„თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელის ინფორმაციით, აკრძალულ ადგილებზე საარჩევნო პლაკატებისგან ქალაქის გასუფთავება საბურთალოს რაიონიდან დაიწყება

„თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელის, ლევან ჯღარკავას განცხადებით, აკრძალულ ადგილებზე საარჩევნო პლაკატებისგან ქალაქის გასუფთავება საბურთალოს რაიონიდან დაიწყება.

როგორც ჯღარკავამ ჟურნალისტებს დედაქალაქის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა, გაწმენდის სამუშაოები დღეს ღამიდან დაიწყება და 3-4 დღის განმავლობაში გაგრძელდება.

„პლაკატები დარჩება მხოლოდ იმ ადგილებზე, სადაც ეს ნებადართულია. სამუშაოს გეგმარება ახლა მიმდინარეობს და ღამიდან გაწმენდით სამუშაოებს დავიწყებთ სპეციალური ხსნარებით. სამუშაოები საბურთალოს რაიონიდან დაიწყება და მთელ თბილისში განხორციელდება“, - განაცხადა ჯღარკავამ.

ცნობისთვის, კახა კალაძემ „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელს დაავალა, აკრძალულ ადგილებში გაკრული „სულელური პლაკატები ჩამორეცხონ“.

„სამწუხაროდ, თბილისში არის ადგილები, სადაც საარჩევნო პლაკატები არის გაკრული ისტორიულ ძეგლებზე, მეტროს ჩასასვლელებზე და ბევრ ისეთ ადგილას, რაც უხერხულობას ქმნის. მესმის, რომ არჩევნებია, მაგრამ ქალაქი ხომ ყველას გვიყვარს?! გული შეგვტკივა მასზე და არ უნდა გამოვიდეთ მარტო ჩვენი ვიწროპარტიული ინტერესებიდან. ამიტომ მინდა „თბილსერვისის“ ხელმძღვანელს ლევან ჯღარკავას დავავალო, რომ დღესვე დაიწყოთ დასუფთავება და გარეცხვა ამ კონკრეტული ადგილების. არის გამოყოფილი ადგილები, სადაც მათ აქვთ უფლება განათავსონ პლაკატები და არა ისეთ ადგილებზე, რომელიც მნიშვნელოვანია ქალაქისთვის და ამახინჯებენ ამ სულელური პლაკატებით. დღესვე იმოქმედეთ“, - მიმართა კალაძემ ლევან ჯღარკავას.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს