ბათუმი სოფლის ტურიზმის ფესტივალს „განდაგანა“ უმასპინძლებს

ბათუმი, 5-6 ოქტომბერს, სოფლის ტურიზმის ფესტივალს „განდაგანა“ უმასპინძლებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტიდან აცნობეს, ორი დღით, აჭარული სოფლები თავისი ტრადიციებითა და დამახასიათებელი თავისებურებებით ევროპის მოედანზე იქნება წარმოდგენილი, რაც სტუმრებს საშუალებას მისცემს აჭარულ სოფლებში ქალაქიდან გაუსვლელად იმოგზაურონ.

ფესტივალი სტუმრებს სთავაზობს: სოფლის პროდუქტების გამოფენა-გაყიდვას, მხიარულ შეჯიბრებებს, მასტერკლასებსა და ფოლკლორ შოუს და ა.შ. ორი დღის განმავლობაში, მთიანი აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტი მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი პროდუქტებით, ხილით, ტკბილეულით, ხელნაკეთი ნივთებითა და ტრადიციებით ბათუმში იქნება წარმოდგენილი.

„სოფლის ტურიზმის ფესტივალ „განდაგანას“ მიზანი მთიანი აჭარის პოპულარიზაცია და წარმოჩენაა. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება თემატური კუთხეები - ღვინის, რძის პროდუქტების, ხილის, ბოსტნეულის, ტკბილეულისა და ხელნაკეთი ნივთების.

სტუმრებს საშუალება ექნებათ ჩაერთონ მხიარულ შეჯიბრებებსა და მასტერკლასებში: „განდგანას“ ცეკვისა და კულინარიული მასტერკლასი, ჩურჩხელის ამოვლება, ჭაჭის გამოხდა, სოფლის ბოულინგი გოგრებით, შეშის დაჩეხვა, სინორისა და ბორანოს მომზადება. საინტერესოა ფესტივალის მუსიკალური პროგრამაც, რომელშიც ძირითადად, ადგილობრივი ფოლკლორული ბენდები ჩაერთვებიან. ფესტივალი წლიდან წლამდე უფრო და უფრო მეტი პოპულარობით სარგებლობს რეგიონის სტუმრებსა და ადგილობრივებში. ფესტივალი 2015 წლიდან, რეგიონში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით იმართება“, - ნათქვამია აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს