მომავალი კვირიდან თბილისში 20 ათასი დაავადებული ხის მოჭრა დაიწყება

დედაქალაქის მასშტაბით 20 ათასი დაავადებული ხის მოჭრა იგეგმება. როგორც ჟურნალისტებს თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსმა, გიგა გიგაშვილმა განუცხადა, 8 თვის განმავლობაში 120 ათასი ხეა შესწავლილი.

მისივე ინფორმაციით, სანიტარული ჭრები თბილისის მასშტაბით მომავალი კვირიდან დაიწყება.

„ვერ დავეთანხმები მოსაზრებას, რომ მძიმე მდგომარეობაშია ნარგავები თბილისის ტერიტორიაზე. მთავარი პრობლემა ჩვენ გვაქვს ფიჭვებთან მიმართებაში და ეს პრობლემა გუშინ და დღეს არ დაწყებულა, 1996-97 წლებიდან დაიწყო, ყველაზე დიდი განვითარება კი, 2000-იან წლებში ჰქონდა. ეს მხოლოდ თბილისის და საქართველოს პრობლემა არ არის, ევროპის განვითარებულ ქვეყნებშიც არსებობს. პირველადი აუცილებელი ღონისძიებები ჩავატარეთ, აღვწერეთ და მოვინიშნეთ დაავადებული ხეები და ეს დაახლოებით, 20 000 ძირია. მომავალი კვირიდან ვიწყებთ სანიტარულ ჭრებს, რათა გამოვათავისუფლოთ დაავადებული ხეებისგან ქალაქი და მოვახდინოთ დაავადების გავრცელების პრევენცია.

ლაბორატორიულმა კვლევებმაც დაადასტურა, რომ თბილისში არ არის პათოლოგიური დაავადება, ეს არის ჩვეულებრივი სოკოვანი დაავადება, რომელიც ნებისმიერ ხე-მცენარეს შეიძლება ჰქონდეს. პრევენციისთვის ორჯერ შევწამლეთ ხე-მცენარეები, რამაც პროცესი შეაჩერა. ასევე, ოქტომბრის დასაწყისში ველოდებით უცხოელ ექსპერტებს, რომლებიც ჩაატარებენ კვლევებს თუ რასთან გვაქვს საქმე, ასევე ჩატარდება ლაბორატორიული კვლევები ევროკავშირის აკრედიტირებულ ლაბორატორიებში, რომ დამატებით კიდევ განვსაზღვროთ ის ღონისძიებები, რომელიც აუცილებელი იქნება ამ მცენარეებთან. რაც შეეხება სხვა ღონისძიებებს, ეს არის ჩვეულებრივი, მიმდინარე პროცესი; მცენარეებს შესაძლოა გაუჩნდეთ მავნე დაავადებები ან მწერები, შესაბამისად, რეგულარულად ვატარებთ ფიტოსანიტარულ კვლევას. 8 თვის განმავლობაში შესწავლილია 120 ათასი ხე და გამოვლენილი დაავადებების შესაბამისად ორჯერ მოხდა მათი წამლობა. წლის ბოლომდე ამ ღონისძიებების მესამე ეტაპი განხორციელდება, ხოლო მომდევნო წლებში მასშტაბი კიდევ უფრო გაიზრდება“, - განაცხადა გიგაშვილმა.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა