სოფიო ქაცარავა - ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ ჩვენს მიერ ინიცირებული რეზოლუცია - „10 წელი აგვისტოს ომის შემდეგ“ აბსოლუტური უმრავლესობით მიიღო

ეუთოში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელის სოფიო ქაცარავას მიერ ინიცირებული რეზოლუცია ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ აბსოლუტური უმრავლესობით მიიღო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს.

„მიუხედავად, ყველა ეტაპზე, რუსეთის მხრიდან დიდი წინააღმდეგობებისა, ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერით, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ აბსოლუტური უმრავლესობით, ჩვენს მიერ ინიცირებული რეზოლუცია - „10 წელი აგვისტოს ომის შემდეგ“, მიიღო. მადლობას ვუხდი ჩვენი რეზოლუციის თანაინიციატორებს: ამერიკის შეერთებულ შტატების, კანადის, გერმანიის, ნორვეგიის, საფრანგეთის, ესპანეთის, ლატვიის, ლიეტუვას და რუმინეთის დელეგაციებს, რომ ასეთი მნიშვნელოვანი დოკუმენტის მიღება შევძელით“, – განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელის ინიცირებული რეზოლუციის მიხედვით, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა რუსეთის ფედერაციას საქართველოს ტერიტორიებიდან სამხედრო ძალების გაყვანის და 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სრულად შესრულებისკენ მოუწოდებს.

ასამბლეა ასევე გმობს საქართველოს მოქალაქეების ტატუნაშვილი, ოთხოზორია და ბაშარულის მკვლელობებს და რუსეთის ფედერაციისგან კატეგორიულად მოითხოვს არ შეუშალოს ხელი საგამოძიებო პროცედურებს საერთაშორისო პარტნიორების ერთად და ხელი შეუწყოს სამართლის აღსრულებას.

რეზოლუციაში ასახულია ადამიანის უფლებების საერთაშორისო სადამკვირვებლო მექანიზმების დაშვების აუცილებლობა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საკუთარ საცხოვრებელ ადგილებზე ღირსეული და უსაფრთხო დაბრუნების საჭიროება.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს ორგანიზაციას გააძლიეროს ძალისხმევა სადამკვირვებლო მისიის სრულად აღდგენისთვის საქართველოს ტერიტორიაზე მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

რეზოლუციაში ასამბლეა მიესალმება საქართველოს მთავრობის ახალ ინიციატივას „ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ“, რაც კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისა და საოკუპაციო ხაზით დაშორიშირებული საზოგადოების დაახლოებისკენ არის მიმართული.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა