"საერთაშორისო გამჭვირვალობის" ბერლინის სამდივნო - საქართველოში სახელმწიფოს მიტაცებისა და სამოქალაქო საზოგადოებაზე ზეწოლის მზარდი ნიშნები შეშფოთებას იწვევს

საქართველოში სახელმწიფოს მიტაცებისა და სამოქალაქო საზოგადოებაზე ზეწოლის მზარდი ნიშნები შეშფოთებას იწვევს, - ამის შეასხებ "საერთაშორისო გამჭვირვალობის" ბერლინის სამდივნოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ორგანიზაციიდან აცნობეს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ შეშფოთებულია ბოლო პერიოდში საქართველოში სახელმწიფოს მიტაცების მზარდი ნიშნებისა და ხელისუფლების წამყვანი პირების მხრიდან სამოქალაქო სექტორზე სიტყვიერი თავდასხმების გამო.

2018 წლის 3 ოქტომბერს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ განაცხადა, რომ მედიის მიერ გავრცელებული აუდიო ჩანაწერები მიუთითებდა საქართველოში თამბაქოს ბაზრის კონტროლის მიზნით შექმნილი სქემის არსებობაზე, რომლის საშუალებითაც სარგებელი უნდა მიეღოთ მაღალი თანამდებობის პირებს, მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ და მოსამართლეებს.

„მას შემდეგ, რაც ჩანაწერები გავრცელდა და წამყვანმა სამოქალაქო ორგანიზაციებმა მოუწოდეს საქართველოს მთავრობას, დაეწყო გამოძიება აღნიშნულ ბრალდებებთან დაკავშირებით, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, სავარაუდოდ ყურადღების გადატანის მიზნით, სამოქალაქო ორგანიზაციების, მათ შორის „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ხელმძღვანელებს ფაშიზმის თანამონაწილეები უწოდა. ქართული სამოქალაქო ორგანიზაციების კოალიციამ მოგვიანებით მოუწოდა ირაკლი კობახიძეს, რომ თავი შეიკავოს უსაფუძვლო ბრალდებებისგან და უზრუნველყოს კორუფციასა და არაფორმალურ მმართველობასთან დაკავშირებული ბრალდებების სრულფასოვანი გამოძიება“, - აცხადებენ ორგანიზაციაში.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ დამოუკიდებელი და აპოლიტიკური ანტიკორუფციული ორგანიზაციაა, რომელიც 2000 წლიდან აკრედიტირებულია „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ გლობალური მოძრაობის მიერ.

„მრავალი წლის განმავლობაში, საქართველო წამყვანი ქვეყანა იყო რეგიონში ანტიკორუფციული საქმიანობისა და კარგი მმართველობის ხელშეწყობის თვალსაზრისით. მან ასევე უმასპინძლა „ღია მმართველობის პარტნიორობის“ სამიტს მიმდინარე წლის ზაფხულში”, - განაცხადა „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ თავმჯდომარემ დელია ფერეირა რუბიომ.

მისივე თქმით, “განსაკუთრებით შემაშფოთებელია ბოლოდროინდელი უკუსვლა დემოკრატიული მმართველობის კუთხით“.

„ძალზე დასანანი იქნება, თუ საქართველოს მიერ კანონის უზენაესობის მხრივ მიღწეულ პროგრესს კლეპტოკრატიისა და კორუფციის დაუსჯელობისკენ სვლა ჩაანაცვლებს“, - აცხადებს დელია ფერეირა რუბიო.

ცნობისთვის, 2017 წლის „კორუფციის აღქმის ინდექსში“ ქვეყნის შედეგის ანალიზისას „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ უკვე აღნიშნა საქართველოში ანტი-კორუფციული კანონებისა და რეგულაციების აღსრულების, ასევე გავლენიანი პოლიტიკოსების კორუფციაში შესაძლო მონაწილეობის შემთხვევების გამოძიების მხრივ არსებული ნაკლოვანებები.

ისევე, როგორც მისი ეროვნული ორგანიზაცია, „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ ფიქრობს, რომ 28 ოქტომბრის არჩევნების წინა პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მთავრობამ თავი შეიკავოს უსაფუძვლო ბრალდებებისგან, რომლებმაც შეიძლება შეაფერხონ სამოქალაქო სექტორის სამუშაო პროცესი არჩევნებზე დაკვირვებისას. ორგანიზაციის განცხადებით, მთავრობამ ასევე უნდა უზრუნველყოს მაღალი დონის კორუფციის იმ შესაძლო შემთხვევების სრულფასოვანი გამოძიება, რომლებზეც გავრცელებული აუდიო ჩანაწერები მიუთითებენ.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ევროკავშირის Artificial Intelligence Skills Alliance-ის ARISA-ს წევრი გახდა
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო