შსს-სა და ადვოკატთა ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით ასათიანმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, მემორანდუმის მიზანია ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში ეფექტიანი ღონისძიებების დაგეგმვა, დანაშაულის პრევენციის, ასევე, ოჯახში ძალადობის და არასრულწლოვანთა დანაშაულის მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით სხვადასხვა ერთობლივი აქტივობების ორგანიზება.

„მართლმსაჯულების სისტემის ხარისხის გაზრდა პროცესში მონაწილე ყველა მხარეს შორის თანაბარი, თანასწორი და კონკურენტული თანამშრომლობის გარეშე იქნება რთული. სწორედ ამიტომ, დღეს ჩვენ ხელი მოვაწერეთ ადვოკატთა ასოციაციასთან მემორანდუმს, რომელიც მოგვცემს საშუალებას უფრო ეფექტური გავხადოთ ჩვენი თანამშრომლობა. მოგეხსენებათ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ახორციელებს სისტემური განახლების რეფორმებს, როგორც სტრუქტურულს, ასევე შინაარსობრივს და საკანონმდებლოს. ჩვენი მიდგომების ერთ-ერთი ნაწილი გახლავთ, სწორედ მსგავსი ჯანსაღი ურთიერთობა ადვოკატთა კორპუსთან. ამიტომ გვესმის, რომ ჩვენი საზოგადოების განვითარებისთვის ეს იქნება კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.

დოკუმენტის თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტრო და ადვოკატთა ასოციაცია სამომავლოდ სამართლებრივი საკითხების განხილვა-გადაწყვეტის და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების მიზნით თანამშრომლობას გააღრმავებენ, ასევე, ითანამშრომლებენ სამინისტროს სისტემის მოსამსახურეებისა და ადვოკატთა ასოციაციის წევრებისათვის საგანმანათლებლო/სასწავლო ღონისძიებების ორგანიზების მიმართულებითაც.

შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი პირველად გაფორმდა. აღნიშნული შეთანხმება ხელს შეუწყობს ორ უწყებას შორის თანამშრომლობის გაძლიერებას, რაც, თავის მხრივ, ეფექტიანად აისახება მართლმსაჯულების სისტემის განვითარებასა და ადამიანის უფლებების დაცვის ხარისხზე.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს