ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით განზრახ მკვლელობის საქმის არსებითად განხილვა დაიწყო

თბილისის საქალაქო სასამართლოში, ნაფიც მსაჯულთა განსჯადი სისხლის სამართლის საქმის არსებითად განხილვა დაიწყო, ჯგუფურად ჩადენილი დ.ქ.-ს განზრახ მკვლელობის ფაქტზე, ბრალდებულების ლ.ყ.-სა და გ.ჭ.-ს მიმართ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის საქალაქო სასამართლოს პრესსამსახურიდან აცნობეს, ლ.ყ.-სა და გ.ჭ.-ს ბრალად ედებათ ჯგუფურად, განზრახ მკვლელობის ჩადენა, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

წარდგენილი ბრალდების თანახმად, მათვე ჩაიდინეს ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება. გ.ჭ.-ს ასევე ბრალად ედება ასაფეთქებელი მოწყობილობის, მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა და შენახვა და ცივი იარაღის ტარება განზრახ ნაკლებად მძიმე და მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი პირის მიერ.

„საქმე ეხება, 2018 წლის 4 თებერვალს, თბილისში, ჭოლა ლომთათიძის ქუჩაზე შურისძიების მოტივით დ. ქ.-ს განზრახ მკვლელობას. კერძოდ, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი ავტომატური და საფანტის ცეცხლსასროლი იარაღებისა და საბრძოლო მასალის გამოყენებით, ბრალდებულებმა განზრახ მოკვლის მიზნით, მოახდინეს დ.ქ.-ს მიმართულებით მრავალჯერადი გასროლები, რა დროსაც საფრთხე შეექმნა მისი თანმხლები პირის გ. ს. -ს სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, თუმცა მას არ მოხვდა ტყვიები, ხოლო დ. ქ. სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანებებით, შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. ბრალდებულები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომებზე გამოცხადებულ კანდიდატთაგან შეირჩა 12 ნაფიცი მსაჯული, რომლებიც მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე განახორციელებენ მართლმსაჯულებას. დღევანდელ სხდომაზე ძირითად მსაჯულებს შორის, წილისყრის საფუძველზე აირჩა უფროსი ნაფიცი მსაჯული, რომელიც თათბირის პროცედურას უხელმძღვანელებს და ნაფიც მსაჯულთა მიერ მიღებულ ვერდიქტს გამოაცხადებს. მსაჯულებმა, ასევე დადეს ფიცი, რომ პატიოსნად და მიუკერძოებლად აღასრულებენ ნაფიცი მსაჯულის უფლება-მოვალეობას. ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს წინაშე შესავალი სიტყვები წარადგინეს. დღესვე იგეგმება ბრალდების მხარის მოწმეთა დაკითხვა“, - ნათქვამია თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი