გიგი უგულავას ინფორმაციით, სამეგრელოში „ოცნების“ კოორდინატორებმა და აქტივისტებმა  პარტია დატოვეს და „ევროპულ საქართველოს“ შეუერთდნენ

პარტია „ევროპული საქართველოს“ ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ დამფუძნებლებმა, კოორდინატორებმა, ზონის უფროსებმა და აქტივისტებმა პარტია სამეგრელოს რეგიონშიც დატოვეს და „ევროპულ საქართველოს“ შეუერთდნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ევროპული საქართველოდან“ აცნობეს, გურიისა და ქვემო ქართლის მსგავსად, „ოცნების“ უკვე ყოფილი წარმომადგენლები ამ შემთხვევაშიც აცხადებენ, რომ საპრეზიდენტო კანდიდატად სალომე ზურაბიშვილის წამოყენება მათთვის წითელი ხაზია და არჩევნებზე ზურაბიშვილის სასარგებლოდ მუშაობას არ აპირებენ.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი არის ის „ნელი მოქმედი ნაღმი“, რომელსაც „ქართული ოცნება“ ქართულ სახელმწიფოებრიობას ფუნდამენტში უდებს.

„სალომე ზურაბიშვილი არის ის „ნელი მოქმედი ნაღმი“, რომელსაც „ქართული ოცნება“ ქართულ სახელმწიფოებრიობას ფუნდამენტში უდებს და მომავალში რაც არ უნდა კარგი მოხდეს, თუ სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტი გახდება ჩვენ ქვეყანას ფუნდამენტი ექნება მორღვეული და შენება ფუნდამენტის გარეშე არ არსებობს. ამიტომ მე კიდევ ერთხელ მინდა „ქართული ოცნების“ ყველა მხარდამჭერს ვუთხრა, ნუ გადადგამენ ამ ნაბიჯს. მე ვიცი და ჩვენ ყოველდღიურად ვიღებთ ინფორმაციას, რომ სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერის გამო ძალიან დიდი წინააღმდეგობაა თვითონ შტაბებში. ძალიან კარგია, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი დეპუტატი მდინარაძე გამოგვეხმაურა ჩვენ, მაგრამ სამარცხვინო იყო ის, რომ ვადების და დროების დათვლა დაიწყო, ან იყო და ადრე წავიდაო. განსაკუთრებით მამუკა მდინარაძეს მინდა მივმართო, მაშინ ის საერთოდ არსად არ იყო და ზუსტად ასეთი ადამიანები, არიან, რომლებიც გაშლილ სუფრაზე შეუერთდნენ „ქართულ ოცნებას“ და მათი გადაწყვეტილება სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერის არის სწორედ მთავარი მოტივი”,- განაცხადა გიგი უგულავამ.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს