დავით ზალკალიანი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს, ტოივო კლაარს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული რთული ვითარება განიხილეს. მათივე ინფორმაციით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებისა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების, როგორც მოლაპარაკებების მნიშვნელოვანი ფორმატების, ეფექტიანად გამოყენების აუცილებლობას.

საგარეო საქმეთა მინისტრმა შეშფოთება გამოხატა რუსეთისა და საოკუპაციო რეჟიმების დესტრუქციული ნაბიჯების გამო, რომლებიც ზიანს აყენებს როგორც ინციდენტების პრევენციისა მათზე რეაგირების მექანიზმებს, ასევე მთლიანად სამშვიდობო მოლაპარაკებების ფორმატს ჟენევაში. ამ კონტექსტში მხარეებმა ხაზი გაუსვეს მონაწილეთა კონსტრუქციული ჩართულობისა და მოლაპარაკებების ფუძემდებლური პრინციპების დაცვის აუცილებლობას.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის სიცოცხლის ხელყოფის საქმეებზე მართლმსაჯულების აღსრულების აუცილებლობაზე.

დავით ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა ტოივო კლაარს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესსა და ომით გაყოფილი მოსახლეობის შერიგების საქმეში ევროკავშირის აქტიური ჩართულობისთვის. თავის მხრივ, ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და სამშვიდობო პოლიტიკის მხარდაჭერა.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს