ხათუნა ლაგაზიძე - „ოცნების“ მხრიდან ზურაბიშვილზე არჩევანის შეჩერება დღემდე არნახული რისკია, რომელმაც „ნაციონალური“ ეპოქის მეორედ დადგომა შეიძლება დააჩქაროს

საშინაო პოლიტიკის აქტუალურ საკითხებზე „ინტერპრესნიუსი“ დამოუკიდებელ ექსპერტს, ხათუნა ლაგაზიძეს ესაუბრა.

- ქალბატონო ხათუნა, საპრეზიდენტო არჩევნების თარიღად 28 ოქტომბერი განისაზღვრა. უკვე დანამდვილებით ვიცით, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში საკმაოდ ბევრი კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას.

მმართველმა გუნდმა კი განაცხადა, რომ ისინი ამ არჩევნებში თავის კანდიდატს არ დააყენებენ, მაგრამ მოვლენები ისე ვითარდება, არაა გამორიცხული ამ საკითხში მათივე პოზიცია შეიცვალოს. ასევე ინტრიგად რჩება მიიღებს თუ არა მონაწილეობას ამ არჩევნებში მოქმედი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი.

ფაქტია, რომ ქვეყანაში პრაქტიკულად დაწყებულია საპრეზიდენტო არჩევნების კამპანია. ვიდრე სხვა აქტუალურ თემებს შევეხებოდეთ, საინტერესოა თქვენ როგორ შეაფასებდით საპრეზიდენტო არჩევნების წინ ქვეყანაში არსებულ ვითარებას? მხედველობაში მაქვს საზოგადოებაში არსებული პოლიტიკური განწყობები, პოლიტიკურ ძალებს შორის დამოკიდებულება და მათ შორის ძალთა სავარაუდო ბალანსი...

- როგორც - ტრაგიკომედიას: „ნაციონალების“ ხელისუფლებიდან წასვლის 6 წლის თავზე, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში შეიძლება მივიღოთ რეალობა, როცა მეორე ტურში ერთმანეთს დაუპირისპირდება „ნაცმოძრაობის“ თუ „ნაციონალებიდან“ გამოსული ორი კანდიდატი - გრიგოლ ვაშაძე და დავით ბაქრაძე.

სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურამ შეიძლება გააკეთოს ის, რომ 2012 წლის შედეგ პირველად, „ნაციონალების“ რეინკარნაციის ანუ ხელისუფლებაში მობრუნების შიშმაც კი ვერ გამოიყვანოს „ანტინაცი“ ამომრჩეველი საარჩევნო უბნებზე. ჩემთვისაც კი მოულოდნელი იყო ის ზღვარგადასული აგრესია, რაც სალომე ზურაბიშვილის მიმართ იღვრება სოციალურ ქსელებში.

„ნაციონალების“ ხელისუფლებიდან წასვლის 6 წლის თავზე, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში შეიძლება მივიღოთ რეალობა, როცა მეორე ტურში ერთმანეთს დაუპირისპირდება „ნაცმოძრაობის“ და „ნაციონალებიდან“ გამოსული ორი კანდიდატი - გრიგოლ ვაშაძე და დავით ბაქრაძე

თუმცა, მიუხედავად ამისა, ხელისუფლების პოზიციები არც მთლად უიმედოა. პირიქით, მას კარგად შეუძლია ისარგებლოს შექმნილი სიტუაციით და ან სხვა დამოუკიდებელ კანდიდატს დაუჭიროს მხარი, ლოზუნგით - ვისაც არ გინდათ „ნაციონალური“ მეორე ტური - ხმა მიეცით ამა თუ იმ კანდიდატს, ან ბოლო წუთს საკუთარი კანდიდატი შემოაგდოს და იმავე აუცილებლობით ახსნას - ორივე სცენარი გაცილებით უკეთესია, ვიდრე - დღეს არსებული სტატუს-ქვო.

არანაკლებ დამაფიქრებელია უშუალოდ „ოცნებაში“ არსებული ნაპრალები, რომლის ამოვსება ბიძინა ივანიშვილის დაბრუნებამაც ვერ შეძლო. მართალია, ახლა „ოცნებაში“ მიმდინარეობს საჩვენებელი სადამსჯელო ოპერაცია - თუ რა ემართებათ ურჩებს, მაგრამ „ოცნების“ წაფორხილების შემთხვევაში - ის იმაზე სწრაფად დაიშლება, ვიდრე თავის დროზე შევარდნაძის გარემოცვა: თუ მაშინ ამაზე წლების მანძილზე მეთოდურად მუშაობდნენ „ნაციონალები“, ახლა ყველაფერი მზად არის „ოცნების“ ბრინჯივით დასაშლელად.

მიზეზი გახლავთ ის, რომ გუნდი არ არის შეკრული საერთო იდეის და მიზნის გარშემო - ანუ „ქართულმა ოცნებამ“ მოსვლის დღიდან არ დასახა საერთო მიზანი, რისკენაც უნდა წავიდეს ქვეყანა.

ერთადერთი, რაც ამ წლების მანძილზე „ქართულ ოცნებას“ საერთო ჰქონდა, ეს იყო ხელისუფლების შენარჩუნება, მაგრამ ეს არ არის ის იდეა და მიზანი, რომელიც გუნდის ერთიანობას განაპირობებს, იმიტომ რომ მუდმივად იცვლება გარემო და სიტუაცია, რეიტინგები, საგარეო პარტნიორების მესიჯები და ა.შ.

ზურაბიშვილის კანდიდატურამ შეიძლება გააკეთოს ის, რომ 2012 წლის შედეგ პირველად, „ნაციონალების“ რეინკარნაციის ანუ ხელისუფლებაში მობრუნების შიშმაც კი ვერ გამოიყვანოს „ანტინაცი“ ამომრჩეველი საარჩევნო უბნებზე

ასეთ სიტუაციაში დიდია ალბათობა, გუნდის წევრებს გაუჩნდეთ ცდუნება, რომ სხვა პირობებში და სხვა პარტნიორებთან ერთადაც შეძლებენ ხელისუფლებაში ყოფნას.

პარტიას, ისევე როგორც ნებისმიერ თანამოაზრეთა გუნდს, სჭირდება გამაერთიანებელი იდეა: როდესაც გუნდს აქვს ამბიცია, რომ მარტო ხელისუფლებაში კი არ დარჩეს საკუთარი კეთილდღეობისთვის, არამედ წინსვლის გარკვეულ საფეხურზე აიყვანოს საკუთარი ქვეყანა და ისტორიაში დარჩეს, ეს ამბიცია გუნდს კრავს, თორემ ხელისუფლებაში ყოფნა ბევრი კონფიგურაციით არის შესაძლებელი.

რომ ყოფილიყო სხვა გამაერთიანებელი იდეა, გარდა ხელისუფლების შენარჩუნებისა, ეს ბევრად უფრო გაუიოლებდა ივანიშვილს ისეთი გუნდის შეკვრას, რომლის იმედადაც უფრო მშვიდად იქნებოდა პოლიტიკის მიღმა - მას ასეთი ბირთვი არ აღმოაჩნდა.

- ვინაიდან ნებისმიერი არჩევნები ამა თუ იმ პოლიტიკური ძალებისა და ფიგურების მიმართ საზოგადოების დამოკიდებულების გარკვევის საუკეთესო საშუალებაა, ალბათ მართებულიც იქნება თუ კითხვა ასე დაისმება - როგორ ფორმაში ხვდებიან საპრეზიდენტო არჩევნებს პოლიტიკური სუბიექტები?

მოდით, ჯერ საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციით დავიწყოთ. ფაქტია, რომ ამ არჩევნებზეც შენარჩუნდა წინა საარჩევნო ციკლებისათვის მახასიათებელი ტენდენცია - ოპოზიციამ ვერც ამჯერად მოახერხა დიდი გაერთიანება და ერთიანი კანდიდატის წარდგენა...

- დღევანდელი წინასაარჩევნო სიტუაციაც, როგორც იტყვიან, კვლავ ძველი ოპერიდანაა: - ხელისუფლება კი არაა ძლიერი, არამედ - ოპოზიციაა სუსტი.

დღევანდელი წინასაარჩევნო სიტუაციაც, კვლავ ძველი ოპერიდანაა: ხელისუფლება კი არაა ძლიერი, არამედ - ოპოზიციაა სუსტი

როგორც ხელისუფლება, ასევე ოპოზიცია ერთ მონუსხულ წრეზე ტრიალებს და არ სურს დაინახოს რადიკალური განახლების აუცილებლობა. არადა, ბოლო სოციოლოგიური კვლევების მონაცემები, ფაქტობრივად, ყველა მათგანის განაჩენია - საზოგადოება მათ საჭიროებას ვეღარ ხედავს.

- გვინდა თუ არ გვინდა, ასეთი სურათი იკვეთება - ამ არჩევნებზე ერთმანეთის კონკურენტები პროდასავლურად და პრორუსულად მიჩნეული ძალები და მათი კანდიდატები იქნებიან.

წარმოუდგენელია პოლიტიკურ ძალებსა და მათ ლიდერებს არ ესმოდეთ, რომ პროდასავლურ და პრორუსულ ძალებად მიჩნეული კანდიდატები არჩევნებზე ხმებს ერთმანეთს წაართმევენ, მაგრამ მიუხედავად ამისა, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეთა სია არა თუ არ მცირდება, იზრდება.

გასაგებია, რომ ამ არჩევნებში ყველა ძალას თავისი მიზნები აქვს, მაგრამ თქვენი დაკვირვებით, სავარაუდოდ, რა მიზნები შეიძლება ჰქონდეთ არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ ძალებს, რომლებსაც გამარჯვების შანსები შესაძლოა არ ჰქონდეთ, მაგრამ საკმაოდ ხმამაღლა კი ხმაურობენ? ანუ, სავარაუდოდ, რა იქნება ამ არჩევნების მთავარი ინტრიგა?

- პოლიტიკური ძალების ამოცანა დღეს ორია: უფასო ხმაური საპარლამენტო არჩევნების წინ და 2020-ის ბრძოლის ფავორიტის ან ფავორიტების გამოკვეთა. რატომ ვერ შეჯერდნენ ოპოზიციონერები ერთ ან რამდენიმე ანგარიშგასაწევ კანდიდატზე?!

არ არსებობს ისეთი ოპოზიციური კანდიდატი, რომელიც თავისი წონით სხვების ამბიციებს ჩააცხრობდა და ოპოზიციას გარანტირებული გამარჯვების შანსებს გაუჩენდა

იმიტომ რომ, და ეს კვლევამაც აჩვენა, - არ არსებობს ისეთი კანდიდატი, რომელიც თავისი წონით სხვების ამბიციებს ჩააცხრობდა და ოპოზიციას გარანტირებული გამარჯვების შანსებს გაუჩენდა.

- დამოუკიდებელი ანალიტიკოსის ზაალ ანჯაფარიძის აზრით, „სატელევიზიო გამოსვლაში მმართველი გუნდის ლიდერმა ივანიშვილმა საკმაოდ მძიმე დიაგნოზი დაუსვა მის პარტიას... ეს კი იმის მომასწავებელია, რომ არცთუ შორეულ მომავალში შესაძლოა პარტიის სერიოზული დაფერთხვა-გადახალისება მოხდეს.“

შესაძლოა, უახლოეს მომავალში მმართველ გუნდში მართლაც ასე განვითარდეს პროცესები, მაგრამ ახლა დანამდვილებით ვიცით, რომ „ქართულ ოცნებას“ საპრეზიდენტო არჩევნებზე თავისი კანდიდატი არ ეყოლება.

ბევრი თვლის, რომ ამგვარი გადაწყეტილებით, „ქართული ოცნება“ თვითგანადგურების გზას დაადგა. ასეა? თქვენ როგორ შეაფასებდით მმართველი გუნდის გადაწყვეტილებას რომ მათ საპრეზიდენტო არჩევნებზე თავისი კანდიდატი არ ეყოლება? თქვენთვის რამდენად დამაჯერებლად გამოიყურება მტკიცება, რომ ივანიშვილს სურს ძალაუფლებაზე „ოცნების“ მონოპოლიის შემცირება“?

- დავაკვირდეთ ხელისუფლების ტაქტიკას ორ მაგალითზე: სალომე ზურაბიშვილისა და ხორავას ქუჩის ტრაგედიის საქმეზე შექმნილი საპარლამენტო კომისიის შემთხვევაში.

რატომ აირჩია ხელისფლებამ ზურაბიშვილი?! სალომე უსაფრთხოა იმ თვალსაზრისით, რომ როგორც პრეზიდენტი, თავისი ხასიათიდან გამომდინარე, ვერ შეკრავს ოპოზიციას

რატომ აირჩია ხელისუფლებამ ზურაბიშვილი?! სალომე უსაფრთხოა იმ თვალსაზრისით, რომ როგორც პრეზიდენტი, თავისი ხასიათიდან გამომდინარე, ვერ შეკრავს ოპოზიციას. ამას 2008 წლის ომის მისეული შეფასებაც მოწმობს, - გააკეთებს იმგვარ განცხადებებს, რასაც ვერ აკეთებს „ოცნება“ და მედიას ექნება კრიტიკის მეორე ობიექტიც „ოცნების“ პარალელურად ანუ კრიტიკის ეპიცენტრი გაიყოფა.

ხელისუფლების გათვლა ასეთია - ახლა კი ამბობენ სახელისუფლო კანდიდატიაო, მაგრამ მერე, როცა ხასიათს გამოვალენს, იტყვის - ხომ ყოფილა დამოუკიდებელიო და ა.შ. ამ კომბინაციით ხელისუფლება შეეცადა თავადაც მოგებული ყოფილიყო და ზურაბიშვილიც. თუმცა, არ არის გამორიცხული, ზურაბიშვილის ფიასკო ნაადრევად დადგეს.

მსგავსია საპარლამენტო კომისიის მაგალითიც - როცა ხორავას ქუჩის კომისია ოპოზიციას გადაულოცა, ორივემ მოიგო: „ოცნებამაც“ და „ევროპულმა საქართველომაც“ - ხელისუფლებამ კარგად მოირგო დემოკრატის იმიჯი, ხოლო - „ნაციონალებიდან“ გამოსულ „ევროპელებს“ რეპუტაციის ნაწილობრივი რეაბილიტაციის საშუალება მიეცა.

ლოგიკურად, ბიძინა ივანიშვილისთვის ნათელი უნდა იყოს სურათი, რომ „ოცნებამ“ დღევანდელი სახით თავი ამოწურა... ვითარების გამოსასწორებლად მას მისთვის დღემდე ფუნდამენტურ პრინციპზე - მორჩილების ნიშნით კადრების შერჩევაზე მოუწევს უარის თქმა

ასეთივე კომბინაციას უნდა ველოდოთ ხელისუფლებისგან 2020-ისთვისაც, რაც შეიძლება სამთავრობო კოალიციაში გადაითარგმნოს ანუ მარტივად რომ ვთქვათ, 2020-ში მივიღოთ „ოცნების“ კოალიციური უმრავლესობა, სადაც ყველა კმაყოფილი და ურთიერთდამოკიდებული იქნება.

ლოგიკურად, ბიძინა ივანიშვილისთვის ნათელი უნდა იყოს სურათი, რომ „ოცნებამ“ დღევანდელი სახით თავი ამოწურა. თუ მამუკა ბახტაძის მთავარ მესიჯს დავეყრდნობით რის გაკეთებასაც ის ხელისუფლებაში აპირებს: „განათლება, ტექნოლოგიები, ახალგაზრდობა“ - წესით ეს პოლიტიკაში სრულიად ახალი თაობისთვის გზის გახსნას უნდა ნიშნავდეს, ვინც უკვე იცის, გამოწვევებით სავსე გარემოში როგორ გახდეს წარმატებული სხვადასხვა სფეროში.

„ოცნებას“ რეპუტაციული გადარჩენის სხვა გზა არც აქვს, მაგრამ ამისთვის მან დღემდე მისთვის ფუნდამენტურ პრინციპზე - მორჩილების ნიშნით კადრების შერჩევა მოუწევს უარის თქმა. ვნახოთ, როგორ შეხვდება ახალი ხელისუფლება ამ გამოწვევას.

- იმის გათვალისწინებით, რომ კონსტიტუციის ახალი რედაქციით პრეზიდენტის უფლებამოსილება საკმაოდ შეკვეცილია, გაუგებარია იმ შემთხვევაშიც კი თუ მომავალი პრეზიდენტი „ქართული ოცნების“ მხარდაჭერის გარეშე გახდა, როგორ შეიკვეცება ძალაუფლებაზე „ოცნების“ მონოპოლია?

თუ პრემიერ მამუკა ბახტაძის განცხადებას გავიხსენებთ - „სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურის მხარდაჭერაზე საბოლოო გადაწყვეტილება არ მიგვიღია, ამიტომ, მე მის პოლიტიკურ განცხადებას ვერ შევაფასებ“, სულაც არაა გამორიცხული, რომ მას მმართველმა გუნდმა მხარი არ დაუჭიროს. კვლავ ინტრიგად რჩება ვის დაუჭერს მხარს საპრეზიდენტო არჩვნებზე ბატონი ივანიშვილი და მმართველი პარტია.

თქვენი აზრით, თუ ომის დაწყებასთან დაკავშირებით ზურაბიშვილის განცხადებების მიუხედავად „ქართულმა ოცნებამ“ მხარი სალომე ზურაბიშვილს დაუჭირა ეს რისი მანიშნებელი იქნება? ან ის, თუ მმართველმა გუნდმა ზურაბიშვილის მხარდაჭერაზე საბოლოოდ თქვა უარი?

- „ოცნების“ მხრიდან კვლავ სალომე ზურაბიშვილზე არჩევანის შეჩერება, განსაკუთრებით ბოლო განცხადებების ფონზე, დღემდე არნახული რისკია, რომელმაც „ნაციონალური“ ეპოქის მეორედ დადგომა შეიძლება დააჩქაროს.

თუმცა, უნდა ვივარაუდოთ, რომ „ოცნებაში" საბოლოოდ თვითგადარჩენის ინსტინქტი ამუშავდება, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ცოტა დრო აქვთ ახალი კანდიდატის მოსაძებნად.

- ფაქტია, იმის მიუხედავად, რომ კონსტიტუციის ახალი რედაქციით პრეზიდენტის უფლებამოსილება საკმაოდ შეკვეცილია, პრეზიდენტის პოსტი სულაც არ ჩანს მომხიბვლელი, პოლიტიკური სუბიექტები მასში მონაწილეობას და გამარჯვებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ.

თქვენი აზრით, რატომაა ოპოზიციური პარტიებისთვის ასე სასურველი პრეზიდენტის სავარძელი, რომლის ფუნქციებში საფუძვლიანად გარკვევის შემდეგ მხოლოდ ერთი კითხვა იბადება - რაში სჭირდება ქვეყანას პირდაპირი წესით არჩეული უუფლებო პრეზიდენტი?

- ეს “უუფლებო“ პრეზიდენტი, თუ ის რეალურად დამოუკიდებელი ან ოპოზიციური პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი იქნა, ყველაზე მაღალი ლეგიტიმაციის საჯარო ლიდერი იქნება, რომლის გარშემოც „ანტიოცნებურად“ განწყობილი საზოგადოება და პოლიტიკური სპექტრი გაერთიანდება ანუ ფაქტობრივად, საზოგადოებას აქვს შანსი ახლა აირჩიოს 2020-ისთვის „ანტიოცნებური“ კოალიციის პოტენციური ლიდერი.

ხოლო მისი ხელმძღვანელობით ხელისუფლების გადაბარება ევოლუციურად მოხდება თუ რევოლუციურად, უკვე პრეზიდენტის ვინაობაზეა დამოკიდებული. ჯერჯერობით ეს თეორიაა, თუმცა რეალობად ქცევის პერსპექტივით.

- როგორადაც არ უნდა წარიმართოს არჩევნები და ვინც არ უნდა მიიღოს მასში მონაწილეობა უკვე ცხადია, რომ პრეზიდენტის გამოსავლენად მეორე ტურის ჩატარება გარდაუვალი იქნება.

თქვენი დაკვირვებით, რომელ საპრეზიდენტო კანდიდატებს აქვთ მეორე ტურში მოხვედრის დიდი შანსი?

- თუ „ოცნებამ“ სასწრაფოდ არ შეცვალა ტაქტიკა, მეორე ტურმა შესაძლოა სახელისუფლო კანდიდატის გარეშე ჩაიაროს. ასეთ შემთხვევაში, მეორე ტურში გასვლის სერიოზული შანსი აქვს გრიგოლ ვაშაძეს და დავით ბაქრაძეს ანუ „ნაციონალური“ აწმყოს და წარსულის კანდიდატებს.

“უუფლებო“ პრეზიდენტი, თუ ის რეალურად დამოუკიდებელი ან ოპოზიციური პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი იქნა, ყველაზე მაღალი ლეგიტიმაციის საჯარო ლიდერი იქნება, რომლის გარშემოც „ანტიოცნებურად“ განწყობილი საზოგადოება და პოლიტიკური სპექტრი გაერთიანდება - ანუ ფაქტობრივად საზოგადოებას აქვს შანსი ახლა აირჩიოს 2020-ისთვის „ანტიოცნებური“ კოალიციის პოტენციური ლიდერი

ასევე, პერსპექტიული იქნებოდა უსუფაშვილისა და ელისაშვილის ტანდემი, რაც ელექტორალურად მომგებიანი კომბინაციაა, მით უფრო თუ ხელისუფლება დაინახავდა, რომ მას სხვა არჩევანი არა აქვს.

ასეთ შემთხვევაში, მეორე ტურში ყველა არა „ნაცმოძრაობიდან“ გამოსული ოპოზიციური პარტია გაერთიანდება არანაციონალი კანდიდატის გარშემო, რაც მისი წარმატების საფუძველი გახდება.

ნებისმიერ კონფიგურაციაში - 2018-ში „არაოცნების“ კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში, 2020-ში ჩვენ მივიღებთ იმას, რასაც დასავლეთი ითხოვს საქართველოსგან - მრავალპარტიულ პარლამენტს და კოალიციურ მთავრობას.

თუმცა, თუ არანაციონალი პრეზიდენტის პირობებში ეს ევოლუციურად მოხდება, „ნაციონალების“ ნებისმიერი ფრთიდან გამოსული კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში, დღის წესრიგში აუცილებლად დადგება სააკაშვილისთვის მოქალაქეობის აღდგენის და მისი შეწყალების საკითხი, მისი საქართველოში დაბრუნების ჩათვლით, რაც, რა თქმა უნდა, რევოლუციურ სცენარს არ გამორიცხავს,

მიუხედავად იმისა, რომ „ევროპულ საქართველოს“ შეიძლება დიდად არც სურდეს ხელისუფლების სააკაშვილისთვის გაყოფა. დანარჩენი პოლიტიკური სპექტრიც, ზოგი შიშით და ზოგი სხვა მიზეზით, ისევ „ნაციონალების“ გარშემო გადალაგდება და არ დარჩება რეიტინგული პოლიტიკური ძალა, რომელიც მას დაუპირისპირდება, როგორც ეს მოხდა 2003 წელს.

- საპრეზიდენტო არჩევნების თემას ისე ვერ დავასრულებთ, თუ ერთ საკითხს არ შევეხებით. რჩება შთაბეჭდილება, რომ ქალბატონები სალომე ზურაბიშვილი და ნინო ბურჯანაძე აგვისტოს ომის დაწყებაში ქართული მხარის დადანაშაულებაში ერთმანეთს ეჯიბრებიან.

ზოგი თვლის, რომ ისინი ამგვარ განცხადებებს იმიტომ აკეთებენ, რომ „პუტინთან დიალოგის დაწყების ბილეთის შეძენას ცდილობენ.“ ამის დაჯერება საკმაოდ ძნელია, ვინაიდან წარმოუდგენელია, პოლიტიკაში საკმაოდ ჩახედულმა ქალბატონებმა არ იცოდნენ, რომ ამგვარი განცხადებებით ისინი საქმეს უიოლებენ ოპონენტს, რომელიც აგვისტოს ომის შემდეგ ოფიციალური თბილისისაგან არსებული „რეალობის“ აღიარებას მოითხოვს.

მაშინ როცა თავად რუსები აღარ მალავენ თუ როგორ ამზადებდნენ აგვისტოს ომს, თქვენი დაკვირვებით, რას შეიძლება ნიშნავდეს პრეზიდენტობის კანდიდატების მხრიდან ქართული მხარის დადანაშაულების მცდელობები?

- რუსეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარეობს სრული მასშტაბით ჰიბრიდული ომი, რომლის ნაწილია რიტორიკა - ომი საქართველომ დაიწყო. რუსეთი შეეცდება საერთაშორისო სასამართლოზე ომის დაწყებაში დაადანაშაულოს საქართველო და მოწმედ ღმერთმა ნუ ქნას და საქართველოს მომავალ პრეზიდენტს მოიყვანენ.

რუსეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარეობს სრული მასშტაბით ჰიბრიდული ომი, რომლის ნაწილია რიტორიკა - ომი საქართველომ დაიწყო. რუსეთი შეეცდება საერთაშორისო სასამართლოზე ომის დაწყებაში დაადანაშაულოს საქართველო და მოწმედ ღმერთმა ნუ ქნას და საქართველოს მომავალ პრეზიდენტს მოიყვანენ

მე მგონი ყველასთვის გასაგებია, რა გამოწვევების წინაშე ვაყენებთ ასეთი განცხადებებით ქვეყანას.

- ახლა, როცა 2008 წლის აგვისტოს ომიდან 10 წლის შემდეგ რუსეთი საქართველოს კვლავ ომით ემუქრება, ცხინვალში კადიროვის სპეცრაზმელები არიან შეყვანილი, რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელები საქართველოს მიმართ საკმაოდ აგრესიულ განცხადებებს აკეთებენ, ფაქტია, რომ საქართველოს ხელისუფლებაცა და საზოგადოებაც გაცილებით მეტად უნდა იყვნენ ორიენტირებული სავარაუდო საფრთხეების თავიდან აცილებაზე.

ასეთ ვითარებაში ალბათ ყველაზე აქტუალური კითხვა თუ რა დასკვნები გამოიტანა ქვეყანამ აგვისტოს ომიდან? მეტიც, რამდენად გაუმჯობესებულია ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა, შენაერთებს შორის კავშირის საშუალებები, ასევე დაზვერვის საშუალებები, შეიარაღება, რა მდგომარეობა გვაქვს რეზერვში და ასე შემდეგ...

- არ გვყავს ქვეყნის უსაფრთხოების სტრატეგიის განმსაზღვრელი ორგანო - უშიშროების საბჭოს სახით, ისევე როგორც ქვეყნის უსაფრთხოების სისტემის მაკოორდინირებელი რგოლი. აქედან გამომდინარე, სრულიად გაუგებარია სახელმწიფოს უსაფრთხოების არქიტექტურა.

შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ არ გვაქვს, რადგან კარგა ხნის ვადაგასულია, ქვეყნის უსაფრთხოების, თავდაცვის, საგარეო თუ საშინაო პოლიტიკისთვის ფუძემდებლური დოკუმენტები: ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია და სტრატეგია.

იმედია, ამ გასაოცარ ვაკუუმს ამოავსებს მამუკა ბახტაძის მიერ დაანონსებული უშიშროების საბჭოს აღდგენა, რომლის სტრუქტურასა და ფუნქციებზე მომუშავე ჯგუფის შექმნა, უკვე უნდა მიმდინარეობდეს მთავრობის ადმინისტრაციაში.

არანაკლებ დამაფიქრებელი მდგომარეობაა თავდაცვაშიც: თავდაცვის მინისტრების ხშირ ცვლას შედეგად მოსდევს, როგორც წესი, შეიარაღებული ძალებიდან წლების მანძილზე გაწვრთნილი და განათლებამიღებული ოფიცრების გაშვება, რომელთა ჩანაცვლება კვალიფიციური კადრებით ურთულესი საქმეა, რადგან პროფესიონალი ოფიცრის აღზრდას წლები სჭირდება.

ეს არასტაბილურობის განცდა ჯარში ანგრევს ყოველგვარ მოტივაციას. სამწუხაროდ, ქართული ჯარი ექსპერიმენტების ობიექტად იქცა, რაც უდავოდ ასუსტებს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას. თავდაცვის მინისტრების ცვლილებასთან ერთად იცვლება მიდგომები: პროფესიონალური ჯარი გვინდა თუ სავალდებულო, როგორი და რა სახის რეზერვი გვჭირდება და ა.შ. ერთის დაწყებულს ახალმისული რამდენიმე თვეში წერტილს უსვამს და გამოდის, რომ ისიც არ ვიცით, როგორ შეიარაღებულ ძალებს ვაშენებთ.

საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სისტემის თანამედროვე გამოწვევებთან მორგება დღევანდელი ხელისუფლების პირველი რიგის ამოცანაა და ვინც ამ პრობლემებთან გამკლავებას ისურვებს და შეძლებს, ის ბოლო წლების ყველაზე წარმატებული პოლიტიკოსი იქნება

არანაირი ყურადღება აღარ ექცევა პატრიოტულ აღზრდას, თითქოს შეგნებულად ნადგურდება ქვეყნის მსახურების იდეა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მონაცემებით, 2017 წლის საშემოდგომო გაწვევიდან დღემდე მთელი ქვეყნის მასშტაბით, რამდენიმე ათასი ადამიანი გაიწვიეს, საიდანაც 5914-მა დაიწყო სამხედრო სავალდებულო სამსახური, 4406-მა კი გადასავადებლად - „გირჩის“ მიერ გაცემული, ბიბლიური თავისუფლების მღვდელმსახურის ცნობა გამოიყენა, რადგან საქართველოს კანონმდებლობით, სასულიერო პირები სამხედრო-სავალდებულო სამსახურისგან თავისუფლდებიან.

დაზვერვაში თითქოს დაიწყო ცვლილებები, მაგრამ ვნახოთ, რა შედეგი მოჰყვება.

ასე რომ, საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სისტემის თანამედროვე გამოწვევებთან მორგება დღევანდელი ხელისუფლების პირველი რიგის ამოცანაა და ვინც ამ პრობლემებთან გამკლავებას ისურვებს და შეძლებს, ის ბოლო წლების ყველაზე წარმატებული პოლიტიკოსი იქნება.

კობა ბენდელიანი

„ინტერპრესნიუსი“