პრეზიდენტობის კანდიდატების მიერ კანდიდატურის მოხსნის ვადა ამოიწურა, სულ დარეგისტრირებულია 25 საპრეზიდენტო კანდიდატი

საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატების მიერ კანდიდატურის მოხსნის ვადა დღეს, 18:00 საათზე ამოიწურა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიიდან აცნობეს, ცესკომ 25 საპრეზიდენტო კანდიდატი დაარეგისტრირა, მათგან 19 წარდგენილია პოლიტიკური პარტიის, ხოლო 6 - საინიციატივო ჯგუფის მიერ. კანდიდატურის მოხსნის კანონით დადგენილი ვადის ამოწურვამდე, არც ერთი საპრეზიდენტო კანდიდატის განცხადება ცესკოში არ შესულა. შესაბამისად, საარჩევნო ბიულეტენში შეყვანილი იქნება ყველა, 25-ვე რეგისტრირებული კანდიდატი.

ამასთან, დღეს ცესკოში გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე, ზემოაღნიშნულთან ერთად კომისიის პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ მედიას მიაწოდა ინფორმაცია ამომრჩეველთა ერთიანი სიის შესახებ. როგორც მიქელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ამოიწურა ამომრჩეველთა სიებში ცვლილებების შეტანის ვადაც. კანონმდებლობის თანახმად, არჩევნების დღემდე ბოლო 12 დღის განმავლობაში აკრძალულია ამომრჩეველთა სიებში ცვლილებების შეტანა.

„ცესკოს მიერ შეთავაზებული ამომრჩეველთა სიის გადამოწმების ელექტრონული სერვისებით, 10 ოქტომბრის ჩათვლით ისარგებლა და სიები გადაამოწმა 900 000-ზე მეტმა ამომრჩეველმა, ხოლო სიებში მონაცემებთან დაკავშირებით საუბნო და საოლქო საარჩევნო კომისიებს წერილობით მიმართა 988 ამომრჩეველმა. ამომრჩეველთა სიის საბოლოო ვერსიის საფუძველზე, საუბნო საარჩევნო კომისიები ამომრჩევლებს დაურიგებენ ამომრჩევლის ბარათს მიმდინარე წლის 25 ოქტომბრის ჩათვლით“, - განაცხადა ანა მიქელაძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს