კობა გვენეტაძე ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის გახსნის ოფიციალურ ცერემონიას დაესწრო

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის გახსნის ოფიციალურ ცერემონიას დაესწრო. საქართველო, როგორც საპატიო სტუმარი ქვეყანა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ წარადგინა.

ეროვნული ბანკის პრესსამსახურის ინფორმაციით, კობა გვენეტაძემ მონაწილეობა მიიღო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმარი ქვეყნის - საქართველოს პავილიონის გახსნაში. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ფედერიკა მოგერინის საჩუქრად გადასცა საკოლექციო ვერცხლის მონეტა, რომელიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სპეციალურად ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობისთვის გამოუშვა.

"ჩვენ გადავწყვიტეთ გამოვხმაურებოდით ქვეყნისთვის ამ მნიშვნელოვან მოვლენას და ქართული წიგნის თემაზე 5 ლარის ნომინალის საკოლექციო მონეტა გამოვუშვით. მოხარული ვარ, რომ მქონდა პატივი შევხვედროდი ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ფედერიკა მოგერინის და მისთვის გადამეცა ჩვენი საკოლექციო მონეტა, ასევე გამეცნო მონეტის დიზაინის შინაარსი. ვფიქრობ, საქართველოსთვის ძალზედ მნიშვნელოვანია იყოს წარმოდგენილი მსგავს პრესტიჟულ და მასშტაბურ ღონისძიებებზე და ფართოდ წარმოაჩინოს უძველესი და მდიდარი ქართული კულტურა", - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, მაღალი რანგის სტუმრებთან ერთად, დაათვალიერა საგამოფენო სივრცე და დაესწრო ქართველი პიანისტის ხატიაბუნიათიშვილის კონცერტს, რომელიც სპეციალურად საქართველოს პავილიონის სტუმრებისთვის გაიმართა. პავილიონის მთავარი კონცეფცია ეფუძნება 33 ქართულ სიმბოლოს - "ანბანით მოთხრობილ საქართველოს" და მიზნად ისახავს დამთვალიერებელმა მიიღოს მაქსიმალური ინფორმაცია, როგორც თანამედროვე საქართველოს, ასევე მისი კულტურული მემკვიდრეობის შესახებ.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, საქართველოს დელეგაციის წევრებთან ერთად, პრემიერ-მინისტრის სახელით გამართულ მიღებას დაესწრო.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს