გიორგი ქობულია - ჩვენი პრიორიტეტია ეკონომიკის რეალურ სექტორში ხარისხობრივი ინვესტიციების მოზიდვა

ლონდონის საფონდო ბირჟაზე დღეს კონფერენცია "საქართველო - ინვესტორთა დღე" გაიმართა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს.

სამინისტროს ინფორმაციით, კომპანია Galt&Taggart-ის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას 130 მსხვილი საინვესტიციო კომპანიის წარმომადგენელი ესწრება. კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე. ის ინვესტორებს საქართველოს საინვესტიციო გარემოზე, განხორციელებულ და დაგეგმილ რეფორმებზე ესაუბრა.

კონფერენციაზე შეკრებილ ინვესტორთა წინაშე საქართველოს ეკონომიკური ტენდენციებისა და საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ ვრცელი პრეზენტაცია გააკეთა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ. მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს ეკონომიკის მდგრადობაზე რეგიონის სხვა ქვეყნებში ეკონომიკური ვითარების გაუარესებით გამოწვეულ გავლენათა მიმართ.

გიორგი ქობულიას განცხადებით, საქართველოს მთავრობის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია ეკონომიკის რეალურ სექტორში ხარისხობრივი ინვესტიციების მოზიდვა, ინვესტიციების მაღალტექნოლოგიურ დარგებში განხორციელება და ცოდნისა და ტექნოლოგიების ტრანსფერი. მისი თქმით, მთავრობა გეგმავს ინვესტირებას საქართველოში განათლების სექტორში და ისეთი მოდელის ამოქმედებას, რომელიც მნიშვნელოვნად გაზრდის ადგილობრივი კადრების კონკურენტუნარიანობას არა მხოლოდ შიდა, ასევე რეგიონალურ შრომის ბაზრებზე.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ყურადღება გაამახვილა რამდენიმე პრიორიტეტულ მიმართულებაზე, სადაც ინვესტიციების მოცულობა ბოლო პერიოდში პერმანენტულად იზრდება. ამავე დროს, მან ყურადღება გაამახვილა სხვა სექტორებზეც, სადაც დიდია საინვესტიციო მიმზიდველობის ხარისხი. მათ შორის, გიორგი ქობულიამ დაასახელა ენერგეტიკა, გადამამუშავებელი წარმოება, ტექსტილი, ფინანსური სექტორი, ტრანსპორტი, ლოგისტიკა, საინფორმაციო ტექნოლოგიები, ტურიზმი, უძრავი ქონება, სასტუმროები და რესტორნები და სხვ.

გიორგი ქობულიამ ბრიტანელ ინვესტორებს გააცნო საქართველოს უახლესი პოზიციები საერთაშორისო რეიტინგებში, რომლებიც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოში ბიზნეს მეგობრული კანონმდებლობის არსებობას.

კონფერენციამდე გიორგი ქობულიამ, საქართველოს მთავრობის სხვა წევრებთან ერთად, მონაწილეობა მიიღო ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველოსადმი მიძღვნილ საზეიმო ცერემონიალში. ჟურნალისტებთან საუბრისას, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ლონდონის საფონდო ბირჟის ლისტინგში უფრო მეტი ქართული კომპანია იქნება წარმოდგენილი. „ეს იმას ნიშნავს, რომ ინვესტორები მსოფლიოდან ამ საფონდო ბირჟის გავლით შემოიტანენ თანხებს საქართველოში და განახორციელებენ ინვესტიციებს. პრაქტიკულად, ეს იქნება საქართველოსთვის უცხოურ ვალუტაში ინვესტიციების მოზიდვის ერთ-ერთი ძალიან ეფექტური საშუალება,“ - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი