ვანო მერაბიშვილის ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ მირზა სუბელიანმა მოწმეები აწამა და ისე მიაცემინა მერაბიშვილის წინააღმდეგ მამხილებელი ჩვენებები

შს ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის საქმეებზეც მირზა სუბელიანმა მოწმეები აწამა და ისე მიაცემინა მამხილებელი ჩვენებები. ამის შესახებ ვანო მერაბიშვილის ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

როგორც ჩივიაშვილმა აღნიშნა, მოწმეებზე ზემოქმედება შესაძლოა იმ საქმეებზე განხორციელდა, რომელზეც მერაბიშვილის მიმართ უკვე განაჩენია გამოტანილი.

„მირზა სუბელიანი ჩანაწერებში ამბობს, რომ „ნავთლუღის საქმეზე“ და ე.წ. „ციხის საქმეზე“ მიათრევდნენ მისი მეგობრები მასთან ერთად მოწმეებს, როგორ აწამებდნენ და როგორც იღებდნენ ინფორმაციებს. ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ ასეთი ტიპის მოწმეები არსებობდნენ მერაბიშვილის იმ საქმეებშიც, რომელზეც განაჩენია გამოტანილი“, - განაცხადა ჩივიაშვილმა.

ადვოკატმა ასევე მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის საქმეში, მირზა სუბელიანის როლზეც გაამახვილა ყურადღება.

„აქ მთავარია კონტექსტი - სად მუშაობდა მირზა სუბელიანი 2014 წლის 13 დეკემბერს, როდესაც ვანო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანა მოხდა, შეიძლება ითქვას მისი გატაცება, მიყვანა იმჟამინდელ მთავარ პროკურორთან, რომელიც სთხოვდა გარკვეულ ინფორმაციებს საქართველოს მესამე პრეზიდენტზე მიხეილ სააკაშვილზე, ჟვანიას საქმესთან დაკავშირებით რაღაც გაუგონარი ინფორმაციის მოსმენას ითხოვდნენ მისგან და მათ მიიღეს ამ ყველაფერზე უარი, რის შემდეგაც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა ევროკონვენციის მე-18 მუხლის დარღვევა ივანე მერაბიშვილის საქმეში. სწორედ ამ პერიოდში მირზა სუბელიანი მუშაობს სასჯელაღსრულების სამინისტროს გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე. ჩატარდა ამ საქმეზე შიდა მოკვლევა, რომელსაც აწარმოებდა გენერალური ინსპექცია ანუ მირზა სუბელიანი. როდესაც ის ამ ჩანაწერში საუბრობს „ვანოს თემის დალაგებაზე“, პირდაპირ მიანიშნებს იმაზე, რომ ზუსტადაც მისი მეშვეობით ხდებოდა საქმის ფალსიფიცირება, გაყალბება, იმ ჩანაწერების გაქრობა, რომელიც უნდა ყოფილიყო რეალურად სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, თუ როგორ გაჰყავთ და შეჰყავთ მერაბიშვილი საკანში. ის ამ ჩანაწერებს იყენებს შანტაჟისთვის“, - განაცხადა გიორგი ჩივიაშვილმა.

იხილეთ ვიდეო: გიორგი ჩივიაშვილი მერაბიშვილის საქმეზე საუბრობს

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს