რუსთავის მერმა და გუბერნატორმა იაღლუჯის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების ხარისხი არადამაკმაყოფილებლად შეაფასეს

ქვემო ქართლის გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი და რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, იაღლუჯის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნენ.

2018 წლის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, რუსთავში, ყაზბეგის, იაღლუჯის, ვაჟა-ფშაველას, გორის ქუჩებსა და ყაზბეგის ქუჩის ჩიხებში, გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ დღეს იაღლუჯის ქუჩაზე ბეტონის საფარის დაგების სამუშაოები დაიწყო.

რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ, სამუშაოს შესრულების ხარისხი არადამაკმაყოფილებლად მიიჩნია, შენიშვნები ჰქონდა ქვემო ქართლის გუბერნატორსაც.

,, კომპანიას გათვითცნობიერებული უნდა ჰქონდეს იმ პროექტის სირთულე, რომლის შესრულებაზეც ტენდერში შემოდის. თვითმმართველობა მაქსიმალურად ითვალისწინებს იმ სირთულეებს, რომელიც მათ ობიექტურად ექმნებათ, რადგან ეს მართლაც რთული უბანია, იცვლება მთელი შიდა კომუნიკაცია, მაგრამ ფაქტია, რომ ყველაზე მეტი შეტყობინება სხვადასხვა სახის დაზიანებებზე, სწორედ ამ უბნიდან შემოდის მერიის ცხელ ხაზზე. ეს იმის მანიშნებელია, რომ არ მუშაობენ კარგად. გარდა იმისა, რომ დისკომფორტი ექმნება მოსახლეობას, აქ საუბარია იმაზეც, რომ ამ კომპანიების დაუდევრობის გამო, პრობლემა იქმნება 2019 წლისთვისაც, რადგან თუ 2018 წლის თანხის სრულად ათვისება არ მოხდება, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება 2019 წელს, რუსთავის ინფრასტრუქტურისთვის უფრო მეტი თანხის მოთხოვნის საკითხი“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში რუსთავის მერმა.

რუსთავის მერიამ იაღლუჯის, ვაჟა-ფშაველასა და გორის ქუჩების რეაბილიტაცია მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე, აპრილში დაიწყო. პროექტის ფარგლებში, რეაბილიტაცია უტარდება იაღლუჯის, გორის, ვაჟა ფშაველას ქუჩებს, ყაზბეგის ქუჩის I, II გასასვლელს, I და II ჩიხებს, ვაჟა ფშაველას ჩიხს, გორისა და ვაჟა ფშაველას ქუჩების დამაკავშირებელ გზას. ასფალტის საფარი იცვლება 20 438 კვ.მ ფართობზე, ეწყობა სანიაღვრე ქსელი საერთო სიგრძით 1821 მეტრი. სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „სამშენებლო კომპანია მაგისტრალი“ ახორციელებს. პროექტისთვის 1 407 000 ლარი ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოიყო.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს