მაია ცქიტიშვილი - ჩვენთვის არ არსებობს დახურული ტენდერები და  დახურული ინფორმაცია

საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი ამ წუთებში სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებს ხვდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყებიდან აცნობეს, მინისტრი კომპანიების წარომადგენლებს მინისტრის პირველი მოადგილესთან, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარესთან ირაკლი ქარსელაძესთან ერთად ხვდება და მათ დაგეგმილ პროექტებზე გამოსაცხადებელ ტენდერებთან დაკავშირებით ინფორმაციას წინასწარ აწვდიან.

ცქიტიშვილმა აღნიშნა, რომ წინასწარ მიწოდებული ინფორმაცია საშუალებას აძლევს კომპანიებს უკეთ მოემზადონ და დაგეგმონ თავიანთი საქმიანობა.

,,ასეთი ფორმატის შეხვედრები არის უკვე პრაქტიკა, რომელიც სამინისტროში დავნერგეთ. ჩვენ წინასწარ ვაწვდით კომპანიებს ინფორმაციას იმ ტენდერების თაობაზე, რომლის გამოცხადებასაც ვგეგმავთ. ამჯერად, ეს შეხვედრა საგზაო დეპარტამენტის მიერ არის ინიცირებული, თუმცა, სამინისტროს სისტემაში შემავალი სხვა საქვეუწყებოებიც იგივე პრაქტიკას მისდევენ. წინასწარ მიწვდილი ინფორმაცია საშუალებას აძლევს კომპანიებს უკეთ მოემზადონ და დაგეგმონ თავიანთი საქმიანობა. ტენდერები გახდება უფრო კონკურენტუნარიანი და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ჩვენ უზრუნველვყოფთ თანაბარ წვდომას ყველა დაინტერესებული პირისთვის. ჩვენთვის არ არსებობს დახურული ტენდერები, დახურული ინფორმაცია, გვინდა რომ ეს პროცესი კიდევ უფრო გამჭვირვალე გავხადოთ და უზრუნველვყოთ უფრო აქტიური ჩართულობა ჩვენი კომპანიების მხრიდან“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მან ასევე გამოყო რამდენიმე მსხვილი პროექტი, რომლებზეც ტენდერი უნდა გამოცხადდეს.

,,ამ პაკეტში, რომელსაც ჩვენ კომპანიებს ვთავაზობთ არის, დაახლოებით, 186 მილიონი ლარის ღირებულების სამუშაოები, ეს საორიენტაციო თანხაა, რომელიც იმედი გვაქვს, რომ ტენდერის შედეგად დაიკლებს. გამოვყოფდი რამდენიმე საკმაოდ საინტერესო ტენდერს: ეს არის ბარისახო-შატილის დამაკავშირებელი 55 კმ-იანი გზა და საჩხერე-ონის დამაკავშირებელი გზის 2 ლოტი, რომლის საერთო სიგრძე 8.5 კმ-ია. ამ მიმართულებებით, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება უზრუნველყოფს ადგილობრივი მოსახლეობისა და ტურისტებისთვის კომფორტულ გადაადგილებას და რეგიონების განვითარებას. ასევე, რეაბილიტირდება ოკაცეს კანიონთან მისასვლელი- გორდი-ძეძილეთის დამაკავშირებელი გზა. რეაბილიტაცია ჩაუტარდება ისეთ მონაკვეთებსაც, სადაც აქამდე ასფალტის საფარი არასდროს ყოფილა“,-განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს