სპეციალისტები მოსახლეობას ხილის და ბოსტნეულის შეძენისას რეკომენდაციებს აძლევენ

სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის გიორგი მიქაძის განცხადებით, ზაფხულის პერიოდში ხილი და ბოსტნეული საფრთხის შემცველია, თუ წარმოებისას ჰიგიენური პირობები დაცული არ არის. ამის შესახებ გიორგი მიქაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

გიორგი მიქაძემ იმის შესახებ ისაუბრა, თუ რას უნდა მიაქციონ ყურადღება პროდუქტების შერჩევის დროს.

„ზაფხულის ცხელი დღეების დროს, მაღალი ტემპერატურა სურსათის უვნებლობაზე ნეგატიურად აისახება თუ არ არის დაცული ტრანსპორტირებისა და შენახვის პირობები. კერძოდ, მალფუჭებადი პროდუქტები გარკვეულ ტემპერატურაზე უნდა ინახებოდეს. მომხმარებელმა პროდუქტის შეძენამდე ყურადღება უნდა მიაქციოს ეტიკეტზე აღნიშნულ ინფორმაციას: სურსათის დასახელებას, შემადგენლობას, გამოშვების თარიღს, შენახვის ვადას და შენახვის პირობებს, რა ტემპერატურაზეც უნდა ინახებოდეს. ვიზუალურად მომხმარებელმა ასევე ყურადღება უნდა მიაქციოს, აქვს თუ არა პროდუქტს სუნი და შეცვლილი ფერი. ყველა ასეთ შემთხვევაში მან უნდა დარეკოს გარემოს დაცვის დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 15 01 და ინსპექტირების ჩვენი ჯგუფები შესაბამის ზომებს მიიღებენ“, – განაცხადა გიორგი მიქაძემ.

მისივე თქმით, ასეთ დროს ობიექტის არაგეგმური შემოწმება ხდება.

გიორგი მიქაძემ იმის შესახებაც ისაუბრა მაღალი ტემპერატურის დროს თუ რომელი ხილი და ბოსტნეულია საფრთხისშემცველი.

„ზაფხულის პერიოდში ასევე ყველა ხილი და ბოსტნეულია საფრთხის შემცველი, რომელიც იწარმოება ისეთ პირობებში, სადაც ჰიგიენური პირობები არ არის დაცული. მაგალითად, ხილ–ბოსტნეულის შემთხვევაში მწარმოებლები, ბიზნეს–ოპერატორები იყენებენ პესტიციდებს და შესაძლოა, არ იყოს დაცული პესტიციდების გამოყენების პერიოდი. ასევე, არ იყოს დაცული სასუქების გამოყენება ნიტრატების კუთხით“, – განაცხადა მიქაძემ.