმის ზრდა და ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება იყო. ”ქოცებმა” ქვეყნის განვითარების ეს ხედვა პრაქტიკულად არ შეცვალეს.

ლარის არასტაბილურობის მიზეზი ეკონომიკის რეალური სექტორის, მატერიალური დოვლათის მწარმოებელი დარგების განუვითარებლობაა, რის გამოც ექსპორტი რამდენჯერმე ჩამორჩება იმპორტს. შედეგად, ჩვენ, სამწუხაროდ, მომხმარებელი და არა მწარმოებელი ერი გავხდით

ეკონომიკის რეალური სექტორის განვითარების, ექსპორტის მნიშვნელოვანი ზრდის გარეშე ”ლარის გაუფასურებას ყოველთვის ექნება ფუნდამენტური ეკონომიკური მიზეზები”. ის, რასაც ექსპერტები მიანიშნებენ, არის არა ”ფუნდამენტური ეკონომიკური მიზეზები”, არამედ ”მიმდინარე მაკროეკონომიკური ტენდენციები”, როცა არც ფულის გადმორიცხვა შემცირებულა ქვეყანაში და არც ტურისტები დაგვკლებია...

მხოლოდ იმის მითითება, რომ თურმე უარყოფითი მოლოდინები ყოფილა ლარის გაუფასურების მიზეზი, არასაკმარისია. უნდა ითქვას კონკრეტულად რისი უარყოფითი მოლოდინია და რამ გამოწვია ის, რადგანაც უარყოფითი მოლოდინი არაფრიდან ვერ გაჩნდება. საქართველოს სავალუტო ბაზარზე (მისი სიმცირის გამო) თუნდაც ერთჯერადმა შედარებით მსხვილმა ტრანზაქციამაც შეიძლება გამოიწვიოს ლარის წერტილოვანი გაუფასურება, და თუ ამას არ მოჰყვა ლარის ”მშობლისგან” - საქართველოს ეროვნული ბანკისაგან მყისიერი რეაგირება, თუნდაც ადკვატური ახსნა-განმარტება, შედეგად იბადება მოლოდინი, რომ ეს გაუფასურება არა ერთჯერადია, არამედ შეიძლება იყოს გაუფასურების პროცესის დასაწყისი, მით უფრო, რომ ამის მწარე გამოცდილება ბოლო წლებში უკვე დაგვიგროვდა.

სამწუხაროდ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გააკეთა არაადეკვატური განცხადება, როცა გაბრაზებული ტონით, - ნეტა ვინ გააბრაზა, ან ვის გაუბრაზდა? -მოგვმართა, რომ ლარის კურსთან დაკავშირებით არანაირ ახსნა-განმარტებას არ გააკეთებდა.

ამან კი კიდევ უფრო შეუწყო ხელი იმ მოლოდინის გაძლიერებას, რომ ლარის შემდგომი გაუფასურება გარდაუვალი იყო. აი, ასე ჩამოყალიბდა უარყოფითი მოლოდინი, რაშიც, იმედია, მისდა უნებურად, წვლილი ეროვნული ბანკის პრეზიდენტსაც მიუძღვის. საჭირო იყო მისი მხრიდან მშვიდ და დამაჯერებელ ტონში საზოგადოების დაწყნარება და პირველივე რყევაზე სავალუტო რეზერვიდან გარკვეული ხარჯის გაწევა, რომ ეს რყევა არ ყოფილიყო ლარის გაუფასურების პროცესის მაპროვოცირებელი.

”ნაცების” და მონაცო ანუ ყოფილი ”ნაცების” პარტიების თუ მათი მხარდამჭერი ექსპერტების მხრიდან სავალუტო ბაზარზე დღეს შექმნილი ვითარებისათვის ხელისუფლების კრიტიკა გაუმართლებელია, რადგანაც, ინფლაციის თარგეთირების შემოღება ”ნაცების” მმართველობის პერიოდში მოხდა

ხშირად იძახიან, რომ რეზერვის ხარჯვით ეროვნული ვალუტის კურსის დაჭერა შეცდომა არისო, რასაც შეუძლებელია არ დაეთანხმო. კურსი კი არ უნდა დაიჭირო, არამედ თუკი ხედავ, რომ დევალვაცია გარდუვალია, კურსის კლება ზომიერი და პროგნოზირებადი გახადო, რომ სავალუტო ბაზარზე უარყოფითი მოლოდინი არ გააძლიერო.

სავალუტო რეზერვების შენარჩუნება-გაზრდა არ შეიძლება იყოს თვითმიზანი, ის ინსტრუმენტია იმისთვის, რომ იმპორტის მხრიდან პრობლემების შექმნისას ქვეყნის ეკონომიკას დაეხმაროს. სწორედ ამიტომაც არის რეკომენდებული, რომ სავალუტო რეზერვი არ უნდა იყოს ბოლო ერთი ან ორი წლის გასაშუალოებული იმპორტის სამი თვის ჯამურ მაჩვენებელზე ნაკლები.

”ნაცების” მმართველობისას, საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციით 2009 წელს საქართველოს ეროვნული ბანკის კანონში გაჩნდა ჩანაწერი, რომ მისი უმთავრესი მიზანი არის ინფლაციის წინასწარ დადგენილი მაჩვენებლის მიხედვით საქმიანობა, რასაც ინფლაციის თარგეთირება (ინგლისურად ”თარგეთ” მიზანს ნიშნავს). ამ დროიდან მოყოლებული ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობა თვლის, რომ ხსენებული კანონიდან გამომდინარე ის არ უნდა ”შეაწუხონ” ლარის გაცვლითი კურსის ცვლილების გამო...

2017 წლისათვის ინფლაციის თარგეთირების მექანიზმს მსოფლიოს მხოლოდ 67 (მიაქციეთ ყურადღება - არა უმრავლესობა) ქვეყანა იყენებს. დღეს უკვე აშკარა გახდა, რომ ეს მექანიზმი არა უბრალოდ შორსაა სრულყოფილებისაგან, არამედ მცდარიცაა, რასაც მსოფლიოს არაერთი წამყვანი ეკონომისტიც აღნიშნავს. მაგალითად, ეკონომიკაში ნობელის პრემიის ლაურეატი ჯოზეფ სტიგლიცი აღნიშნავს, რომ ინფლაციის თარგეთირების მექანიზმი უსუსურია იმ ქვეყნებში, სადაც იმპორტი მნიშვნელოვნად აღემატება ექსპორტს, რადგანაც ეროვნული ვალუტის გაუფასურება იწვევს იმპორტული საქონლის გაძვირებას ეროვნულ ვალუტაში, რისი შეჩერებაც არანაირად არ შეუძლია ქვეყნის ცენტრალურ ბანკს, რომელიც მხოლოდ ინფლაციის თარგეთირების მექანიზმით არის შეზღუდული. სწორედ ამ მდგომარეობაში არის დღეს ჩვენი ქვეყანა.

”ნაცების” და მონაცო ანუ ყოფილი ”ნაცების” პარტიების თუ მათი მხარდამჭერი ექსპერტების მხრიდან სავალუტო ბაზარზე დღეს შექმნილი ვითარებისათვის ხელისუფლების კრიტიკა გაუმართლებელია, რადგანაც, როგორც გითხარით, ინფლაციის თარგეთირების შემოღება ”ნაცების” მმართველობის პერიოდში მოხდა. ის არგუმენტი, რომ ”ნაცების” მმართველობისას ლარი სტაბილური იყო ასევე მიუღებელია.

არაპროფილური საქმიანობის გაუქმებას ეროვნული ბანკი დიდი ხანია გვპირდება, თუმცა რეალურ ნაბიჯებს ჯერჯერობით არ ან ვერ დგამს, რაც ქმნის იმის განცდას, რომ ეროვნული ბანკი მსხვილი კომერციული ბანკების ”ტყვეობაშია”

ჯერ ერთი ყველას გვახსოვს 2008 წლის შვიდი ნოემბრის მოვლენა - ”მწვანე პარასკევი”, როცა ლარის კურსი ერთ დღეში ნახტომისებურად დაეცა, ხოლო შემდგომი მისი სტაბილურობა კი იმით იყო განპირობებული, რომ საქართველომ, როგორც 2008 წლის რუსეთის აგრესიის მსხვერპლმა, მსოფლიო თანამეგობრობიდან დახმარების სახით მიიღო 4,55 მილიარდი აშშ დოლარის პაკეტი, ხოლო ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ფონდიდან ცალკე სავალუტო რეზერვების შესავსებად მიიღო 1,3 მილიარდი აშშ დოლარი. ასე, რომ ”ნაცების” დროს ლარის შედარებითი სტაბილურობა სულაც არ იყო ”ნაცების” ეკონომიკური პოლიტიკის დამსახურება.

- ექსპერტთა საკმაოდ დიდი ნაწილი ლარის პერმანენტულ გაუფასურებას იმას უკავშირებს, რომ ბანკებს არაპროფილური საქმიანობის უფლება აქვთ. თქვენი აზრით, სავარაუდოდ, რა გავლენას ახდენს ბანკების არაპროფილური საქმიანობა ლარის კურსის ვარდნაზე?

- არაპროფილური საქმიანობა ცალკე პრობლემაა და ის რაც შეიძლება მალე უნდა აიკრძალოს. ამგვარი საქმიანობა ნაკლებად ხელმისაწვდომს ხდის დამოუკიდებელი ბიზნესისათვის კრედიტებს, რადგანაც უწინარეს ყოვლისა ინსაიდერების დაკრედიტების გამო, საკრედიტო რესურსი სხვებისათვის შემცირებულია.

- ისინი, ვინც თავის დროზე ხელი შეუწყო ბანკების არაპროფილური საქმიანობის დაკანონებას, აცხადებენ - ამგვარ ნაბიჯს ეკონომიკურ საქმიანობაში არავინ შეზღუდავს. მათივე მტკიცებით, ბანკების მიერ არასამეწარმეო საქმიანობის წარმოება არ არის კარგი, მაგრამ ეს არ არის ისეთი დიდი პრობლემა, როგორც წარმოაჩენენ. მეტიც, მათივე თქმით, ეს კანონი მალე გაუქმდება და ეს კარგი იქნება.

თუ წინა ხელისუფლებამ იცოდა რომ ეს ”მთლად კარგი არ იყო”, ეს დღევანდელ ხელისუფლებასაც ესმის და როგორც ჩანს, ბანკებს მალე სავარაუდოდ, მართლაც აეკრძალება არაპროფილური საქმიანობა, საინტერესოა, წინა ხელისუფლებამ ამგვარი რამ რატომ დაუშვა და დღევანდელმა ხელისუფლებამ იგი აქამდე რატომ არ გააუქმა?

ორივე შემთხვევაში ფინანსური ნაკადების მაქსიმალურად გაკონტროლების სურვილთან გვაქვს საქმე თუ რა ხდება?

- არაპროფილური საქმიანობის გაუქმებას ეროვნული ბანკი დიდი ხანია გვპირდება, თუმცა რეალურ ნაბიჯებს ჯერჯერობით არ ან ვერ დგამს, რაც ქმნის იმის განცდას, რომ ეროვნული ბანკი მსხვილი კომერციული ბანკების ”ტყვეობაშია”.

შსს-ს მინისტრისათვის ვიცე-პრემიერის სტატუსის მინიჭება ნიშნავს პოლიციური სახელმწიფოსკენ ნაბიჯის გადაგმას. ხოლო ევროატლანტიკურ საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის გაუქმება კი მოსკოვისათვის ”გაგორებული კოჭი” უფროა

- პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, საბიუჯეტო თემებთან დაკავშირებით გველოდება ორი პროცესი - იქნება შეტანილი ცვლილებები 2018 წლის ბიუჯეტის პროექტში, რომელსაც მესამე მოსმენით შემოიტანს მთავრობა და ასევე სიახლეა იმ თვალსაზრისით, რომ ცვლილებები იქნება 2017 წლის ბიუჯეტში. ეს არის დამატებითი საგადასახადო შემოსავლები და პრაქტიკულად, თითქმის 200 მილიონით გაიზრდება 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი.

თქვენი აზრით, რას შეიძლება ნიშნავდეს ის, რომ 2017 წლის ბიუჯეტი თითქმის 200 მილიონით გაიზრდება და თქვენ როგორ შეაფასებდით მთავრობის მიერ პარლამენტში წარმოდგენილ 2018 წლის ბიუჯეტს?

- 2017 წლის ბიუჯეტის 200 მლნ ლარით კორექტირება გაზრდის მიმართულებით მთავრობის სასარგებლოდ მეტყველებს. ვიმედოვნებ, რომ ამ 200 მილიონიდან რაღაც თანხა წავა სახელმწიფო ენის დეპარტამენტის დაფინანსებაზე, რომელიც, სახელმწიფო ენის შესახებ კანონის დარღვევით 2017 წლის მოქმედი ბიუჯეტით დაფინანსებული იყო ნული ლარით, რაც არა უბრალოდ კანონის დარღვევა იყო, არამედ, სამწუხაროდ, მთავრობის მხრიდან აშკარა ანტიქართული ნაბიჯი გახლდათ. მივესალმები პროფ. გიორგი ალიბეგაშვილის დანიშვნას ამ დეპარტამენის უფროსად, და ვიმედოვნებ 2017 წლის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანით ამ დეპარტამენტს საბიუჯეტო დაფინანსება გაუჩნდება.

რაც შეეხება 2018 წლის ბიუჯეტის პროექტს, დღეს მასზე მსჯელობა არასერიოზულია, რადგანაც მთავრობის სტრუქტურა იცვლება, რაც ადრე შეტანილ პროექტში არ იყო და ვერც იქნებოდა გათვალისწინებული, რადგან თავად ეს ცვლილებები მხოლოდ ამ ეტაპზე იქნა ინიცირებული.

- არ ცხრება დისკუსია მთავრობაში დაგეგმილ სტრუქტურულ და საკადრო ცვლილებებზე. დამკვირვებელთა ნაწილი ამ ცვლილებებს „გაუაზრებელ ცვლილებებად“ მიიჩნევს. თქვენ როგორ შეაფასებდით იმას, რაც მთავრობაში დაგეგმილ სტრუქტურულ და საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით უკვე ცნობილია?

- გარემოს დაცვის სამინისტროს გაუქმება არა უბრალოდ შეცდომაა, არამედ ძალზედ დიდი შეცდომა. ეკონომიკის სამინისტროს ფუნქციონირების მიზანია მაღალი ეკონომიკური ზრდის მიღწევა, თუნდაც რესურების არაგონიერი გამოყენების ხარჯზე, მაშინ როცა გარემოს დაცვის სამინისტროს მიზანია ამ რესურსების რაციონალური გამოყენება.

ქართული პოლიტიკის დეპოლიტიზაციის გამომწვევი მიზეზი მისი ე.წ. ”მენეჯერიზაციაა”. მენეჯერების ადგილი ბიზნესშია და არა მთავრობაში

ეს ორი სამინისტრო ურთიერთკონფლიქტურია და ”თამაშის ეს წესი” აუცილებლად შენარჩუნებული უნდა იყოს. ანდა, რა უნდა გარემოს დაცვის საკითხს სოფლის მეურნეობის სამინისტროში, განსაკუთრებით მაშინ, როცა ყველაზე მეტად გარემო ქალაქადაა დაბინძურებული?

შინაგან საქმეთა მინისტრისათვის ვიცე-პრემიერის სტატუსის მინიჭება ნიშნავს პოლიციური სახელმწიფოსკენ ნაბიჯის გადაგმას, ხოლო ევროატლანტიკურ საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის გაუქმება კი მოსკოვისათვის ”გაგორებული კოჭი” უფროა... სხვა ცვლილებების მიმართ რაიმე შენიშვნა არ გამაჩნია.

- პოლიტოლოგმა ვაჟა ბერიძემ მთავრობაში დაგეგმილი სტრუქტურული და საკადრო ცვლილებები ”პოლიტიკის დეპოლიტიზაციად” შეაფასა.

თქვენც გრჩებათ შთაბეჭდილება, რომ ”ქართული პოლიტიკა დეპოლიტიზერებულია”? თუ - კი, რატომ და სავარაუდოდ, რა შედეგამდე შეიძლება მიგვიყვანოს პოლიტიკური პროცესის დეპოლიტიზირებულ მდგომარეობაში ყოფნამ?

არჩევნების დასრულების შემდეგ ქართულ პოლიტიკურ სცენაზე არსებულ რეალობას შევაფასებდი როგორც არაპერსპექტიულს და ამდენად, დამაზიანებელს ქვეყნისათვის

- ქართული პოლიტიკის დეპოლიტიზაციის გამომწვევი მიზეზი მისი ე.წ. ”მენეჯერიზაციაა”. ხშირად მითქვამს, რომ მენეჯერების ადგილი ბიზნესშია და არა მთავრობაში.

- როგორ შეაფასებდით ადგილობრივი არჩევნების დასრულების შემდეგ ქართულ პოლიტიკურ სცენაზე არსებულ რეალობას?

- როგორც არაპერსპექტიულს და ამდენად, დამაზიანებელს ქვეყნისათვის...

- ევროპარლამენტმა ევროკავშირის რიგის სამიტის წინ საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო. საქმეში ჩახედულ დამკვირვებელთა უმრავლესობის აზრით, აღმოსავლეთ პარტნიორობის ახალი პროგრამა გზას უხსნის საქართველოს ”ევროკავშირში ფუნქციონალური წევრობისკენ”. როგორც ვხედავთ, საქართველოს ხელისუფლება სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას, მაგრამ მას იმავდროულად აქვს შანსი მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ქვეყნის რეალურ ევროპეიზაციაში.

თქვენი დაკვირვებით, რამდენად მზადაა ხელისუფლება ამ გამოწვევებს შესაბამისად უპასუხოს და თქვენი აზრით, რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ევროკავშირის ეს რეკომენდაციები ზედმიწევნით კარგად და ვადებში იქნას რეალიზებული?

- ეს არის უდიდესი გამოწვევა, რომ საქართველო უფრო მეტად გახდეს ევროპული სახელმწიფო. თუნდაც აქედან გამომდინარე, უდიდესი შეცდომაა ევროატლანტიკურ საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის გაუქმება.

ობა ბენდელიანი

”ინტერპრესნიუსი”

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა