სალომე სამადაშვილი - არ ვფიქრობ, რომ პარლამენტში გიორგი გახარიას დაბარებით რაიმე პასუხებს მივიღებთ - გამოსავალი არის „ქართული ოცნების“ სახლში გაცილება

მე არ ვფიქრობ, რომ დღეს საკანონმდებლო ორგანოში შს მინისტრის გიორგი გახარიას დაბარებით რაიმე პასუხებს მივიღებთ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა გავრცელებული ფარული აუდიო-ჩანაწერების კომენტირებისას განაცხადა.

„როგორც ჩანს, მირზა სუბელიანი არის ხელისუფლების ბინძური, უკანონო დავალებების შემსრულებელი. სწორედ ამიტომ, მას ტყვეობაში ჰყავს აყვანილი სახელმწიფო უწყებები და მათზე ახორციელებს ზეწოლას არა მხოლოდ შანტაჟის გზით, არამედ სამხედრო შეიარაღებული დაჯგუფებებით მუქარის გზით. ეს იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო არის ჩამოშლილი. მე არ ვფიქრობ, რომ დღეს თუნდაც გახარიას დაბარებით საკანონმდებლო ორგანოში რაიმე პასუხებს მივიღებთ. ერთადერთი გამოსავალი არის „ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების სახლში, მშვიდობიანად გაცილება“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

რაც შეეხება საგამოძიებო კომისიას, აღნიშნულ საქმეზე სამადაშვილი საგამოძიებო კომისიის შექმნის საფუძველს ვერ ხედავს.

„რუსთავი 2“-მა, სავარაუდოდ, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული მირზა სუბელიანის ფარული აუდიო ჩანაწერი ორი დღის წინ გაავრცელა.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, ჩანაწერი გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია გაკეთებული და მასთან ერთად „ქართული ოცნების“ დეპუტატი მესტიიდან, ვიქტორ ჯაფარიძე და ლტოლვილთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი, გენერალური ინსპექციის ყოფილი თანამშრომელი დათო ცუხიშვილი იმყოფება.

ჩანაწერების მიხედვით, სავარაუდოდ, მირზა სუბელიანი საუბრობს, რომ ის საკუთარი ნებით ჩაჯდა ციხეში და გაურიგდა ხელისუფლებას, მაგრამ სუბელიანი უკმაყოფილებას გამოთქვამს მმართველი გუნდის დამოკიდებულებით და ამბობს, რომ ხელისუფლება ჯეროვნად ვერ აფასებს მის ერთგულებას.

ფარულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმეზე პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებისა და შენახვის, იძულების, პატიმრობაში მყოფი პირის კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის, ჩანაწერის უკანონოდ შენახვისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის და სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტებზე, სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით, 1571-ე მუხლის პირველი ნაწილით, 158-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებითა და 333-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს